Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ასოშიეიტედ პრესი“ აკრიტიკებს ქუმარიტაშვილის სიკვდილის მიზეზების ანგარიშს


ბაკურიანის იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, მისი სახელი დაერქვა
ბაკურიანის იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, მისი სახელი დაერქვა
საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ საგანგებო კომენტარით გამოეხმაურა ანგარიშს, რომელიც 19 აპრილს გამოაქვეყნა ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილის გარემოებათა შესწავლის საფუძველზე. წერილის ავტორი, „ასოშიეიტედ პრესის“ სპორტული მიმომხილველი ჯონ ლესტერი, მკაცრად აკრიტიკებს ანგარიშს, რაზეც პუბლიკაციის სათაურიც მიანიშნებს: „არავითარი mea culpa, მხოლოდ თავის მართლება მოციგავის დაღუპვასთან დაკავშირებით“. გთავაზობთ ჯონ ლესტერის ამ კომენტარის თარგმანს:

ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის 20-გვერდიანი ანგარიში - სულ ეს დაიმსახურა ადამიანის სიკვდილმა? - საზარელ უბედურ შემთხვევაზე, რომელმაც ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სიცოცხლე შეიწირა, არის ზუსტად ის, რაც მოსალოდნელი იყო: საკუთარი თავის მართლება და სხვა არაფერი.

მისი სიკვდილის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყოო, ირწმუნება ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია.

ქუმარიტაშვილმა „ტექნიკური შეცდომები“ დაუშვაო, მიუთითებს ის.

ძალას არ დავიშურებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდესო, გვპირდება იგი.

აი, ის, რასაც ფედერაცია არ ამბობს და, სავარაუდოდ, არც არასოდეს იტყვის: საშინლად, საშინლად ვწუხვართ, რომ, შესაძლოა, შეცდომები დაუშვა ადამიანთა მთელმა ჯგუფმა და არა მარტო ქუმარიტაშვილმაო.
ციგაობის ფედერაცია გვერდს უვლის შეკითხვას: ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების საციგაო ტრასა ასე გიჟურად სწრაფი გამოდგა?

მართლაც შეურაცხმყოფელია - ქუმარიტაშვილის ოჯახის, სხვა ოლიმპიელების, გულშემატკივრების მიმართ, რომლებიც აღშფოთებული და შეძრული იყვნენ მისი სიკვდილით, - რომ ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია, უბრალოდ, გვერდს უვლის, ალბათ, უმნიშვნელოვანეს შეკითხვას 12 თებერვლის უბედურ შემთხვევაზე: ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების საციგაო ტრასა ასე გიჟურად სწრაფი გამოდგა? დღევანდელი თვალსაწიერიდან, შესაძლოა, სასიკვდილოდ სწრაფი?

ანგარიში იმ ინფორმაციის პერიფრაზით, რომელიც დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ქუმარიტაშვილის სიკვდილამდე იყო ცნობილი, იმეორებს, რომ ტრასა მოსალოდნელზე გაცილებით უფრო სწრაფი აღმოჩნდა: საათში 153,98 კმ მაქსიმალური სიჩქარით საათში 136 კმ-თან შედარებით, რაც პროექტის გერმანელ ავტორებს თავდაპირველად ჰქონდათ გამოთვლილი.

მაგრამ ანგარიშში ნათქვამი არ არის, რატომ და არც ის, იყო თუ არა დამატებითი სიჩქარე ერთ-ერთი ფაქტორი (იქნებ გადამწყვეტი ფაქტორიც) 21 წლის სპორტსმენის დაღუპვისას.

ჩემი გათვლით, მოსალოდნელ და რეალურ სიჩქარეებს შორის სხვაობა 13 პროცენტს შეადგენს. სკოლის გამოცდაში ეს მაჩვენებელი თავისუფლად გამოდგებოდა სხვაობად ჩაბარებასა და ჩაჭრას შორის. ასეთი ვარირება უდავოდ მიუღებელი იქნებოდა მკაცრ პარამეტრებთან დაკავშირებულ დარგებში, როგორიცაა ავიამშენებლობა, რომელშიც - ისევე, როგორც ციგაობის შემთხვევაში - ადამიანის სიცოცხლე, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს არითმეტიკული ამოცანების სწორად ამოხსნაზე.
დიდი სიჩქარე პროექტის ავტორების შეცდომა იყო? მშენებლების შეცდომა? კიდევ ვინმეს შეცდომა?
ამაზე ანგარიში არაფერს ამბობს.

მაშ ვინ დაუშვა შეცდომა და რატომ? მისცემენ მას უფლებას, მომავალში თუნდაც მილიონი კილომეტრით მიუახლოვდეს საციგაო ტრასას? დიდი სიჩქარე პროექტის ავტორების შეცდომა იყო? მშენებლების შეცდომა? კიდევ ვინმეს შეცდომა? და უხდიან ისინი კომპენსაციას ქუმარიტაშვილის ოჯახს?

ამაზე ანგარიში არაფერს ამბობს. რეალურად, მასში საერთოდ ვერ ნახავთ სიტყვებს, როგორიცაა „მცდარი“, „ შეცდომა“ ან „ბრალი“.

ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია ამბობს, რომ არც ექსპერტებს, რომლებმაც ტრასა შეამოწმეს, და არც კომპიუტერის სიმულაციას, არ უწინასწარმეტყველებიათ, რომ მე-16 მოსახვევიდან გამოსვლის შემდეგ მოციგავე, შესაძლოა, ტრასიდან ამოვარდნილიყო. მაგრამ თუ საქმე ეხება იმავე კომპიუტერებს, რომლებმაც ტრასის მოსალოდნელი სიჩქარე გამოითვალეს, განა შეიძლება ენდო მათ და მათს დამპროგრამებლებს?

შესაძლოა, ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია იმედოვნებდა, რომ ვერავინ შეამჩნევდა, რომ მას არ აუხსნია, რატომ იყო ტრასა საათში 18 კილომეტრით უფრო სწრაფი, ვიდრე მისი პროექტის ავტორებს თავიდან ჰქონდათ გამოთვლილი. ეს აშკარა წაყრუება ნიშნავს, რომ ფედერაციის ანგარიში არ შეიძლება ჩაითვალოს ქუმარიტაშვილის სიკვდილის მთავარი მიზეზის დადგენისაკენ მიმართულ დამაჯერებელ ძალისხმევად. ეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის იმის ჩვენება, რა გააკეთა სწორად ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ და არა იმისა, რა გააკეთა ვინმემ არასწორად - რასაკვირველია, თვით ქუმარიტაშვილს თუ არ ჩავთვლით.

ანგარიში ცხადჰყოფს, რომ ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ იცოდა, რომ უისტლერის საციგაო ცენტრის მოულოდნელი სიჩქარე, შესაძლოა, პრობლემად ქცეულიყო.

„მისთვის ცნობილი იყო მაღალი სიჩქარის შესახებ“, ნათქვამია მე-19 გვერდზე. „შესაბამისად, მან განახორციელა ცვლილებები, რომლებიც, მისი რწმენით, შეამსუბუქებდა სირთულეებს, რომლებიც მოსალოდნელზე მაღალ სიჩქარეს უკავშირდებოდა.“

არაფერი მიანიშნებდა იმის შესაძლებლობაზე, რომ რომელიმე ათლეტი ტრასიდან ამოვარდებოდა, ნათქვამია ანგარიშში.

შეამსუბუქებდა. არ მოაგვარებდა, არც აღკვეთდა ან აღმოფხვრიდა.

ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ დაადგინა (თუმცა, არ ამბობს, როგორ): „ეს სიჩქარე არ სცდებოდა მოციგავეების შესაძლებლობებს.“ მან უზრუნველყო უისტლერის ტრასაზე დამატებითი საწვრთნელი დაშვებები ტრასასთან გამკლავებაში სპორტსმენთა დასახმარებლად.

„არაფერი მიანიშნებდა იმის შესაძლებლობაზე, რომ რომელიმე ათლეტი ტრასიდან ამოვარდებოდა“, ნათქვამია ანგარიშში.

ასე რომ, მხოლოდ მას შემდეგ მოიფიქრეს ხის სახელდახელო ბარიერების აღმართვა და ბოძების დამცველი მასალით შეფუთვა, რაც ქუმარიტაშვილი თავით დაეჯახა ფოლადის ბოძს.

ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ოლიმპიური ტრასა სოჭში, რუსეთში, საათში 135 კმ-ზე უფრო სწრაფი არ იქნება, ქუმარიტაშვილს ვერ გააცოცხლებს. თუ სიჩქარე არ ყოფილა ფაქტორი, რომელმაც ქუმარიტაშვილის სიკვდილი გამოიწვია, მაშ რა საჭიროა ციგების შენელება 2014 წელს? ანგარიში ამას არ განმარტავს, თუ არ ჩავთვლით განცხადებას, რომ უისტლერის მსგავსი სიჩქარე „არ იყო მიმართულება, რომლისკენაც ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია ამ სპორტის სვლას ისურვებდა.“
მთავარ კითხვად ის რჩება, უნდა იტვირთოს თუ არა ვინმემ, ქუმარიტაშვილის გარდა, გარკვეული წილი პასუხისმგებლობა.

მთავარს არ ამბობს არც ანგარიშის ის გვერდი, რომელიც დეტალურად აღწერს ქუმარიტაშვილის სიცოცხლის ბოლო წამებს - რომ მე-16 მოსახვევში შესვლისას მისი ტრაექტორია იდეალური არ იყო; რომ მან მარჯვენა ხელი გაიშვირა; რომ ციგამ ის კატაპულტივით აისროლა ჰაერში. ეს ზედმიწევნით დეტალური აღწერა ხაზს უსვამს, თანაც აშკარად უნებლიედ, რომ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რატომ იყო ტრასა დაგეგმილზე ამდენად სწრაფი. ეს კი მდარე გამოვნებისა და უხეირო ექსპერტიზის დასტურია.

ინციდენტის აღწერა შეუძლია ყველას, ვინც ის ნახა. მთავარ კითხვად ის რჩება, უნდა იტვირთოს თუ არა ვინმემ, ქუმარიტაშვილის გარდა, გარკვეული წილი პასუხისმგებლობა.

ციგა აშკარად ვერ გვაძლევს ყველა აუცილებელ პასუხს.

(ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჭიაურელმა)
XS
SM
MD
LG