Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი „დიპ სტეიტმა“ მორიგ სათამაშოდ აქცია - „ოცნების“ პასუხი ივანიშვილის სანქცირების წინადადებას


„ქართული ოცნება“ ბრიტანეთის თემთა პალატაში შეტანილ წინადადებას ბიძინა ივანიშვილის სანქციებაზე შეთქმულების თეორიით პასუხობს
„ქართული ოცნება“ ბრიტანეთის თემთა პალატაში შეტანილ წინადადებას ბიძინა ივანიშვილის სანქციებაზე შეთქმულების თეორიით პასუხობს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების წინადადებაზე პასუხად აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში წარმოჩინდება, რომ ქვეყანა „დიპ სტეიტმა“ „უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა“.

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.

წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 16 იანვრის საღამოსთვის 14 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.

ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებისათვის სანქციების დაწესება.

„ქართული ოცნება“ 16 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ დიდი ბრიტანეთი „ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები“.

პარტიის განცხადებით, სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება.

„გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა“, - აცხადებს პარტია.

იგივე განცხადება „უსამართლო, სამარცხვინოსა და ანტიქართულს“ უწოდებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით; ასევე, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ „ოცნების“ მაღალჩინოსნების და მასთან დაკავშირებული პირების სანქცირებას.

ეს სანქციები, „ქართული ოცნების“ თანახმად, „არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა“.

„უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიპ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი“, - აცხადებს ქართული ოცნება.

განცხადებაში კიდევ რამდენჯერმეა ნახსენები „დიპ სტეიტი“ და „გლობალური ომის პარტია“.

ბოლო სამი წელია, საქართველოს მმართველი „ქართული ოცნება“ ავითარებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“.

შეთქმულების თეორიის თანახმად, გლოპ-ს დამყარებული აქვს კონტროლი აშშ-ის ხელისუფლებასა და ევროკავშირზე და საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას ცდილობს; იგი „მარიონეტული“ „აგენტოკრატიის“ დახმარებით მართავდა 2003-12 წლებში საქართველოს, დღემდე ემტერება ბიძინა ივანიშვილს და ცდილობს, ძალით ჩამოაშოროს მისი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ ჩაანაცვლა „დიპ სტეიტით“, - ანალიტიკოსების თანახმად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტისთვის უფრო გასაგები ფრაზით.

სანქციები ბრიტანეთისგან

2024 წლის 19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქცირებული არიან:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  4. ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
  5. მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.

ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტისგან 2024 წლის 16 სექტემბრის შემდეგ ჰქონდათ სანქციები დაწესებული „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით.

19 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციები წესდება „შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული ქმედებით“.

სანქციები, საგარეო უწყების განმარტებით, გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვას ბრიტანეთში და უძრავი ქონების გაყინვას, - რაც „მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG