კვირის დასაწყისში საპარლამენტო პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის სურვილი თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა. ბევრმა ეს საქართველოში დემოკრატიული განვითარების გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. სააკაშვილმა თავის გამოსვლაში დაასახელა რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, დეპუტატებს და საქართველოს მთელ საზოგადოებას ფართო დიალოგში ჩაბმისკენ მოუწოდა იმ პროცესის ხელშესაწყობად, რომელსაც ხელისუფლების მიერ დაპირებული დემოკრატიის ახალი ტალღა ჰქვია:
„არ უარვყოფ, რომ ვითარება რთულია და აქ მოვედი იმისთვის, რომ ერთადერთი გზა ამ გამოწვევების გადასალახავად არის ჩვენი დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერება, პოლიტიკური სისტემის კიდევ უფრო გახსნა“, განაცხადა სააკაშვილმა. „ჩვენ გვიხსენებენ შეცდომებს რეფორმებში. რაღაც შეცდომები იყო, მაგრამ ბევრი არ იყო. დღეს გამოსავალი არის არა უარი რეფორმებზე და კომპრომისი კორუმპირებულ კლანებთან, გამოსავალი არის წინსვლა: რეფორმა, რეფორმა და კიდევ ერთხელ რეფორმა, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე.“
მქუხარე ოვაციების მიუხედავად, კრიტიკული და პირდაპირი იყო საპარლამენტო ოპოზიციის გამოსვლები. მაგალითად, პეტრე მამრაძემ მიხეილ სააკაშვილის მოქმედებას უგუნური უწოდა და გასული წლის აგვისტოს საომარი მოვლენების ინიცირებაში დაადანაშაულა. მამრაძის თქმით, „ამ უგუნური მოქმედებების კულმინაცია იყო ავანტიურა, რაც სააკაშვილმა განახორციელა მორიგი პროვოკაციის შედეგად, რაც გარდაუვალი მარცხით დასრულდა და ჩვენ ვიმკით შედეგებს.“
ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა პრეზიდენტი სოციალური პრობლემებისა თუ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხისთვის გააკრიტიკეს. ყველაფერ ამას პრეზიდენტი მშვიდად ისმენდა. არც საპარლამენტო უმრავლესობის პასუხები იყო მძაფრი. ბევრ კრიტიკულ შენიშვნას პასუხი ხუმრობითაც კი გასცეს.
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას წინ უძღოდა არასაპარლამენტო ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრის ცდა, პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ჩაეკეტათ. სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს ისე, რომ ამას დიდი შეხლა-შემოხლა არ მოჰყოლია.
ასევე ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე შეხვდა ოპოზიცია რუსთაველის გამზირის საპროტესტო აქციის საკნებისგან გათავისუფლებას. საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის, ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციელებმა ოპოზიციის საკნები სავალი ნაწილიდან გზის ნაპირზე გადაიტანეს. შემთხვევის ადგილზე მივიდა პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, რადგან საკნები მის პარტიას ეკუთვნოდა. გამსახურდიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მასთან ერთად არ გამოჩნდნენ ოპოზიციის სხვა ლიდერები და საკუთარი პარტიის წევრებს საკნების დაცარიელება ურჩია.
ოთხშაბათ საღამოს გათავისუფლებულ რუსთაველზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ესკორტმა თავისუფლად გაიარა და ჯოზეფ ბაიდენი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ მიიყვანა, თუმცა ვიცე-პრეზიდენტს შეუმჩნეველი არ დარჩენია ოპოზიციის საპროტესტო ატრიბუტიკა. ეს ბაიდენმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე ახსენა და მას დემოკრატიის გამოხატულება უწოდა.
თბილისში ჯოზეფ ბაიდენი 22 ივლისს, უკრაინიდან ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები კი 23 ივლისს დაიწყო. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შემდეგ კი - ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს.
საუბარი შეეხებოდა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს, კონკრეტული ინსტიტუტების პრობლემებს, საარჩევნო გარემოთი დაწყებული, ხელისუფლების დანაწილების პრინციპით დამთავრებული.
„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე ბაიდენმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად განმსაზღვრელად მომავალში დემოკრატიული რეფორმების განვითარება დაასახელა: „რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები მიმართული იქნება, ასევე, საგარეო საფრთხეების აცილებისკენ, მაგრამ, ძირითადად, ეს ურთიერთობები, ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობა, დაეფუძნება იმას, თუ როგორი პროგრესი იქნება საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით,“ ამბობს ალასანია.
ამის შემდეგ იყო შეხვედრა პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან. ჯოზეფ ბაიდენი სიტყვით წარდგა საქართველოს პარლამენტის წინაშე:
„მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, არამედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც“, აღნიშნა ბაიდენმა. „თბილისში ეს სტუმრობა მართლაცდა გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც დარიგება, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ობამამ ორი კვირის წინ დაადასტურა მოსკოვში, ჩვენ პრინციპების დამცველი ხალხი ვართ. ხალხებმა თვითონ უნდა აირჩიონ პარტნიორები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ მე-19 საუკუნის ცნებებისა - გავლენის სფეროების ადგილი არ არის 21-ე საუკუნეში.“
თავის გამოსვლაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხსაც შეეხო: „ჩვენ არ მივიჩნევთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, არ ვაღიარებთ მათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულს, მათ შორის - თქვენი ტერიტორიიდან ყველა შეიარაღებული ძალის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას.“
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა საქმიანიც იყო და ემოციურიც. ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ აშშ-სთვის საქართველო არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი არა მარტო იმიტომ, რომ მასზე გადის ენერგორესურსების გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოხდა ვარდების რევოლუცია და ქვეყანა, რომელიც ამ რევოლუციით იქცა შთაგონების წყაროდ ამერიკისთვის და იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ახლა ისწრაფიან თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ.
ბაიდენის თქმით, იმისათვის, რათა ბოლომდე ასრულდეს ის იმედები, რაც ვარდების რევოლუციას უკავშირდებოდა, საქართველომ უნდა გააგრძელოს და გააღრმავოს დემოკრატიული ცვლილებები.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირება „დემოკრატიის ახალი ტალღის“ თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას, მის ოპოზიციას და საქართველოს მთელ საზოგადოებას ურჩია, „პოლიტიკური პროცესები განვითარდეს პარლამენტის შენობაში და არა მარტო ქუჩაში; საქართველოს მთავრობის საქმიანობა გახდეს უფრო გამჭვირვალე; მედიის თავისუფლება განმტკიცდეს ისე, რომ მას შეეძლოს ხელისუფლების კონტროლი; გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი.“
როცა ეს ყველაფერი მოხდება, მაშინ ჩაითვლება დასრულებულად ვარდების რევოლუციაო, - განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.
პარლამენტში გამოსვლის შემდეგ მოეწყო ბაიდენის შეხვედრა მათთან, ვინც საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა - შეხვედრა დევნილ ბავშვებთან. ის შედგა ძალიან უშუალო გარემოში და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დევნილ ბავშვებს თავისი პირადი ტრაგედიის შესახებაც უამბო:
„მე ოთხი შვილი მყავს. მაგრამ დიდი ხნის წინ, როცა სენატორი ვიყავი, მე, ჩემი სამი ბავშვი და მეუღლე მანქანაში ვისხედით და კატასტროფაში მოვყევით. ჩემი მეუღლე და ქალიშვილი დაიღუპნენ და ჩემი ორი ვაჟი შეესწრო ამას, თქვენსავით ძალიან ცუდ რამეს შეესწრნენ. ბევრი მეუბნებოდა მაშინ, რომ ჩემს ბავშვებს ეს ტრაგედია დაღს დაასვამდა. მაგრამ ვინც ამას ამბობდა, არ იცნობდა ჩემს ბავშვებს და, საერთოდ, ბავშვებს. ყველაფერი, რაც კი ცუდი გინახავთ, მხოლოდ გაგაძლიერებთ. არსებობს გამონათქვამი ინგლისურად და, ალბათ, არის ქართულადაც: ტრაგედია კაცს ან გააძლიერებს, ან დაასუსტებსო... ძალიან ლამაზები ხართ, ბავშვებო.”
შემდეგ სიტყვა ბავშვებს მიეცათ. მათ შარშანდელი ომით მიყენებული ტკივილი გაიხსენეს და სტუმარს უთხრეს, რომ მათი ოცნება შინ დაბრუნებაა. ჯოზეფ ბაიდენმა გამოთქვა რწმენა, რომ ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ სახლ-კარს.
მანამდე, პარლამენტში გამოსვლისას, ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ვერ ახდება ქართველებისა და მათი ბავშვების ოცნება მანამ, სანამ საქართველო არ გამთლიანდება. რომ რაც უნდა ძნელი იყოს, ქართველებმა უნდა ვიპოვოთ გზები აფხაზებისა და ოსებისკენ და დავარწმუნოთ ისინი, რომ საქართველოშია მათი კეთილდღეობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტია. საქართველო უნდა განვითარდეს და გამთლიანდეს მშვიდობიანად და აშშ მას მხარში ედგება. ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ და არ მიატოვებს მას. ეს სიტყვები ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოში თავისი ვიზიტის დასასრულს თქვა.
საქართველოში ბაიდენის სტუმრობას წინ უსწრებდა ცნობა იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიაში ამერიკელების ჩართვის შესახებ. ბაიდენის გამგზავრების შემდეგ კი ცნობილი გახდა აშშ-ის პოზიცია საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ კრაულის განცხადებით, საქართველო ნატოში გაწევრიანების გზას ადგას, რასაც ვაშინგტონი მხარს უჭერს. ამდენად, სავსებით ლოგიკურია, რომ აშშ და საქართველო სამხედრო სფეროში თანამშრომლობენ.
„ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას, ჩვენს სურვილს, განვაგრძოთ საქართველოსთვის დახმარების გაწევა თავდაცვის სფეროში დასახული მიზნების მისაღწევად და ჩვენს მზადყოფნას, ამ გზაზე მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მთავრობასთან“, განაცხადა ფილიპ კრაულიმ. კითხვაზე, ხომ არ იმოქმედებს ასეთი პოზიცია რუსეთთან ვაშინგტონის ურთიერთობაზე, კრაულიმ უპასუხა: „ვფიქრობ, ჩვენ მკაფიოდ ავუხსენით რუსეთს, რომ, საბოლოო ანგარიშით, ასეთი გადაწყვეტილებები საქართველოს ხალხის მისაღებია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რუსეთთან ამ საკითხებზე მომავალშიც ვიმსჯელებთ.“