Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა უისტლერის ტრასაზე - გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ დანაშაული?


ორიოდე კვირის წინ საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზების დამდგენი კომისიის ანგარიში გამოაქვეყნა. ვრცელ, 20 გვერდიან, დასკვნაში ნათქვამია, რომ საფრთხეს, რომელმაც 21 წლის სპორტსმენის ტრაგიკული დაღუპვა გამოიწვია, წინასწარ ვერ გაითვალისწინებდნენ ვერც ტრასის დამპროექტებლები და ვერც უსაფრთხოების სპეციალისტები. ნოდარ ქუმარიტაშვილი 12 თებერვალს, ვანკუვერის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის ტრასაზე საკვალიფიკაციო დაშვების დროს დაიღუპა. სპორტის სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო ტრაგედიის თავიდან აცილება, ანგარიშის საშუალებით კი საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია და ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები პასუხისმგელობისაგან თავის დაღწევას ცდილობენ.

12 თებერვალსა და მომდევნო დღეებში ქართველი სპორტსმენის დაღუპვა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი ახალი ამბავი იყო. გამოითქვა ვარაუდი, რომ უბედური შემთხვევა სპორტსმენის შეცდომამ გამოიწვია, თუმცა იმავე დღეებში სპეციალისტებმა ეჭვი შეიტანეს ტრასის უსაფრთხოებასა და ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა კვალიფიკაციაშიც. საქართველოში გამომავალი ყოველდღიური გაზეთ „რეზონანსის“ სპორტის განყოფილების რედაქტორი აკაკი გვიმრაძე დარწმუნებულია, რომ ტრაგედია, ძირითადად, გარე ფაქტორებმა გამოიწვია.

„თვითონ საციგაო ტრასა არ პასუხობდა უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს. ასეთ ვითარებაში პირველ რიგში პასუხისმგებელი არის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც ვალდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღოს სპორტული ობიექტი, თუ ის აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას“, უთხრა აკაკი გვიმრაძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ანგარიშში, რომელიც საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა, არაფერია ნათქვამი ტრასის ხარვეზებსა და ორგანიზატორთა პასუხისმგებლობაზე. ანგარიშის ავტორები - საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი სვეინ რომსტადი და ფედერაციის ამერიკელი წევრი კლერ დელნეგრო - ხაზს უსვამენ სპორტსმენის მიერ დაშვებულ ტექნიკურ შეცდომას, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ტრასა პროექტით გათვალისწინებულზე უფრო სწრაფი იყო, ხოლო ის, რომ სპორტსმენმა ამის შესახებ იცოდა, უბედურ შემთხვევას ვერ გამორიცხავდა. ანგარიშს კრიტიკული სტატიით გამოეხმაურა საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ სპორტული მიმომხილველი ჯონ ლესტერი:

„შესაძლოა, ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია იმედოვნებდა, რომ ვერავინ შეამჩნევდა, მას რომ არ აუხსნია, რატომ იყო ტრასა საათში 18 კილომეტრით უფრო სწრაფი, ვიდრე მისი პროექტის ავტორებს თავიდან ჰქონდათ გამოთვლილი. ეს აშკარა წაყრუება ნიშნავს, რომ ფედერაციის ანგარიში არ შეიძლება ჩაითვალოს ქუმარიტაშვილის სიკვდილის მთავარი მიზეზის დადგენისაკენ მიმართულ დამაჯერებელ ძალისხმევად. ეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის იმის ჩვენება, რა გააკეთა სწორად ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ და არა იმისა, რა გააკეთა ვინმემ არასწორად. ანგარიში ცხადყოფს, რომ ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ იცოდა, რომ უისტლერის საციგაო ცენტრის მოულოდნელი სიჩქარე, შესაძლოა, პრობლემად ქცეულიყო.“

უისტლერის საციგაო ტრასაზე უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართეს
ანგარიშს განსხვავებული ემოციით შეხვდნენ სპორტის ფუნქციონერები საქართველოში. სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ნაგალაურმა თქვა, რომ დასკვნის დეტალები ზღვარზე გადის - არც სპორტსმენის დანაშაულია გამოკვეთილი და არც ტრასის ხარვეზებზეა საუბარი, თუ არ ჩავთლით სიჩქარის მომენტსო. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მოადგილემ ვახტანგ გეგელიამ კი განაცხადა, რომ დასკვნის მიმართ შენიშვნები არა აქვს.

„დასკვნაში წერია, რომ ეს იყო ტრაგიკული შემთხვევითობა და სპორტსმენს არ ბრალდება. ოჯახმაც მიიღო ეს დასკვნა. ისინი კი - მამაც და ბიძაც - საციგაო სპორტის პროფესიონალები არიან. ბიძამისი ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია“, განაცხადა ვახტანგ გეგელიამ.

საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშს მწვავედ არ აკრიტიკებს ვახტანგ გეგელიას მიერ ნახსენები ბიძა, ფელიქს ქუმარიტაშვილი, თუმცა გამოცდილი მწვრთნელი და წარსულში ცნობილი სპორტსმენი გაოცებასაც ვერ მალავს იმის გამო, რომ ანგარიშში არაფერია ნათქვამი ტრასის დაპროექტებისას დაშვებულ შეცდომაზე:

„რომ ყოფილიყო ის სიჩქარე, რომელიც ტრასის პროექტში იყო გათვალისწინებული, ანუ 136-138 კმ/სთ სიჩქარე, არაფერი არ მოხდებოდა. შეცდომა დაშვებული იქნა მშენებლობის პერიოდში. ტრასის საერთო დახრილობა ნახევარი გრადუსითაც თუ განსხვავდება ნორმისაგან, იწვევს სიჩქარის გაზრდას 135-დან 150 კმ/სთ-მდე. აქ იქნა შეცდომა დაშვებული. მთელი მსოფლიო ამას ლაპარაკობს, მაგრამ ამ დასკვნაში ეს არ წერია.“
ფელიქს ქუმარიტაშვილს არ უკვირს, რომ ანგარიშის მიხედვით ეჭვქვეშ არაა დაყენებული სპორტსმენის კვალიფიკაცია. ნოდარ ქუმარიტაშვილს გავლილი ჰქონდა მსოფლიო თასის გათამაშების ცხრა ეტაპი და მოპოვებული ჰქონდა ოლიმპიადის ლიცენზია, თუმცა, ამის მიუხედავად, ტრაგედიის პირველ დღეებში აქცენტი სწორედაც რომ სპორტსმენის დაბალ კვალიფიკაციაზე კეთდებოდა. ალბათ ამის გამო, ორგანიზატორების მიმართ მეტად კრიტიკულნი იყვნენ სპორტის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები.
გია ნაცვლიშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტი: „როგორც სპეციალისტი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ იყო დარღვეული უსაფრთხოების ზომები.“

ვახტანგ გეგელია, სეოკ-ის პრეზიდენტის მოადგილე: „ტრასიდან არაფერი არ უნდა ამოვარდეს - არც ციგა და არც ადამიანი. ფიზიკური კანონების შესაბამისად ხდება ტრასის დაპროექტება. ასე რომ, შეიძლება ციგიდან გადმოვარდე, შეიძლება დაიმტვრე, მაგრამ ტრასიდან არ უნდა ამოვარდე, არ უნდა მოგცეს ამის საშუალება.“

თუმცა სულ მალე კრიტიკა და გაღიზიანება საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის დამოკიდებულების პარალელურად შეიცვალა. ანგარიშის მიხედვით, ფედერაცია ეჭვქვეშ აღარ აყენებს დაღუპული სპორტსმენის კვალიფიკაციას, ლაპარაკობს შემთხვევათა ტრაგიკულ თანხვედრაზე და ზრუნავს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავყოფაზე. აი, რა უთხრა რადიო თავისუფლებას გარდაცვლილი ოლიმპიელის ბიძაშვილმა ვლადიმერ ქუმარიტაშვილმა:

„ტრასასთან დაკავშირებით, რომელიც ბაკურიანში უნდა აშენდეს, ჩამოსული იყო გერმანელი სპეციალისტი საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციიდან. მან ნახა ადგილი, რომელიც ძალიან მოეწონა. შეგვპირდა, რომ ახლო მომავალში ყველაფერს შეათანხმებენ და გადაწყვეტენ. თვითონ ოჯახს რაც შეეხება, 10 ათასი ევრო გადმოურიცხეს ფედერაციიდან, 10 ათას დოლარამდე კანადიდან მიიღეს.“
თუმცა საქართველოში ბევრი მიჩნევს, რომ ეს ქმედებები საკმარისი არაა იმისათვის, რომ სამართლიანობამ იზეიმოს. საციგაო სპორტის ფედერაციის ანგარიშს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა:

„ჩვენ გვაინტერესებს სისხლის სამართლის გამოძიება, რომელსაც აწარმოებს კანადის პოლიცია. ასე რომ, ეს დასკვნა იმ შეთანხმებას, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტებს შორის არის, არ ცვლის. ჩემთვის ეს შეთანხმება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც სიტყვები რაღაც ფურცლებზე.“

ცხადია, საბოლოო სიტყვას კანადის პოლიცია იტყვის, თუმცა სპორტის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კანადელი გამომძიებლებიც, მაღალი ალბათობით, დაეყრდნობიან საციგაო სპორტის ფედერაციის მიერ მომზადებულ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გაზიარებულ დასკვნას, რომლის გაცნობის შემდეგაც გაზეთ „რეზონანსის“ სპორტის განყოფილების რედაქტორს აკაკი გვიმრაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო არც დამნაშავეს დაასახელებენ და არც არავის დასჯიან.

„შემდგომ გართულებებს არიდებენ თავს, პასუხისმგებლობას იცილებენ. თუ დაასახელებენ ორგანიზაციასა და გვარს, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეც, ანუ პროცესი წავიდოდა ძალიან შორს და ბევრ ადამიანსა და ორგანიზაციას მოიცავდა. ამ ანგარიშით დამთავრდა ეს საქმე - ასე ვთქვათ, დაიხურა“, უთხრა რადიო თავისუფლებას აკაკი გვიმრაძემ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG