Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისიდან გამოსავალი ღია ეკონომიკაშია


მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელშიც შეფასებულია საინვესტიციო ნაკადების მიმოქცევისათვის არსებული პირობები 87 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. შეფასებისას, ექსპერტები ძირითადად ეყრდნობიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და აღმასრულებელ გარემოს. მთავარი აღმოჩენა, მათი თქმით, ის არის, რომ ქვეყნები, რომლებიც კრიზისის პირობებში მაქსიმალურად გაუხსნიან კარს უცხოურ ინვესტიციებს, შედარებით ადვილად მოახერხებენ კრიზისიდან გამოსვლას.

გამოქვეყნებული ანგარიშის მთავარ გზავნილს მსოფლიო ბანკი გავრცელებულ პრესრელიზში გადმოსცემს. აი, რას ამბობს მსოფლიო ბანკის ფინანსური და კერძო სექტორის განვითარების პრეზიდენტი ჯანამიტრა დევანი:

უცხოური პირდაპირი ინვესტიცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. ამას შემოაქვს ახალი კაპიტალი, ბაზარს აჯერებს ახალი ტექნოლოგიებით და მართვის წესებით, ქმნის სამუშაო ადგილებს, სტიმულირებს კონკურენციას, ძირს სწევს ადგილობრივ ფასებს და მოსახლეობისთვის უფრო იოლად მისაწვდომს ხდის საქონელსა და სერვისს.

იმის შესაფასებლად, თუ რომელ ქვეყნებს აქვთ პოტენციალი ამ არგუმენტით ეკონომიკის წახალისებისა, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა სტატისტიკური შკალები შეადგინა, სადაც ქვეყნები ბიზნესის დაწყების სიიოლის მიხედვით განთავსდნენ. ანუ ითვლება მარტივად რამდენი დღეა საჭირო იმისთვის, რომ უცხოური კაპიტალი შევიდეს ქვეყანაში, ანუ რამდენი დღე სჭირდება ყველა სამართლებრივი პროცედურის გავლას. რუანდაში, საქართველოსა და კანადაში ეს ერთზე ნაკლებ კვირაშია შესაძლებელი. ეს სამი ქვეყანა პირველ სამ ადგილს ინაწილებს. საქართველო მეორეა, ოთხი დღით და ოთხი პროცედურით, რუანდის შემდეგ, სადაც ბიზნესის დაწყება ოთხ დღეში სამი პროცედურის გავლის შემდეგაა შესაძლებელი. მაგალითად, ანგოლაში იმავე პროცესის გავლას 263-მდე დღე და თორმეტი სხვადასხვა პროცედურის გავლა სჭირდება.

გარდა უცხოური ბიზნესის დაწყებისა, მსოფლიო ბანკის ამ ანგარიშში შესულია სამი სხვა მიმართულება, რომელიც მსოფლიოში კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევისათვის მსოფლიო ბანკის მიერ პრიორიტეტულად აღიქმება. ერთ-ერთია ინვესტირება სექტორებში - 11 სექტორში, როგორიცაა მედია, საბანკო სექტორი, ჯანდაცვა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა ან დაზღევა. რაპორტი ამ სექტორების მიხედვით ანაწილებს საკანონმდებლო შეზღუდვებს 0-დან 100 ქულამდე. 0 ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში, ამა თუ იმ სექტორში, უცხოურ კომპანიას არა აქვს საკუთრების უფლება. მაგალითად, ჩინეთში უცხოურ კომპანიას აქვს ნული შანსი მედია ბიზნესი აწარმოოს. ასი ქულა ნიშნავს, რომ ქვეყანაში უცხო კომპანიას აქვს უფლება, სრული 100 პროცენტით, იქონიოს საკუთრება და აწარმოოს ბიზნესი. საქართველოს გრაფაში ყველა შესწავლილი სექტორის გასწვრივ ას-ასი ქულა წერია.

თუმცა ბიზნესის გახსნის სიიოლე ან თუნდაც საკუთრების ქონის 100-პროცენტიანი უფლება ინვესტირების გრძელვადიანი პერსპექტივებისთვის გარანტია არაა, მიაჩნია კავკასიის ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს დავით ნარმანიას:

„ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით, წინ მივდიოდით ყოველთვის, მაგრამ მერე იყო პრობლემები ამ ბიზნესის წარმოების პროცესში. ეს პრობლემები ახლაც რჩება, პრინციპში.“

პრობლემები, რომლებზეც დავით ნარმანია საუბრობს, მსოფლიო ბანკის ანგარიშის მესამე ძირითად მიმართულებას წარმოადგენს და ეს მიმართულება კანონი და კომერციული დავების მდგომარეობაა. ამის დასადგენად სამი გრაფაა გამოყოფილი. ერთი თვლის კანონის სიძლიერეს, მეორე პროცედურების გავლის სიიოლეს და მესამე იურიდიული დახმარების მიღების საშუალებას. აქ საქართველოს მდგომარეობა საშუალოა. კანონი შედარებით ძლიერია - 85 პროცენტით, თუმცა რეალურად იურიდიული დახმარების მიღება მხოლოდ 53 პროცენტითაა შესაძლებელი. ინგლისში ეს მაჩვენებლები ას პროცენტსაა მიახლოებული. ამ მაჩვენებლებით საქართველოზე წინაა პერუც, ფილიპინებიც, ნიგერიაც და კორეაც. იურიდიული დახმარების აღმოჩენის კუთხით საქართველოს ყაზახეთიც უსწრებს. მოვუსმინოთ რევაზ საყევარიშვილს, რადიო თავისუფლების ეკონომიკურ მიმომხილველს:

„სახელმწიფოსთან დავას ბიზნესი ძალიან იშვიათად აწარმოებს. თავისთავად ამის მიზეზი სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობაა. პრობლემა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაა და, ზოგადად, პრეცედენტები იმისა, რომ ამ ფორმით შეიძლება საკუთარი სიმართლის დამტკიცება და მიზნის მიღწევა ქვეყანაში, არის ძალიან სუსტი.“

მეოთხე მთავარი მიმართულება მსოფლიო ბანკის რაპორტში არის ინდუსტრიულ მიწის მისაწვდომობა, რაც, მაგალითად, მოიცავს ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა საკუთრების უფლების სიძლიერე: რაც შენია, შენია საქართველოში, ანგარიშის მიხედვით, ასი პროცენტით. დაბალი მაჩვენებლები აქვთ ეგვიპტეს, ყაზახეთს, რომელიც, საკანონმდებლო დახმარების მიღების მხრივ, საქართველოზე წინაა, ასევე საუდის არაბეთს. თუმცა რაპორტი ასევე აღნიშნავს, რომ ის არ მოიცავს ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა კორუფცია ნებისმიერი დონის და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. რაპორტი ასევე არ საუბრობს ეკონომიკურ მოდელზე, რომელსაც პროტექციონიზმი ჰქვია, როცა ქვეყანა საკუთარი წარმოების დაცვის მიზნით უცხოურ ინვესტიციას ბარიერებს უქმნის, თუმცა, როგორც ვახსენეთ, მსოფლიო ბანკს მიაჩნია, რომ წარმატების გასაღები კრიზისულ პირობებში სწორედ გახსნილი საზღვრებია.
XS
SM
MD
LG