Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სტიქიის მიზეზი მხოლოდ უხვი ნალექი არ არის”


გახშირებული ნალექის შედეგად, უკანასკნელი ორი დღეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალდიდობისა და მეწყერის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ველისციხეში, მდინარე ჭერემის ხევთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა უკვე ორი ღამეა ევაკუირებულია.

გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა კასპის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ფართობები და ეზოები დატბორა. წვიმის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ზვავები და მეწყერია ჩამოსული. რადიო თავისუფლება მლეთაში, სტიქიის ზონაში, რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ჯამბულ ბაკურაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელია მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლა და მეწყერის ჩამოწოლა. თუმცა განსხვავებული აზრი აქვთ ამ მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ველისციხეში, ჭერემის ხევთან ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამ 24 აპრილს, დილით, სახლებში თვითნებურად დაიწყო დაბრუნება და მათი ნაწილი ამჟამად უკვე საკუთარ სახლშია. ისინი ამბობენ, რომ თეთრად გათენებული ორი ღამის შემდეგ ძალების აღდგენა სჭირდებათ, რადგან კახეთში ჯერ ისევ წვიმს და, შესაძლოა, სახლების დატოვება ამაღამაც მოუხდეთ. ლალი შარამანიშვილი რადიო თავისუფლებასთან სახლში დაბრუნების კიდევ სხვა მიზეზებზეც საუბრობს:

”გუბერნატორის მოადგილემ კი გვითხრა, რომ რისკი ჯერ კიდევ არის, მაგრამ ძალების მოკრება გვჭირდება - უკვე ორი ღამეა თეთრად ვათენებთ. მე პირადად ძალა უნდა აღვიდგინო, რადგან აქ ისევ წვიმს და, შესაძლოა, ამაღამ ისევ თეატრის შენობაში მოგვიწიოს ღამის გათენება. თან სახლში დაბრუნების მიზეზი ის წვრილმანი ქურდობებიცაა, რასაც ამ ორი დღის განმავლოაბაში ჰქონდა ადგილი.”

კახეთის გუბერნატორის მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, გადაუღებელი წვიმა ხელს უშლის იმ კონსტრუქციის მშენებლობას, რომლის საშუალებითაც წყლის ამოტუმბვა უნდა დაიწყოს, თუმცა სიბაშვილი იმედოვნებს, რომ კონსტრუქცია უახლოეს საათებში ამოქმედდება:

”ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია იმისათვის, რომ მოსახლეობა დავიცვათ, თუმცა რისკი ჯერ კიდევ არსებობს.”

საქართველოში გახშირებული სტიქიის მიზეზს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი მხოლოდ უხვნალექიანობაში არ ხედავს. მისი თქმით, ის მომხვეჭელური დამოკიდებულება ბუნებისადმი, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა, საქართველოში დღემდე ცოცხლობს:

”სტიქიური მოვლენა, რომელიც კახეთში მოხდა, უკავშირდება არასწორად აშენებულ საირიგაციო სისტემებს. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, მაგრამ გაცილებით საჭიროა, რომ ის მიზეზები, რომლებიც ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას წარმოშობს, მაგალითად, წიაღის ამოღება, იყოს მკაცრად გარემოს დაცვითი კონტროლის ქვეშ. დღეისათვის წიაღის მოპოვება ნებართვის გარეშე და ამოსაღები რესურსის რაოდენობის შეფასების გარეშე ხდება. ეს კი იწვევს სხავდასხვა სტიქიური მოვლენების გაძლიერებას”, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

გახშირებული სტიქიის კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობს ”მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ტყეების მასიურმა გაკაფვამ მოსალოდნელი შედეგი გამოიღო:

”არ არის დარჩენილი საქართველოს არც ერთი ტყიანი რეგიონი, საიდანაც არ მოგვდიოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტყეები მასიურად იჩეხება, იგზავნება გადასამუშავებელ ცეხებში და მერე იქიდან საზღვარგარეთ გადის. ის სტიქიური უბედურება, რაც დღესდღეობით ხდება, ამის შედეგია. თუმცა ტყეების მასიური ჩეხა მხოლოდ ამ მთავრობის დამსახურება არ არის - ასეთი ბარბაროსული მდგომარეობა საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გრძელდება და ლოგიკურ, სავალალო შედეგამდეც მიგვიყვანა.”

ის, რომ საქართველოში ტყე აღარ იჩეხება, ამ მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიმაჩნია, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე. რაც შეეხება ნაპირსამაგრ სამუშაოებს, მისი თქმით, სრულყოფილი სამუშაოების ჩატარებას მინიმუმ 10 წელი დასჭირდება. უკანასკნელი წლების განმავლობაში ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მდინარეების ნაპირებიდან გადმოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებული ზარალი აუცილებლად აუნაზღაურდება. „მას შემდეგ, რაც სტიქია დაწყნარდება, ჩვენ შევძლებთ ზარალის დათვლას. ზარალის ასანაზღაურებლად კი თანხები აუცილებლად გამოიყოფა”, – აღნიშნა ბაინდურაშვილმა.

სინოპტიკოსთა ვარაუდით, საქართველოში ნალექის ინტენსივობა ხვალიდან შემცირდება, თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით, მთიან და კახეთის ზოგიერთ რაიონში, წვიმები გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG