Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: თბილისში ბუშის ვიზიტი იქნება აშშ-ის მხარდაჭერა თავისუფლებისადმი და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი"


საქართველოს ხელისუფლება პოსტსაბჭოთა სივრცეში

ახალი პოლიტიკური მოდის გამტარებლის იმიჯს იქმნის და თან საკუთარ ქვეყანაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის მოლოდინშია. ჯორჯ ბუშის ამ ვიზიტს ექსპერტები სხვადასხვა მოტივით ხსნიან, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ ბუშის ვიზიტი საქართველოში ამ ქვეყნისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერის სერიოზული გამოხატულება იქნება.

ამ ვიზიტამდე საქართველოს რეალობის შესწავლა გასულ კვირაში ამოწურა ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც გარდამავალ დემოკრატიათა პროექტის დირექტორი ბრიუს ჯექსონი მეთაურობდა. გასული კვირის მიწურულს თბილისში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეც იმყოფებოდა.

ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი რუპელთან შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის შეწყვეტისა და საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამ შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ელის სერიოზულ წინსვლას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში. ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა გარკვეული წინსვლა აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების მიმართულებითაც ივარაუდა. როგორ და ვისი ძალისხმევით შეიძლება მოხდეს ეს, ამაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს ექსპერტს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “სწორი პოზიცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. იქ ხვდებიან, რომ საქართველოს აგრესიულმა პოლიტიკამ შეიძლება გააფუჭოს სიტუაცია. ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენი ხელისუფლება ვერ ხედავს, - იმას, რომ კონფლიქტის ესკალაცია მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ამიტომ ბუშის ჩამოსვლა არის არა დემოკრატიის მხარდაჭერა, არამედ ტერიტორიის შემოფარგვლა რუსეთის საწინააღმდეგოდ. თუ რამე ხელს აძლევს რუსეთს, ეს არის ჩვენი აგრესიულობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორმე უნდა მოთოკოს ჩვენი აგრესიულობა."

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიაღწევს საქართველო მიზანს - გახდეს მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შესთავაზებს საქართველო აფხაზებს და ოსებს ისეთ წინადადებებს, როგორსაც მათ რუსები ვერ შესთავაზებენ, - ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი. საქართველოში ჯორჯ ბუშის ვიზიტის ძირითად არსს ის საქართველოს ხელისუფლების აგრესიულობის მოთოკვაში ხედავს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კი თბილისში 10-11 მაისს ელიან. “ეს ვიზიტი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა თავისუფლებისადმი და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისადმიო,” - ნათქვამი იყო თეთრი სახლის განცხადებაში. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: “განაცხადი იმის შესახებ, რომ ბუშის აქ ვიზიტი იქნება მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისა ბევრს ნიშნავსო." თუმცა, ვიზიტის ძირითად მიზანზე მას პაატა ზაქარეიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებისგან განსხვავებული შეხედულება აქვს:

[გელა ჩარკვიანის ხმა] “ამერიკის ქმედებას ჩვენ ვუყურებთ მერკანტილური მიზნით: ალბათ, ამერიკას აქვას ძალიან დიდი ინტერესები და ამიტომ... ნავთობი, ფული... არ არის ასე. ეს გაცილებით რთული ქვეყანაა, ვიდრე ჩვეულებრივი პრაგმატიზმი. ეს არის ქვეყანა, ანთებული იდეით; ეს არის ქვეყანა, სადაც ღერძი ღირებულებებისა არის თავისუფლება და იქ, სადაც ეს ქვეყანა ხედავს თავისუფლების მექანიზმების ეფექტურ ჩამოყალიბებას, მაქსიმალურად მხარს უჭერს ამას. საერთოდ, ამერიკის კონცეფცია არის დემოკრატიული მსოფლიო და საქართველო ამ საქმეში ხვდება. ეს არის ქვეყანა, რომელიც ატარებს ძალიან მტკივნეულ რეფორმებს, რათა გახდეს უფრო დემოკრატიული და უფრო თავისუფალი და არ შეიძლება ამერიკამ მხარი არ დაუჭიროს თავისუფლებას." (სტილი დაცულია)

“ნავთობი, გეოსტრატეგია თავისთავად არის ამერიკის მთავარ პოლიტიკურ კონცეფციაში, მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ ეს არის ერთადერთი ფაქტორი,“ - აღნიშნავს გელა ჩარკვიანი. მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, პირველ რიგში, უნდა აღვიქვათ აქ მიმდინარე მტკივნეული რეფორმების მხარდაჭერად, რეფორმებისა, რომლებმაც ქვეყანა უფრო დემოკრატიული უნდა გახადოს. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხსა და აქ მიმდინარე რეფორმებზე არცთუ მაღალი წარმოდგენა აქვთ ადგილობრივ ექსპერტებს, მათ შორის, იურისტ ხიდაშელს. გასულ კვირაში საქართველოს რეალობის შესწავლა ამოწურა ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფმა, "გარდამავალ დემოკრატიათა პროექტის" დირექტორის ბრიუს ჯექსონის მეთაურობით. ამერიკელ ექსპერტებს ჰქონდათ შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, თუმცა ქვეყნის რეალობაზე სრულფასოვანი წარმოდგენის შესაქმნელად შეკითხვებით მათ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც მიმართეს. შეხვედრა თინა ხიდაშელთან ამერიკელების ინიციატივით შედგა. თინა ხიდაშელს ჩვენ ვთხოვეთ განემარტა, როგორ აღწერა მან ამ შეხვედრაზე საქართველოს რეალობა. ის ფიქრობს, რომ საქართველოს პრობლემების სათავე ხელისუფლებებს შორის დისბალანსშია:

[თინა ხიდაშელის ხმა] “პირველი რიგის ამოცანაა ქვეყნის ინსტიტუციონალური დემოკრატიზაცია, რომელსაც უნდა მოჰყვეს პრაქტიკული დემოკრატიზაცია. ეს იყო ჩემი წუხილის პირველი ბლოკი. ანუ ცენტრალური ხელისუფლების მდგომარეობა, ურთიერთბალანსი და მეორე - რეგიონალიზმი, დეცენტრალიზაცია ხელისუფლების და არა კონცენტრაცია. მეორე ბლოკი არის მდგომარეობა ადამიანის უფლებების მხრივ. მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა. ეს ბრიუს ჯექსონსაც ვუთხარი. არ ვფიქრობ, რომ შევარდნაძის პერიოდზე უარეს მდგომარეობაში ვართ, მაგრამ არც უკეთესობაა. რაღაც სტაგნაციაში ვართ." (სტილი დაცულია)

ბრიუს ჯექსონს და მის მეგობრებს ბოლო შეხვედრები სახელმწიფო კანცელარიაში ჰქონდათ. იქ მათ დატოვეს ზოგადი შინაარსის რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქმედებაში იყოს უფრო აქტიური, რათა დაჩქარდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია.

[გია ბარამიძის ხმა] "ჩვენ ასევე გვქონდა მსჯელობა, რანაირად შეიძლება იქნეს გამოყენებული უფრო უკეთესად ჯორჯ ბუშის ვიზიტი ამ კუთხით - საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების გაძლიერებისთვის." (სტილი დაცულია)

ეს იყო სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე. მან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების გაძლიერებისთვის მუშაობა ახსენა. ამ მიმართულებით ხელისუფლება სრულიად ახლებურად მოქმედებს. რევოლუციაში გამობრძმედილი დეპუტატების მივლინება რევოლუციურ კერებში, პრეტენზიის გამოხატვა რევოლუციურ სიტუაციებში მხარეებს შორის შუამავლის როლზე -საქართველოსთვის ახალი საერთაშორისო მისიის მოსარგებად კეთდება. “საქართველო ქმნის ახალ რეალობას პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის ამ სივრცეში ახალი პოლიტიკური მოდის გამტარებელი" - განაცახდა გასულ კვირაში მიხეილ სააკაშვილმა, მიესალმა ყოფილ საბჭოთა სივრცეში თავისუფლებისთვის აგორებულ მოძრაობას და მეორე დღეს ოფიციალური ვიზიტით ყახაზეთში გაემგზავრა. იქ ასტანას არქიტექტურით და, საერთოდ, საქმისადმი ყახაზების დამოკიდებულებით მოიხიბლა. სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ყახაზეთის ლიდერს, რომელმაც ყირგიზეთში მომხდარი ბანდიტიზმად შეაფასა, და სამშობლოში ჩამოიტანა ნაზარბაევის წინადადებები საქართველოში ყაზახური ინვესტიციების ჩადების, აგრეთვე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ყაზახური ნავთობის ჩატვირთვისა და საქართველოსკენ ყაზახური გაზის გამოტარების შესაძლებლობების შესახებ. ყახაზეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს ელოდა არაოფიციალური შეხვედრები სომხეთის ლიდერთან. მართალია, უამინდობის გამო ქოჩარიანმა და სააკაშვილმა გუდაურში ვერ ისრიალეს, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ უფრო მეტი დრო დარჩათ რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ მიზნებზე ერთმანეთისთვის აზრის გასაზიარებლად. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სწორედ ამ მისიით ჩამოვიდა. შეგახსენებთ: ახლახან, ერევანში პუტინის ვიზიტისას, 2005 წელი სომხეთში რუსეთის წლად გამოცხადდა.

სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ უფრო - საგარეო ასპარეზზე აქტიურობით. ქვეყნის შიგნით ისევ მძლავრობს პრობლემები, რომლებიც მას სწორედ რუსულ სივრცეში ექაჩება. საქართველოში სასამართლოს სანოტარო სამსახურს ადარებენ. იმას, რომ ხელისუფლების ეს შტო არ არის დამოუკიდებელი, იმას, რომ მოსამართლეებს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს უკარნახებს, მოსამართლეებიც აღნიშნავენ.

[კოტე კუბლაშვილის ხმა] "ასეთი ჩარევებით - თითქოს კარგ მიზანს ემსახურება ეს ჩარევები, მათი აზრით - საბოლოო მიზანი ვერ იქნება მიღწეული."

აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. მან უკვე გადადგა რამდენიმე რეფორმისტული ნაბიჯი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ზღვაში წვეთია. საქართველოში სასამართლოს არ ენდობიან და მის გადაწყვეტილებებს, ერთმანეთის მიყოლებით, სტრასბურგში ასაჩივრებენ. გასულ კვირაში რაიონულმა სასმართლომ ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მიურცხულავას 10 წლიანი პატირობა მიუსაჯა. მირცხულავას ადვოკატები რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საოლქო სასამართლოში ასაჩივრებენ. შემდეგ ჯერი უზენაეს სასამართლოზე მიდგება, ბოლო ინსტანცია კი, ალბათ, ისევ სტრასბურგი იქნება.

უკმაყოფილებას მარტო სასამართლო ხელისუფლება არ იწვევს. რეფორმებად მონათლული შემცირებები, მძაფრი ენერგოკრიზისი, გაზრდილი ფასები, ხელისუფლებით გართობის ნიშნები, ხელისუფლების უმოქმედობა ბევრი მიმართულებით - ყველაფერი ერთად უდრის იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი ერთი წლის მანძილზე 25 პროცენტით დაცემულა (მარკეტინგული კვლევების ასოციაციის, “გორბის”, მონაცემებით). ხელისუფლების წარმომადგენლები “გორბის” მონაცემებმა ერთგვარ ტრაგიზმში ჩააგდო. არადა, როგორც ჩანს, ხელისუფლებისადმი და, კერძოდ, პრეზიდენტისადმი საზოგადოების დამოკიდებულების თვალსაზრისით, ვითარება შედარებით ნორმალური გახდა.
როგორც ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტის 100 პროცენტიანი რეიტინგი საზოგადოებას დადებითად არ ახასიათებს, მაგრამ, მისი აზრით, ხელისუფლებას მარტო რეიტინგის ჩამოკლება არ გამოაფხიზლებს.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “მანამ, სანამ ოპოზიციის რეიტინგი არის დაბალი, ხელისუფლება არის მძინარე. მას რეიტინგის კლება არ გამოაფხიზლებს. საზოგადოებაში მიდის ხელისუფლებით განხიბვლა, მაგრამ არ ხდება ოპოზიციით მოხიბვლა. და, მართალი გითხრათ (ჩემთვის ძნელია ამაზე ლაპარაკი, რადგან ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ), ოპოზიციით მოხიბლული მე თვითონ ვერ ვარ."
XS
SM
MD
LG