Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განადგურდა თუ არა საქართველოს მე-4 ქვეითი ბრიგადა ცხინვალთან ბრძოლებში


თბილისში ყველა სალონურ შეხვედრაზე

თუ უბრალო ხალხმრავალ კაფეში საუბარია იმაზე, რომ ცხინვალთან ბრძოლაში 1000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ყველაზე დიდი დანაკლისი აქვს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბრიგადას, რომელიც, მოარული ხმების თანახმად, თითქმის მთლიანად განადგურდა. იმის გასაგებად, თუ რა ბედია ეწია სინამდვილეში მე-4 ბრიგადას ცხინვალის ბრძოლებში, როგორ იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ქართველი ჯარისკაცები რუსეთთან უთანასწორო ომში, კვირის ბოლოს ამ ბრიგადის მეთაურს გიგი კალანდაძეს შევხვდი.

მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური მაიორი გიგი კალანდაძე დღემდე ყავარჯნით დადის. იგი ცხინვალთან ბრძოლების დროს ფეხში დაიჭრა და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. მეთაურთან მყოფი რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე კი, საავიაციო დაბომბვის შედეგად, ადგილზე დაიღუპა:

[გიგი კალანდაძე] ”მთლიანად ჩემი მმართველობა, ჩემი მძღოლიანად, იქ დაიღუპა. მე, უბრალოდ, გადავრჩი. მეკავშირეები, საარტილერიო ოფიცრები, სულ ყველა ერთად, სადაც ვიყავით, საავიაციო დაბომბვით [დაიღუპა].”(სტილი დაცულია)

28 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მე-4 ბრიგადის პირადი შემადგენლობა დაღუპულ თანამებრძოლებს ეთხოვებოდა. მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალულ 26 ჯარისკაცს შორის, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ, უნდა იყვნენ ამ ქვედანაყოფის მებრძოლები. მაიორ გიგი კალანდაძის თქმით, რუსეთის ავიაციის ინტენსიური დაბომბვის შედეგად, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის ცხედრის გამოტანა ვერ მოხერხდა და ისინი ბრიგადას ჯერჯერობით უგზო-უკვლოდ დაკარგულებში ეთვლება:

[გიგი კალანდაძე] ”49 არის ბრძოლაში დაკარგული. საუბედუროდ, რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ისინიც, ალბათ,დაღუპულები არიან.”

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადა ცხინვალთან მიმდინარე საომარ მოქმედებებში 8 აგვისტოდან ჩაება, ანუ მეორე დღესვე, როგორც კი საქართველოს ხელისუფლების ბრძანებით ქართულმა არტილერიამ ცეცხლი გახსნა უკანონო ფორმირებების საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად. სამხედრო ნაწილის მეთაურის მაიორ გიგი კალანდაძის თქმით, ბრიგადამ ცხინვალის ირგვლივ რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე დაიკავა, რასაც საარტილერიო დივიზიონის ზუსტმა და ეფექტურმა მუშაობამ შეუწყო ხელი.

ამ დივიზიონის მეთაური, კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი ბოლომდე ასრულებდა თავის მოვალეობას, ვიდრე რუსულმა ავიაციამ ქართველ არტილერისტებზე იერიში არ მიიტანა:

[გიგი კალანდაძე] ”განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ჩვენი საარტილერიო დივიზიონის მეთაურმა ერეკლე ყულოშვილმა, რომელმაც ხეთაგუროვისა და ტყვიავის მხარეს მიგვიყვანა ბოლომდე. ეს იყო ზუსტი საარტილერიო დარტყმები. ზუსტად ის ობიექტები იყო განადგურებული, საიდანაც გვესროდნენ. ანუ ის უზრუნველყოფდა სიზუსტეს, კოორდინატების ზუსტად გადაცემას საარტილერიო ბატარეისთვისა და დივიზიონისთვის. საავიაციო დაბომბვაში დაიღუპა.”
(სტილი დაცულია)

საავიაციო დაბომბვის შედეგად, ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპნენ მე-4 ბრიგადის საარტილერიო დივიზიონისა და პირველი ბატალიონის მეთაურები და ასევე ამ ქვედანაყოფების შტაბის უფროსები. მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბრიგადაზე საავიაციო იერიში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა 9 აგვისტოსაც გაიმეორეს. მსხვერპლი კიდევ უფრო მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა კაპრალ ზაზაძის გმირული მოქმედება:

[გიორგი კალანდაძე] ”იგი, როგორც იტყვიან, პირდაპირი დამიზნებით ესროდა ტანკებს, ისე ახლოს იყვნენ ტანკები. მან გადაარჩინა ბევრი, მისმა ორგანიზებულობამ, მისმა, რა ვიცი..”

ბრიგადის მეთაურის გიგი კალანდაძის თქმით, გმირია ყველა მებრძოლი, ვინც ამ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. თუმცა მეთაური გაზვიადებულს და განზრახ დამახინჯებულს უწოდებს ცნობებს მე-4 ბრიგადის პირადი შემადგენლობიდან რამდენიმე ასეული ჯარისკაცისა და ოფიცრის დაღუპვის შესახებ:

[გიგი კალანდაძე] ” რეალურად დაგვეჭრა 320 კაცი. ოფიციალურად, რასაც ჰქვია, ოფიციალურად დადასტურებული და ამოცნობილი 13 კაცია გარდაცვლილი. ”(სტილი დაცულია)

მე-4 ბრიგადის - ისევე როგორც სხვა ბრიგადისა და ქვედანაყოფების -დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების უკვდავსაყოფად მათი სახელები გმირთა მოედანზე აღმართულ ხსოვნის კედელზე ამოიტვიფრება, ბევრსაც სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ. მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დადგინდება რუსეთ-საქართველოს 5 დღიან ომში დაღუპულ სამხედროთა ვინაობა. ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო უწყების დანაკარგები 178 ადამიანია. გენეტიკური ანალიზით დადგინდება ვინაობა იმ 43 ჯარისკაცისა, რომელთა ცხედრები, გადმოცემის პროცესის გაჭიანურების გამო, მხოლოდ მე-20 დღეს მიაბარეს მშობლიურ მიწას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG