კომპანიის დირექტორი 37 წლის გელა კობერიძე იქნება. სწორედ მან მიმართა საჯარო რეესტრს კომპანიის რეგისტრაციისთვის. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილის ცოლის ახალი კომპანიის დირექტორს და ჰკითხა, რატომ დარეგისტრირდა კომპანია და რა იქნება მისი ფუნქცია. მან კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მოგვიანებით დავკავშირებოდით.
სს „ლუსოლის“ (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) კაპიტალი 100 000 ლარია.
კომპანიის მმართველი ორგანო არის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც არიან ნუგზარ დეკანოიძე, ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი. ნუგზარ დეკანოიძე ამავდროულად არის საფეხბურთო კლუბ "საჩხერის ჩიხურის“ დირექტორი, ბიძინა ივანიშვილის კომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი.
სს „ლუსოლში“ ეკატერინა ხვედელიძის წარმომადგენელია „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა.
ნატო ხაინდრავა ფიგურირებდა ბიძინა ივანიშვილის შვილის ახალ კომპანიაში, სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგშიც“, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ვაჟმა მამისთვის სანქციის დაწესებიდან ოთხ დღეში, 31 დეკემბერს, დააფუძნა. ორივე კომპანიის მისამართად მითითებულია თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირის 39დ - „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი შენობა, - სადაც "ბანკი ქართუ“ მდებარეობს.
აშშ-ის სანქციები ივანიშვილს
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - აცხადებდა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
ამ სიაში არ დაუმატებიათ მისი ოჯახის წევრები.
შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
წინადადება თემთა პალატაში
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 18 იანვრის საღამოსთვის 16 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავდა.
ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებისათვის.
ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფშორებში რეგისტრირებული ათობით კომპანია დაზარალდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“(TI) 17 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება „ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია“.
ეს იმიტომ, რომ, TI-ის განმარტებით, ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული - კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.
TI-ის თანახმად, ამ კომპანიებს შორისაა:
- "ქართუ ბანკი";
- ფონდი "ქართუ";
- "გალერეა თბილისი";
- "აქსის თაუერსი";
- "ჰაიდელბერგ ცემენტი", - რომელსაც, TI-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. რუხაძის სანქცირებას, თავის მხრივ, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სთხოვდნენ კონგრესიდან გაგზავნილი წერილით, - ამ წერილით 25 ადამიანის სანქცირებაა მოთხოვნილი;
- საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, - რომლის მფლობელობაშიცაა, TI-ის თანახმადვე, ივანიშვილის სასტუმროები: „პარაგრაფი“ თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები;
- ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც, TI-ის თანახმად, ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს;
- რუსული კომპანია შპს „აკვა სფეისი“, რომელიც, ანტიკორუფციული ორგანიზაციის განცხადებით, ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.
ფორუმი