Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხი ყველა ქვეყანაში კარგი ცხოვრობს, ზოგჯერ ლიდერები არ უვარგათ


ჯოზეფ ბაიდენი საქართველოდან მიემგზავრება
ჯოზეფ ბაიდენი საქართველოდან მიემგზავრება
საქართველოს პარლამენტში გამოსვლის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ესტუმრა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, სადაც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდა, უპასუხა მათს შეკითხვებს. "ყველაფერი ცუდი რაც შეგემთხვათ, მხოლოდ გაგაძლიერებთ. იმედი მაქვს, თქვენს მამები ომში წასვლა აღარ მოუწევთო", უთხრა ბაიდენმა დევნილ ბავშვებს და მათ მალე საკუთარ სახლებში დაბრუნება უსურვა.

ჯო ბაიდენი რუსეთის თემასაც შეეხო და აღნიშნა, ხალხი ყველა ქვეყანაში კარგი ცხოვრობს, ზოგჯერ ლიდერები არ უვარგათო.

“შეერთებულ შტატებს სულაც არ მოსწონს, რაც რუსეთმა გააკეთა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან საუბარი შევწყვიტეთ. როცა ლაპარაკს წყვეტ, ერთი გამოსავალი გრჩება - იბრძოლო. ქვეყნების უმრავლესობაში კარგი ხალხი ცხოვრობს, უბრალოდ, ზოგჯერ ლიდერები არ უვარგათ."

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზი და ოსი ბავშვები მალე დაინახავენ სხვაობას საქართველოსა და რუსეთს შორის და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად მიიღებენ:

"ის გზა, რომლითაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ შეუერთდებიან დანარჩენ საქართველოს, თქვენს წარმატებაზე იქნება დამოკიდებული. ახლავე აგიხსნით, როგორ. თქვენ მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით. როცა გაიზრდებით, კარგ განათლებას მიიღებთ და წარმატებებს მიაღწევთ, ხელს შეუწყობთ თქვენს ქვეყანაში უკეთესი გარემოს შექმნას. და როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დაინახავს, როგორი აყვავებულია აქაურობა და რამდენი შესაძლებლობა არსებობს კარგი ცხოვრებისთვის, და შემდეგ ჩრდილოეთისკენ გაიხედავს და - თუ ვითარება საგრძნობლად არ შეიცვალა - დაინახავს, რომ იქ რაიმე - ასეთი შესაძლებლობები არ არსებობს, მაშინ, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, იტყვის, საქართველოში მინდაო."

ჯოზეფ ბაიდენმა ბერლინის კედლის მოშლასა და, ზოგადად, კომუნიზმის ნგრევაში ჩვენი რადიოს - რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების წვლილიც ახსენა და აღნიშნა, რომ უწინ ქართველი, უკრაინელი, ჩეხოსლოვაკიელი თუ პოლონელი ხალხები სწორედ ამ რადიოს მეშვეობით იღებდნენ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდებოდა თავისუფალ სამყაროში.

"იმედია, თქვენს მამებს ომში წასვლა აღარასოდეს მოუწევთ. ჩემი შვილიც ჯარშია, ახლა ერაყში იმყოფება. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდება. ყველაფერი ცუდი, რაც გინახავთ მხოლოდ გაგაძლიერებთ. იმ თაობებს, რომელთაც მსგავსი რამ გამოიარეს, შეუძლიათ ბევრი რამ შეცვალონ მომავალში, მათ შორის საკუთარი ცხოვრებაც",- თქვა ბაიდენმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG