Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი სპორტსმენის სიკვდილი ერთ რომელიმე მიზეზს არ გამოუწვევია


ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე
ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე
საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დღეს გამოაქვეყნა ოფიციალური ანგარიში ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე. ანგარიშში გამოთქმული შეფასებით, ქუმარიტაშვილის სიკვდილი ერთ რომელიმე მიზეზს არ გამოუწვევია. 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი 12 თებერვალს დაიღუპა კანადის ქალაქ ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და საათში 145 კმ სიჩქარით რკინა-ბეტონის ბოძს შეეჯახა. როგორც ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის, სვეინ რომსტადის განცხადებაშია ნათქვამი, „ღრმა ანალიზის“ საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტრაგედია გამოიწვია „ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენების კომპლექსურმა სერიამ“.

ანგარიშის თანახმად, „ნოდარმა მართლაც დაუშვა ტექნიკური შეცდომები მე-15-მე-16 მოსახვევებში. ამ შეცდომების ერთობლიობას შედეგად მოჰყვა ის, რომ სპორტსმენი ტრასიდან ამოვარდა და, შემდგომ, ბოძს შეეჯახა“. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთი შემთხვევა უწინ არასოდეს დაფიქსირებულა. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის ციგა სრულიად უჩვეულო კუთხით შეეჯახა ტრასის კედელს, რის შედეგადაც ციგამ დეფორმაცია განიცადა და კატაპულტის ეფექტი გამოიწვია. და რაკი მსგავსი შემთხვევა საციგაო სპორტის ისტორიას არ ახსოვს, ანგარიშის მიხედვით, ამგვარ საფრთხეს წინასწარ ვერ გაითვალისწინებდნენ ვერც ტრასის დამპროექტებლები და ვერც უსაფრთხოების სპეციალისტები.

საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ ქუმარიტაშვილის სპორტული კვალიფიკაცია სავსებით საკმარისი იყო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის. ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თამაშებში მონაწილეობის უფლება ქუმარიტაშვილმა თავისი სპორტული შედეგებით მოიპოვა.
ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ ფერლონგი ბაკურიანში, ნოდარ ქუმარიტაშივლის საფლავზე, 2010 წლის 23 მარტს


20-გვერდიანი ანგარიში, რომლის ავტორებიც არიან საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი სვეინ რომსტადი და ფედერაციის ამერიკელი წევრი, კლერ დელნეგრო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დავალებით მომზადდა. გამოქვეყნებამდე ის დაღუპული სპორტსმენის ოჯახის წევრებს გააცნეს. ახლა ანგარიშს კანადის პროვინციის - ბრიტანეთის კოლუმბიის საგამოძიებო სამსახურს გაუგზავნიან. კანადის ხელისუფლება, სავარაუდოდ, მომავალ თვეში გამოაქვეყნებს ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიების შედეგებს.
XS
SM
MD
LG