Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდებოდა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში


ალექსანდრა კალატოზიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვნული საქართველო”
ალექსანდრა კალატოზიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვნული საქართველო”
უპირატესად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში არჩევნების პროცესის მონიტორინგს ”საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს” მიერ მივლინებული 320 დამკვირვებელი ახორციელებდა. სახელმწიფო ენის ცუდი ცოდნის, ინტეგრაციის დაბალი დონისა და პოლიტიკური პარტიების ზერელე დამოკიდებულების გამო, ეთნიკური უმცირესობები არჩევნებში, როგორც წესი, პასიურად მონაწილეობენ, რის გამოც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არჩევნები ყოველთვის უხეში დარღვევების თანხლებით მიმდინარეობდა. რა შეიცვალა ამ მხრივ 30 მაისის არჩევნებზე?

„მრავალეროვან საქართველოში“ განაცხადეს, რომ დარღვევების გარეშე არც 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს ჩაუვლია. ძირითადად წვრილმანი ხარვეზების პარალელურად ადგილი ჰქონდა საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევებსაც. „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის კოორდინატორის ალექსანდრა კალატოზიშვილის თქმით, სოფელ ვაჩიანში, ახალქალაქის მე-40 საარჩევნო ოლქში, ერთ ამომრჩეველს 8 ბიულეტენი მისცეს, სოფელ გულიმაკის საარჩევნო უბანში კი ხმის მიცემა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, 11 საათისთვის დაიხურა სოფელ იხტილის საარჩევნო უბანი და შეწყდა ხმის მიცემის პროცედურა. ახალციხის რამდენიმე საარჩევნო უბანში დროის მოკლე მონაკვეთში წარმოუდგენლად ბევრმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ალექსანდრა კალატოზიშვილის თქმით, დარღვევები აღირიცხა ქვემო ქართლის მხარეშიც, სადაც სოფელ ყარაჯალაში ერთმა და იმავე ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა, ხოლო წალკის რაიონის სოფლებში - ნარდევანსა და ედიკილისში - ბიულეტენების რაოდენობა საჭიროზე ნაკლები აღმოჩნდა.

თუმცა, ორივე მხარის მასშტაბით, ყველაზე დიდ დარღვევას ადგილი ჰქონდა წალკის რაიონში, სადაც სოფელ ოზმში, 35-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთი ამომრჩევლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაზიანდა, ხოლო რამდენიმე უბანზე მაჟორიტარული არჩევნებისთვის საჭირო ბიულეტენები არ მიიტანეს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ცესკოს პრეს--სპიკერმა ჯული გიორგაძემაც გააკეთა:

„წალკაში მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდა არჩევნები. ტექნიკური ხარვეზის გამო მაჟორიტარული არჩევნებისთვის საჭირო ბიულეტენები არასწორად იქნა მიტანილი. შესაბამისად, ოქმიც წარდგენილი იქნება მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებზე.“

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წალკაში მაჟორიტარული წესით არჩევნები, სავარაუდოდ, ორ კვირაში ჩატარდება. ამასთან, საინტერესოა, რას ფიქრობენ ექსპერტები საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობაზე. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ხელმძღვანელი კობა ჩოფლიანი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არჩევნები ერთი და იმავე სქემით ტარდება.

„პოლიტიკური სპექტრი და ოპოზიცური გაერთიანებები დიდ ყურადღებას არ ან ვერ უთმობენ (მწირი რესურსების ან სხვა მიზეზების გამო) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საქმიანობის განვრცობას. ამის გამო ფიქსირდება მაღალი პროცენტი სახელისუფლებო პარტიისა და მისი წარმომადგენლის სასარგებლოდ“, უთხრა რადიო თავისუფლებას კობა ჩოფლიანმა.

საგულისხმოა ის, რომ ამგვარი ვითარების შესაცვლელად თითქმის არაფერი კეთდება. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ძალიან დაბალია ამ მხარეებში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმირებულობის დონე: არ აქტიურობს არც მედია და არც მესამე სექტორი. თავად ერთიან ქართულ საზოგადოებაში სუსტად ინტეგრირებულ ეთნიკურ უმცირესობებს კი უჩნდებათ შიში, რომელიც მათ, ზვიად ქორიძის თქმით, ყოველთვის ხელისუფლების მხარდაჭერას აიძულებს:

„თუკი სააკაშვილს ჰქონდა მძაფრი რეაქცია, როცა შევარდნაძის ხელისუფლება მარნეულში ამომრჩეველთა ხმების 102 პროცენტს იღებდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან პრაქტიკულად არაფერი გააკეთა და არაფერი შეცვალა. მართალია, 102 პროცენტს არ იღებს, მაგრამ ეს მოქალაქეები ისევ ისე განყენებულნი არიან საზოგადოებისგან.“

არადა, ამ მოქალაქეების - ანუ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრები მოქალაქეების - რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG