წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 16 იანვრისთვის 13 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
თუკი წინადადებას - რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა - მიიღებენ, სამუშაო ვერსიის მიხედვით, თემთა პალატა:
- „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო“;
- „გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“;
- „ცნობად იღებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გააკეთოს იგივე - დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის“;
- „მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და იყოს უფრო მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან ევროკავშირში, რათა გადადგას ნაბიჯები რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ;
- „კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“.
მაკკლიარის ჩათვლით, წინადადების მიღებას 13 პარლამენტარი ითხოვს. მათგან 11 ლიბერალ-დემოკრატია, ერთი - დემოკრატიული უნიონისტური პარტიიდან (DUP), ერთი კი - დამოუკიდებელი.
- ჯეიმს მაკკლიარი;
- ჯიმ შენონი (დემოკრატიული უნიონისტური პარტია);
- ვენდი ჩემბერლენი;
- ვერა ჰობჰაუსი;
- ჰელენ მაგუაირი;
- დევიდ ჩედვიკი;
- კალუმ მილერი;
- ლუკ ტეილორი;
- ანა საბინი;
- ვიკი სლეიდი;
- პიპა ჰეილინგსი;
- მარტინ ურინგლი;
- ჯონ მაკდანელი (დამოუკიდებელი).
„დავდგებით დემოკრატიის სადარაჯოზე თუ ყველაფრის ნებას დავრთავთ პუტინის მოკავშირეებს?“ - წერს წინადადების ავტორი, ჯეიმს მაკკლიარი, პლატფორმა X-ზე.
2024 წლის 19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტისგან 2024 წლის 16 სექტემბრის შემდეგ ჰქონდათ სანქციები დაწესებული „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით.
19 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციები წესდება „შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული ქმედებით“.
სანქციები, საგარეო უწყების განმარტებით, გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვას ბრიტანეთში და უძრავი ქონების გაყინვას, - რაც „მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს“.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში 2024 წლის 12 დეკემბერს ახსენეს საქართველოში მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციები და წამოაყენეს იდეა, განიხილონ გამოძიების დაწყების შესაძლებლობა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, რომლის მფლობელი კომპანიაც ბრიტანეთშია დაფუძნებული.
ეს საკითხი წამოსწია თემთა პალატის წევრმა, შოტლანდიელმა ლეიბორისტმა ბლერ მაკდუგალმა. თემთა პალატას სწორედ ლეიბორისტული პარტია აკონტროლებს. მან თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს, მიმართა:
„იმის გათვალისწინებით, რომ ფართო ყურადღება ექცევა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევას, მაინტერესებს, დაუთმობთ თუ არა დროს ამ საკითხზე დებატებს? დებატებზე შეგვეძლება ვიმსჯელოთ იმ ფაქტზე, რომ ტელეკომპანია „იმედი“, - მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომლითაც მუშაობს ეს სასტიკი ხელისუფლება, - კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით იმართება დიდი ბრიტანეთიდან“.
ფორუმი