Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უისტლერში სანთლებს ანთებენ


ნოდარ ქუმარიტაშვილის ციგა საათში 144,3 კმ სიჩქარით მიქროდა, როცა სპორტსმენი ტრასიდან ამოვარდა
ნოდარ ქუმარიტაშვილის ციგა საათში 144,3 კმ სიჩქარით მიქროდა, როცა სპორტსმენი ტრასიდან ამოვარდა
კანადის ქალაქ ვანკუვერში, უისტლერის საციგაო ტრასაზე, ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, დაიღუპა ქართველი სპორტსმენი, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი. ვარჯიშის დროს ციგით დაშვებისას ის ტრასის ბოლო მოსახვევიდან ამოვარდა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. დაიწყო გამოძიება. დასკვნის გამოქვეყნებამდე მომხდარის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდება. სპორტსმენის დაღუპვის მიუხედავად, საქართველოს დელეგაციამ გადაწყვიტა, დარჩეს ვანკუვერში და მონაწილეობა მიიღოს თამაშებში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ-ის) პრეზიდენტის ჟაკ როგის თხოვნით, თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილე 2500-ზე მეტმა ათლეტმა და BC Place-ის სტადიონის ტრიბუნებზე მყოფმა ათიათასობით მაყურებელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი მოციგავის ხსოვნას.
ექიმები ამაოდ ცდილობენ ქართველი მოციგავის სიცოცხლის გადარჩენას

ჟაკ როგთან ერთად მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს ვანკუვერის ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ ფერლონგმა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელმა იოზეფ ფენდტმა, თამაშების მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა, რომლებმაც სამძიმარი გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანაგუნდელებს. „მთელი ოლიმპიური ოჯახი შეძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც შავ ღრუბლად დააწვება წლევანდელ თამაშებსო“, განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

ტრაგედიის გარემოებათა დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ვანკუვერში ტელეფონით დავუკავშირდით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ვახტანგ გეგელიას, რომელიც უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს: „როდესაც ციგამ განავითარა 150 კილომეტრი სიჩქარე, ტრაექტორიიდან ამოაგდო სპორტსმენი და შეანარცხა ბეტონის კონსტრუქციას. კიდევ რვა მოციგავემ მიიღო სხვადასხვა სახის ტრავმები.“

გეგელიას აზრით, სიჩქარე, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის ციგამ განავითარა, დაშვებულ ნორმაზე მაღალია და ტრასის არასტანდარტულობაზე მეტყველებს.

ტრაგედიის შემდეგ თამაშების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აამაღლონ ტრასის კედელი იმ ადგილას, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ხოლო საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტებმა ქუმარიტაშვილის დაშვების ტრაექტორია შეისწავლეს.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, გერმანელი მოციგავის ზილკე ოტოს აზრით, აუცილებელია, წერტილი დაესვას მეტი და მეტი სიჩქარისკენ ყოვლად უპასუხისმგებლო სწრაფვას.

საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ცნობებში, ვანკუვერის ოლიმპიადის ვებსაიტზე დაყრდნობით კი ნათქვამია: საციგაო სპორტის ფედერაციის ტექნიკური პერსონალის დასკვნით, არ არსებობს არავითარი ნიშანი იმისა, რომ ავარია ტრასაზე არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია. იქვე აღნიშნულია, რომ ქართველი სპორტსმენი პრობლემის გამოსწორებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ციგაზე კონტროლი დაკარგა. ასეთ მოსაზრებებს ვანკუვერში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკა რურუამ:

„რაკი წამოიჭრა საკითხი მისი გამოცდილების თაობაზე, მინდა გაცნობოთ, რომ იგი წარმოშობით საქართველოს იმ კუთხიდან არის, სადაც ზამთრის სპორტის სახეობების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს. იგი კვალიფიციური და თავდადებული სპორტსმენი იყო ამ კონკრეტულ სახეობაში და, მაგალითად, გუშინ, ვარჯიშის დროს, შედეგების მიხედვით, მეთერთმეტე იყო დანარჩენ პრეტენდენტებს შორის. ასე რომ, საუბრები და ინსინუაციები მისი გამოუცდელობის თაობაზე, ჩემი აზრით, ცოტა არ იყოს, უსამართლო და დამაბნეველია.“
უისტლერის სპორტულ პარკში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, უამრავი სანთელი აინთო

ექსპერტთა და სპორტსმენთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ უისტლერის საციგაო ტრასა მეტისმეტად ჩქაროსნული და, ამდენად, ზომაზე მეტად სახიფათოა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, გერმანელი მოციგავის ზილკე ოტოს აზრით, აუცილებელია, წერტილი დაესვას მეტი და მეტი სიჩქარისკენ ყოვლად უპასუხისმგებლო სწრაფვას. საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ასეთი საზარელი ტრაგედია აღარასოდეს განმეორდესო, ამბობს ოტო.

უისტლერის სპორტულ პარკში კი, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს, ცალკეულ სპორტსმენებსა და, უბრალოდ, გულშემატკივრებს ყვავილები მიაქვთ. ქართველი მოციგავის ხსოვნის პატივსაცემად უისტლერში უამრავი სანთელი აინთო.

ბაკურიანში, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი გაიზარდა და საციგაო სპორტს დაეუფლა, ყველა შეძრა მომხდარმა ტრაგედიამ. ქუმარიტაშვილს იხსენებს მისი მეზობელი და მეგობარი დავით ქოქოშვილი, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით: „მამამისიც მოციგავე იყო, კარგი სპორტსმენი იყო და მამამისის კვალზე წავიდა. ძალიან დიდი ტრაგედიაა, ყველა შოკშია და ჯერ კიდევ ვერ მოსულან გონს.“

ქართველი სპორტსმენის ტრაგიკული დაღუპვის მიუხედავად, საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ასპარეზობის გაგრძელება გადაწყვიტა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკა რურუამ ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: „პეკინის ზაფხულის ოლიამპიდის დროს 2008 წელს საქართველოში რუსეთი შემოიჭრა, და ამის მიუხედავად საქართველოს გუნდი დარჩა, გააგრძელა ასპარეზობა და რამდენიმე მედალიც მოიპოვა. ასე რომ, ჩვენმა სპორტსმენებმა და ათლეტებმა გადაწყვიტეს, ერთგულნი დარჩნენ ოლიმპიური თამაშების სულისა. ისინი მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში და ამ ასპარეზობას დაღუპულ მეგობარს მიუძღვნიან.“

ვანკუვერში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მისი გადაწყვეტილებით, ნოდარ ქუმარიტაშვილის სამშობლოში, ბაკურიანში, მისი სახელობის საციგაო ტრასა აშენდება.
XS
SM
MD
LG