Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტის დეპარტამენტი აღიარებს, მაგრამ ვერ აფინანსებს


ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საქართველოში კვლავ ალაპარაკდნენ სპორტისა და მეცნიერების თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

ცნობილი ამბავია: თვალსაჩინო სპორტული შედეგები, როგორც წესი, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებს ეფუძნება. ამას ადასტურებს დიდი სპორტის განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიციულად ძლიერი სპორტული ქვეყნების პრაქტიკა. მნიშვნელოვანი და სტაბილური სპორტული წარმატება სწორედ სპორტისა და მეცნიერების მჭიდრო თანამშრომლობას მოაქვს. ამ საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას ჩვენშიც არავინ უარყოფს, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი კეთდება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო - ქართულ სპორტში მუდამ იგრძნობოდა წვრთნის თანამედროვე და მოწინავე მეთოდიკის დეფიციტი, მწვრთნელ-პრაქტიკოსებს ხელი არ მიუწვდებოდათ ტექნიკურ სიახლეებზე, მეტწილად, ქაღალდზე რჩებოდა მეცნიერთა მნიშვნელოვანი თეორიული რეკომენდაციები. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა პოსტსაბჭოურ პერიოდში, როცა ქართული სპორტი საერთაშორისო სპორტულ სამყაროსთან პირისპირ მარტო დარჩა - გამოუცდელი და დამოუკიდებელი არსებობისთვის მოუმზადებელი. წლები გავიდა, მაგრამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია აქამდე ვერ მოხერხდა, დასავლური სტანდარტები და ტექნოლოგიები ჩვენი სპორტისთვის კვლავ უცხო ხილად რჩება, ყოფილ საბჭოთა კოლეგებთან თანამშრომლობის აღდგენაზეც არავის უფიქრია. ამასობაში, უფრო შეთხელდა სპორტში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ისედაც მცირე ჯგუფი, რომლის პროდუქციასაც ქართულ ბაზარზე მუშტარი იშვიათად თუ გამოუჩნდება. ამ საქმისთვის ფულის გაღებას არც საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, რომელმაც, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის აკადემიასთან ერთად, საგანგებო თათბირ-სემინარი მოიწვია. ქართული სპორტის ხელმძღვანელები, მეცნიერები, სპორტული ფედერაციებისა და მწვრთნელთა კორპუსის წარმომადგენლები შეეცადნენ საფუძვლიანად განეხილათ საქართველოს ნაკრები გუნდების სამეცნიერო-კომპლექსური მომსახურების პრობლემები. სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ქართული სპორტის უფროსობა, მართალია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სპორტსმენთა წვრთნის მეცნიერულ უზრუნველყოფას, მაგრამ, უსახსრობის გამო, მეცნიერ-პედაგოგთა შრომას ჯერჯერობით ვერ აანაზღაურებს. გამოდის, რომ ამ ხალხმა, აკადემიის 40-ლარხელფასიანმა პროფესორებმა და დოცენტებმა, “პატრიოტული” ვალი კიდევ ერთხელ უნდა მოიხადონ და უანგაროდ ემსახურონ ჩვენს სპორტს. ასეთი თავდადებისთვის მადლობის მეტი რა ეთქმით, მაგრამ სახსრები მაინც საჭირო იქნება, თუნდაც კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად და ფასიან საითებზე განთავსებული უახლესი და აუცილებელი ინფორმაციის მოსაპოვებლად. არადა, ელემენტარული სამუშაო პირობების გარეშე, საეჭვოა, სამეცნიერო-კომპლექსური ჯგუფების ძალისხმევამ რაიმე რეალური შედეგი გამოიღოს. ზემოთ ნახსენებ თათბირ-სემინარზე 20 ასეთი ჯგუფი შეიქმნა - სპორტის სახეობების თავისებურებებისა და სამეცნიერო-სამედიცინო მომსახურების ფორმების გათვალისწინებით. ამ ჯგუფების კოორდინატორად სპორტის აკადემიის პროფესორი დურმიშხან ჩიტაშვილი აირჩიეს.

(დურმიშხან ჩიტაშვილის ხმა) “ეს სამსახური ეგრეთ წოდებული სამეცნიერო-კომპლექსური ჯგუფია, რომელიც მოემსახურება ყველა სპორტის სახეობას, ძირითადად, იმათ, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ოლიმპიურ თამაშებში. ნაკრებ გუნდებს - რომ იტყვიან, ოლიმპიურ ელიტას - მოემსახურება, ძირითადად. ჩვენმა აკადემიამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეულ ფარგლებში, სადაც შეგვიძლია, აბსოლუტური მომსახურება გავუწიოთ საქართველოს ნაკრებ გუნდებს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.”

ბატონი დურმიშხანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები გუნდების მწვრთნელები გულისყურით მოეკიდებიან სამეცნიერო ჯგუფების რეკომენდაციებს და გაითვალისწინებენ ყოველდღიურ საქამიანობაში. დაგეგმილია ოლიმპიური ნაკრების წევრებისა და კანდიდატების სისტემატური სამედიცინო და ტესტური შემოწმება, საჭირო მედიკამენტებით მომსახურება. ამ თემაზე დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა, პროფესორმა რომანოზ სვანიშვილმა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა გია აბესაძემ. ამ უკანასკნელის აზრით, აუცილებელია საქართველო უახლოეს მომავალში შეუერთდეს ევროსაბჭოს კონვენციას სპორტში დოპინგის აკრძალვის თაობაზე და შეიქმნას ანტისადოპინგო კომისია - მუდმივმოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანდებიან სპორტის, ჯანდაცვის, განათლების, მასმედიის წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები. გია აბესაძე აღიარებს, რომ დოპინგურ საშუალებებს, სხვადასხვა სტიმულატორებს ქართველი სპორტსმენებიც იყენებენ და ამას, მეტწილად, გაუცნობიერებლად აკეთებენ.

(გია აბესაძის ხმა) “არ არის დასამალი, რომ ჩვენი სპორტსმენები იღებენ დოპინგს. მაგრამ დღეს, თანამედროვე სპორტში, შეუძლებელიც არის წარმატებებზე ფიქრი, თუ გარკვეული სტიმულატორები, გარკვეული კვების დანამატები არ მიიღე. მაგრამ ძალიან რთულია. თქვენ გახსოვთ, ალბათ, ასანიძის შემთხვევა, როდესაც მას დისკვალიფიკაციაც კი მისცეს და გარკვეული პერიოდი ჩამოაშორეს კიდევაც სპორტს. ამიტომ ამ საქმეში მე არ მიმაჩნია სწორად, როდესაც მწვრთნელები და სპორტსმენები თვითნებურად წყვეტენ ამ საკითხებს. არის უამრავი პრეპარატი, არის უამრავი კვების დანამატი, რომელიც არ შედის აკრძალულ პრეპარატთა ჩამონათვალში, მაგრამ საოცრად აძლიერებს, დავუშვათ, ბრძოლისუნარიანობას, გამძლეობას და ა.შ. მაგრამ ამ პრეპარატებს ჩვენი სპორტსმენები და, მითუმეტეს, მათი მწვრთნელები არ იცნობენ.”

სპორტის აკადემიაში გამართულ თავყრილობას, ალბათ, საქმეც მოჰყვება, საქმეს კი - პირველი კონკრეტული შედეგები. მერე სპორტულმა ორგანიზაციებმა, იქნებ, ამ პროექტის დაფინანსებაზეც იზრუნონ და მომავალი წლის ბიუჯეტში მცირედი თანხა მაინც გაითვალისწინონ. უამისოდ შორს ვერ წავალთ.

XS
SM
MD
LG