Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა არ ფიქრობს „სიღრმისეულ თავდაცვაზე“ გადასვლას


ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი
ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი

„2024 წელი არის შანსი უკრაინისთვის, რომ ახალი შეტევითი ოპერაციებით მიაღწიოს შედეგებს ბრძოლის ველზე: გაარღვიოს სამხრეთის ფრონტი და დაიწყოს ყირიმის დეოკუპაცია“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის პასუხად.

ჟურნალისტი, მაიკლ ჰირში, 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში, რამდენიმე ამერიკელ და ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინასთან განიხილავს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვეყნის აღმოსავლეთში უფრო სიღრმისეულ თავდაცვაზე გადასვლის საკითხს. ამასთან, მათი თქმით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს კიევის პოზიციების განმტკიცებას და „ძლიერი ხელის“ ჩამოყალიბებას მოსკოვთან მოლაპარაკების შემთხვევაში.

მაგრამ უკრაინაში ფიქრობენ, რომ „ყრუ თავდაცვაში“ გადასვლა უფრო მეტად სწორედ ვლადიმირ პუტინს აძლევს ხელს.

მოკლედ იმაზე, თუ რა წერია Politico-ში

ამერიკული გამოცემა Politico აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის რიტორიკაში ოფიციალური ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ შეერთებული შტატები ახლა უკრაინის ხელისუფლებასთან განიხილავს უფრო ღრმა თავდაცვითი პოზიციების დაკავების ვარიანტს.

ეს მოიცავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ბარიერების მშენებლობას ფრონტის ხაზის გასწვრივ, ასევე - ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და თხრილების გაძლიერებას უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბელარუსთან. თეთრი სახლის წარმომადგენელი ანონიმურობის გარანტიით ამბობს, რომ თავდაცვის ტაკტიკაზე გადასვლა მიზნად ისახავს უკრაინის პოზიციის განმტკიცებას მომავალ მოლაპარაკებებში.

თუმცა, თეთრი სახლის ანონიმური წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით, მოლაპარაკებები დაგეგმილი არაა და უკრაინის ჯარები თავდასხმას აგრძელებენ, რისგანაც მათ ბაიდენის ადმინისტრაცია „არ აკავებს“.

სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დისკუსიების დაწყება გამოცემას დაუდასტურა კონგრესის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვით აღნიშნა, რომ თეთრ სახლს თავისი პოზიციებიდან საჯარო უკან დახევა არ შეუძლია, ბაიდენისთვის პოლიტიკური რისკის გამო.

Politico-ს თანამოსაუბრეების განმარტებით, სტრატეგიის ცვლილება შეერთებული შტატების მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. გაჭიანურებულმა კონფლიქტმა ხელშესახები წარმატების გარეშე, შეიძლება გაართულოს ჯო ბაიდენის ხელახალი არჩევის კამპანია და დონალდ ტრამპს მისცეს ხელი.

23 დეკემბერს The New York Times-მა ორ ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი 2023 წლის სექტემბრიდან სხვადასხვა დიპლომატიური არხით მიანიშნებდა მზადყოფნას უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, კონფლიქტის ამჟამინდელი ფრონტის ხაზის ფარგლებში "გაყინვის“ პირობით.

"რუსეთი ყოველდღიურად სჩადის სამხედრო დანაშაულს"

შედეგებში იგულისხმება სამხრეთის ფრონტის გარღვევა და ყირიმის დეოკუპაციის, ყოველ შემთხვევაში, მისი დაწყებისკენ მიმართული ოპერაცია.
მიხაილო სამუსი

იმ ფონზე, როდესაც კიევი რუსეთთან მოლაპარაკების პირობად ასახელებს რუსეთს ჯარების სრულ გაყვანას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, მათ შორის 2014 წელს ანექსირებული ყირიმიდან, - უკრაინაში ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთში უფრო სიღრმისეულ თავდაცვაზე გადასვლის იდეა, არაფრით განსხვავდება კონფლიქტის ამჟამინდელი ფრონტის ხაზის ფარგლებში "გაყინვის“ პირობისგან.

"ჩვენ უკრაინაში სიტუაციას აბსოლუტურად საპირისპირო მეთოდით ვაფასებთ. 2024 წელი, პირიქით, არის შანსი ახალი შეტევითი ოპერაციებისათვის ბრძოლის ველზე შედეგების მისაღწევად, რაც უნდა მოხდეს აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებამდე. შედეგებში იგულისხმება სამხრეთის ფრონტის გარღვევა და ყირიმის დეოკუპაციის, ყოველ შემთხვევაში, მისი დაწყებისკენ მიმართული ოპერაცია. მაგრამ თუ უკრაინა 2024 წელს „ყრუ დაცვაში“ ჩაჯდება და პუტინს მისცემს შანსს, რომ განახორციელოს, მაგალითად, დონბასის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაცია, მიაღწიოს შედეგს, ხოლო უკრაინა არ განახორციელებს სამხრეთში შეტევით ოპერაციებს, - მაშინ უკრაინა, პრაქტიკულად, დაკარგავს შანსს, აშშ-ში ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, რამენაირად შეცვალოს სიტუაცია ან შექმნას პირობა ფრონტის ხაზზე სტრატეგიული ვითარების შესაცვლელად", - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა მიხაილო სამუსმა.

უკრაინაში ფიქრობენ, რომ სტრატეგიული ვითარების შეცვლა, თავის მხრივ, აიძულებს უკვე ახლად არჩეულ აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ანგარიში გაუწიოს ქვეყნის დეოკუპაციისკენ მიმართული შეტევითი ოპერაციის გაგრძელებას.

"მაშინაც კი, თუ აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ის იძულებული იქნება მხარი დაუჭიროს წარმატებულ უკრაინას და არა „ლუზერ“ პუტინს“, - ამბობს სამუსი.

„მაგრამ, თუ უკრაინა დაცვაში ჩაჯდება, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, პუტინი მას ეტყვის: აი, ნახეთ, თქვენ ათობით მილიარდ დოლარს აბსოლუტურად უსარგებლოდ ხარჯავთ. უკრაინას არ ძალუძს რაიმეს მიღწევა. ზის თავდაცვაში, ხარჯავს თქვენს ფულს, ამიტომ მოდით დავამთავროთ ეს ომი, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ხელი მოვაწეროთ უკრაინის კაპიტულაციას. ეს გულისხმობს, რომ უკრაინა არ გახდება არც ნატოსა და არც ევროკავშირის წევრი, უკრაინა იქნება ნეიტრალური, დემილიტარიზებული და ფედერალური სახელმწიფო. გარდა ამისა, რუსეთი შეიმუშავებს უკრაინის ე.წ. აღდგენის საკუთარ სქემას, როგორც ერთგვარ კომპენსაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მან უკრაინას მიაყენა. ამიტომ მსგავს ("პოლიტიკოში" გამოქვეყნებულ) პუბლიკაციებს უკრაინაში პრინციპში აფასებენ, როგორც ექოს გარკვეული რუსული იდეებისა და კონცეფციებისა, რომ მოსკოვი აიძულებს უკრაინას დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან კაპიტულაციის ხელმოსაწერად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამუსმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს უკრაინელ პოლიტოლოგს, ევჰენ მაგდას. იგი არ არის დარწმუნებული, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სწორედ იმგვარი შეხედულება აქვს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, როგორც „პოლიტიკოს“ წყაროები, თუნდაც თეთრ სახლთან დაკავშირებული, ინსაიდერები ფიქრობენ.

„შესაბამისად, ჩემი აზრით, მსგავსი პუბლიკაციების უარყოფას აზრი არ აქვს. უკრაინა მასზე უნდა რეაგირებდეს შიდა ცვლილებებით. რადგან ძალიან ძნელია მოითხოვო აშშ-ისგან ახალი დახმარება, თუ საკუთარ ბიუჯეტში მეორეხარისხოვან ხარჯებს არ შეამცირებ, მით უფრო, რომ არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ საკმაოდ ძნელი წელი გველოდება. მაგრამ იმის თქმა, რომ აშშ-ს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და აიძულოს მას თავდაცვაზე გადასვლა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში გაზვიადებულია. რადგან დღეს უკრაინაში, ჩემი აზრით, არ არის პოლიტიკოსი, რომელიც მზად იქნება ხელი მოაწეროს რაღაც შეთანხმებებს რუსეთთან. ასეთი პოლიტიკოსი ფიზიკურად არ არსებობს, რადგან რუსეთი აწარმოებს ომს და ის ყოველდღიურად სამხედრო დანაშაულს სჩადის. და ესეც ფაქტია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

მანამდე, The New York Times-ი წერდა, რომ პენტაგონი უკრაინას ურჩევს, 2024 წლის განმავლობაში მისდიოს სტრატეგიას „შეაჩერე და ააშენე“. ამის შემდეგ, ალბათ, 2024 ან 2025 წლის ბოლოს გაჩნდება რუსეთთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების რეალური შესაძლებლობა, წერდა გაზეთი.

უკრაინელების რუსეთთან მოსალაპარაკებლად საუკეთესო პოზიციაში დასაყენებლად შესაძლოა გამოდგეს უკრაინის ნატოში მიღების პროცესის დაჩქარება, განუცხადა Politico-ს ვაშინგტონში ევროპელმა დიპლომატმა.

„ამ ომის გრავიტაციული ცენტრი ყირიმში მდებარეობს“

მომავალი წელი ალბათ კიდევ უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ბრძოლა და ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლება.
გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი

„პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში კიდევ ერთი ფაქტორი იქცევს ყურადღებას. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების „სიღრმისეულ თავდაცვაზე“ გადასვლის საკითხს მხოლოდ ქვეყნის აღმოსავლეთში, ანუ დონბასში განიხილავს.

ეს არის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, სადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დიდი დანაკარგების ფასად უხდებათ ფრონტის ხაზის შენარჩუნება.

განსაკუთრებით ეხება ეს დონეცკის ოლქს, სადაც რუსეთის არმიამ ბოლო ხანს რამდენიმე მცირე ტაქტიკურ წინსვლას მიაღწია მარინკის მიმართულებით.

მოსკოვმა 25 დეკემბერს გამოაცხადა, რომ დაიკავა ეს ქალაქი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ 26 დეკემბერს თქვა, რომ უკრაინის ჯარებმა გადაინაცვლეს ქალაქ მარინკის გარეუბნებისკენ, თავად ქალაქი კი, უკრაინული სარდლობის ცნობით, მიწასთან არის გასწორებული.

ბრიგადის გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი
ბრიგადის გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი

„ფრონტის ხაზზე ვითარება ჯერ კიდევ არ შესულა ჩიხში, მაგრამ მდგომარეობა რთულია, რუსეთის ჯარები გააქტიურდნენ ფრონტის მთელ ხაზზე. მათ სურთ, წლის ბოლომდე ხელთ იგდონ თუნდაც ავდეევკა, მარინკა კი, ფაქტობრივად, გაანადგურეს, - განაცხადა "ბიბისის" უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ტავრიის" მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ, რომლის თქმით, ავდეევკაში რუსები წინსვლას სწორედ უკრაინელი ჯარისკაცების აქტიური თავდაცვითი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ.

რაც შეეხება მომავალ წელს, გენერალი ტარნავსკი დარწმუნებულია, რომ იგი 2023 წელზე კიდევ უფრო რთული იქნება სწორედ იმიტომ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გაისად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეეცდებიან.

„ვფიქრობ, მომავალი წელი ალბათ კიდევ უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ბრძოლა და ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლება. და რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ამოცანის შესრულებას, ჩვენს საზღვრებზე გასვლის მთავარ მიზანს, ეს კიდევ უფრო რთული გახდება. მტერმა იცის ამის შესახებ და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ამ ამოცანის შესრულება“, - აცხადებს გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი და აზუსტებს, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის ომის დასრულება ნიშნავს მხოლოდ ერთადერთ რამეს - „გამარჯვებას“.

ეს "გამარჯვება" შეიძლება მხოლოდ ფრონტის ყველა მიმართულებით, როგორც აღმოსავლეთში (დონეცკი-ლუგანკსკი), ისე სამხრეთში (ზაპოროჟიე-ხერსონი) და, განსაკუთრებით, ანექსირებული ყირიმის მიმართულებაზე ერთობლივი მოქმედების შედეგად გახდეს შესაძლებელი.

“უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია ყირიმის დეოკუპაციის დაწყება 2024 წელს. ანუ ამ ომის გრავიტაციული ცენტრი ყირიმში იმყოფება. ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააკეთებენ ყველაფერს, რათა დაიწყონ ყირიმის ფიზიკური დეოკუპაცია. მანამდე კი, ცხადია, მოხდება სარაკეტო იერიშები ყირიმის ნებისმიერ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე, რომელიც მომდევნო წელს მთლიანად უნდა განადგურდეს. ასევე იქნება სარაკეტო იერიშები სამხედრო ავიაციის კუთვნილ აეროდრომებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემების ბაზირების ადგილებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო სტრუქტურის სხვა ობიექტებზე. ხოლო როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები გაარღვევენ მტრის თავდაცვით ხაზს სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, და უშუალოდ მიუახლოვდებიან ყირიმს, მაშინ დაიწყება სახმელეთო ოპერაციაც“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.

მათ შორის ჩაიძირა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა".

26 დეკემბერს კი "მოსკვის" ბედი, სავარაუდოდ, გაიზიარა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო ხომალდმა "ნოვოჩერკასკმა"

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG