Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დაღუპულ სპორტსმენს გლოვობს


ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარს თბილისის აეროპორტში დაშვებული დროშებით დახვდნენ
ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარს თბილისის აეროპორტში დაშვებული დროშებით დახვდნენ
კანადის ქალაქ ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული ოლიმპიელის ნოდარ ქუმარიტაშვილი დაბა ბაკურიანში დილით ჩამოასვენეს. ბაკურიანელები ამბობენ, რომ 21 წლის სპორტსმენი მათი გმირია. ნოდარ ქუმარიტაშვილის მეზობლის გიორგი ლალიევის თქმით, 12 თებერვლის შემდეგ ბაკურიანში ცხოვრება შეიცვალა. ”ყველა გლოვობს. ხალხი ერთმანეთს გამარჯობასაც კი ვეღარ ეუბნება, რადგან ყველა თავდახრილი დადის. ჩემს თვალწინ გაიზარდა. სავარჯიშოდ ტროსი ჩემს ბაღში გააბა და ვეხმარებოდი. რომ მიდიოდა ყველას დაგვემშვიდობა, თვალები ანთებული ჰქონდა და ამბობდა, ვეცდები მაღალი ადგილი მივიღოო. მერე დაურეკავს, მაგ ვირაჟის მეშინიაო და მამამ ურჩია ცოტა შეანელეო ” - უამბო რადიო თავისუფლებას გიორგი ლალიევმა. ნოდარ ქუმარიტაშვილის მეგობრები ჰყვებიან, რომ ის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოსთვის გამარჯვების მოტანის სურვილით გაემგზავრა. ნოდარის დაღუპვას მისი მეგობრები ტარგედიას და შოკს უწოდებენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ტრაგედია არასტანდარტულმა საციგაო ტრასამ გამოიწვია და არა სპორტსმენის შეცდომამ. ნოდარის მეგობრები ამბობენ, რომ საციგაო ტრასასთან რბილი კონსტრუქციები ბაკურიანშიც კი არსებობს.



ბაკურიანში დღეს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩალაძეც იმყოფებოდა. მისი განცხადებით ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს მხარში უდგას სახელმწიფო, რომელიც ტრაგედიის მიზეზთა გარკვევას მაქსიმალურად შეეცდება. ჩალაძის თქმით, 21 წლის სპორტსმენის სახელის უკვდავსაყოფად და სპორტის, მისთვის საყვარელი სახეობის განვითარებისთვის ბევრი რამაა დაგეგმილი.

დაბა ბაკურიანის იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, მისი სახელი საკრებულოს გადაწყვეტილებით, უკვე მიენიჭა. ვანკუვერის ოლიმპიადის ოფიციალურად გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ტრაგიკულად დაღუპულ ნოდარ ქუმარიტაშვილს ბაკურიანში, 20 თებერვალს დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG