კრემლის უკიდურესად გაღიზიანებული რეაქცია მოჰყვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, პოლონიუმით მოწამვლისთვის.
კრემლის პრესმდივანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „უსაფუძვლო“ და დასძინა, რომ რუსეთი არ არის მზად მის შესასრულებლად.
სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის პარალელურად, 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიციამ უკვე მესამე პირს წაუყენა ბრალდებები მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
სკოტლანდ იარდმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვება სერგეი ფედოტოვის სახელით ცნობილი პირის წინააღმდეგ, რათა მის მიმართ საქმე აღიძრას მკვლელობის მიზნით შეთქმულების, მკვლელობის მცდელობის, ქიმიური იარაღის ფლობისა და გამოყენების, ასევე მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენების ბრალდებებით.
რა წერია სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტში?
21 სექტემბერს თავის ვერდიქტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის პროკურატურამ, რომელიც ლიტვინენკოს მოწამვლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არავითარი მონაცემი არ წარუდგინა.
შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული გამოძიება არაეფექტიანი იყო.
თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაკომპეტენტურობას საყვედურობს კრემლი, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას.
„ევროპულ სასამართლოს ნამდვილად არ გააჩნია უფლებამოსილება ან ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომ მოეპოვებინა ინფორმაცია ამის თაობაზე. თქვენ იცით, რომ დღემდე [ლიტვინენკოს დაღუპვის] გამოძიების არავითარი შედეგი არ არსებობს. ასეთი გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. ჩვენ არ ვართ მზად, რომ ყურად ვიღოთ ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.
სხვა სიტყვებით, რუსეთი არ აპირებს გადაიხადოს ის ფულადი ჯარიმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა.
სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ავალდებულებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ფულადი კომპენსაცია, 100 000 ევრო გადაუხადოს ლიტვინენკოს ქვრივს. მარია კარტერი (მარია ლიტვინენკო) მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ადამიანები, რომლებმაც მისი ქმრის მკვლელობა ჩაიდინეს, არა მხოლოდ თავისუფალი არიან, არამედ კრემლის მფარველობით სარგებლობენ და მაღალ თანამდებობებსაც იკავებენ რუსეთის ხელისუფლებაში.
თავდასხმა პოლონიუმით და ეფესბეს კვალი
23 წლის წინ ალექსანდრ ლიტვინენკომ და მისმა კოლეგებმა მსოფლიო აალაპარაკეს. 1998 წლის 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ 1997 წელს კრემლისთვის მიუღებელი პოლიტიკოსის, ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის შეკვეთა მიიღეს.
„ამთავითვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვართ ეფესბესა და მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგი, როგორც ამის წარმოდგენას ჩვენი ოპონენტები ცდილობენ. პირიქით, მრავალი წელი შევწირეთ ამ სისტემაში მუშაობას, ჩვენ მისი ღირსება ვართ“, - ამბობდნენ მაშინ ლიტვინენკო და მისი კოლეგები.
ამ სკანდალური პრესკონფერენციიდან ორი წლის შემდეგ, ალექსანდრ ლიტვინენკომ თავი ლონდონს შეაფარა, სადაც იგი 2006 წელს სუში ბარში მოწამლეს.
ექსპერტიზის დასკვნით, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმ-201, რომლის უმცირესი დოზა ადამიანის შინაგანი ორგანოების მუშაობის შეწყვეტასა და გარდაუვალ სიკვდილს იწვევს.
ბრიტანეთის სპეცსამსახურის დასკვნით, საწამლავი იმ ჩაიში იყო, რომელიც ლიტვინენკომ დალია რუსეთის ეფესბეს ყოფილ თანამშრომლებთან - ანდრეი ლუგოვოისა და დმიტრი კოვტუნთან შეხვედრის შემდეგ.
ბრიტანეთის გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმა მოწამლეს პუტინის ბრძანებით.
უშუალოდ კრემლზე მითითება არ არის, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკუთარი გამოძიების ფარგლებში დაასკვნა, რომ ლიტვინენკოს მოწამვლის საქმეში ეჭვგარეშეა ეფესბეს ყოფილი თანამშრომლების, ანდრეი ლუგოვოისა და დმიტრი კოვტუნის ბრალი, რომელთა დაპატიმრების ორდერი „ინტერპოლმა“ ჯერ კიდევ 2015 წელს გასცა.
ანდრეი ლუგოვოიმ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს „მაქსიმალურად იდიოტური“ და „პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება“ უწოდა.
ბრიტანეთის თხოვნის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა ინტერპოლით ძებნილი ბრალდებულების გადაცემაზე.
მეტიც, ანდრეი ლუგოვოი ლიტვინენკოს სიკვდილის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა, მისი მეგობარი, დმიტრი კოვტუნი კი, ბიზნესით არის დაკავებული.
ახალი ბრალდებული სკრიპალების საქმეში
21 სექტემბერს, როდესაც ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ მესამე პირს წაუყენეს ბრალდებები მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
ბრიტანეთში მცხოვრები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 2018 წელს მოწამლეს რუსული წარმოების ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“.
სკოტლანდ იარდმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვება სერგეი ფედოტოვის სახელით ცნობილი პირის წინააღმდეგ, რათა მის მიმართ საქმე აღიძრას მკვლელობის მიზნით შეთქმულების, მკვლელობის მცდელობის, ქიმიური იარაღის ფლობისა და გამოყენების, ასევე მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენების ბრალდებებით.
ბრიტანელი გამომძიებლები თვლიან, რომ სერგეევი ხელმძღვანელობდა იმ ორი ადამიანის კოორდინირებას, რომლებმაც ნერვულ-პარალიზებადი მოქმედების ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს სკრიპალების წინააღმდეგ.
მამა-შვილი სკრიპალები 2018 წელს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში იპოვეს გონდაკარგულები და მათი გადარჩენა შეძლეს. თავდასხმის განხორციელებაში ბრიტანეთმა აქამდე უკვე დაადანაშაულა გრუ-ს ორი ოფიცერი, რომლებიც ბრიტანეთში ჩავიდნენ რუსლან ბაშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის სახელებით. საგამოძიებო ჯგუფმა „ბელინგკეტმა“ მოგვიანებით დაადგინა, რომ ისინი არიან გრუ-ს ოფიცრები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი.
სკოტლანდ იარდის 21 სექტემბრის განცხადების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი ლონდონს გადასცემს სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილ ყველა პირს.
მაგრამ საეჭვოა, რომ რუსეთი ასეთი ნაბიჯისთვის მზად იყოს. რუსეთის საელჩომ ლონდონში „სასაცილო“ უწოდა სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში რუსი დენის სერგეევის დადანაშაულებას, რაც, საელჩოს თანახმად, არ არის გამყარებული ფაქტებით.
„რუსეთის მხარე კვლავინდებურად ღიაა პროფესიული თანამშრომლობისთვის პროფილური უწყებების ხაზით, თუ ბრიტანეთი უარს იტყვის დამნაშავეთა „დანიშვნის“ პოლიტიკურად მოტივირებულ კონცეფციაზე“, - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სკრიპალების მოწამვლის საქმეში მესამე ეჭვმიტანილის სახელმა საერთაშორისო მედიაში 2019 წელს იჩინა თავი. საგამოძიებო ჯგუფმა „ბელინგკეტმა“ დაადგინა, რომ სინამდვილეში სერგეი ფედოტოვი და დენის სერგეევი ერთი და იგივე პიროვნებაა და ამ უკანასკნელს, ბიბისის ცნობით, გენერალ-მაიორის წოდება აქვს და რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის სამმართველოში (ГРУ) მსახურობს.
„ბელინგკეტის“ თანახმადაც, სერგეევი დაკავშირებულია ასევე 2018 წელს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში გრუ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას, მოწამვლასთან. გამოძიება აჩვენებს, რომ ის სკრიპალების მოწამვლამდე ორი დღით ადრე ჩავიდა დიდ ბრიტანეთში.
სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად, დენის სერგეევის გვარი ფიგურირებს ჩეხეთის სოფელ ვრბეტიცეში მომხდარ იარაღის საწყობის აფეთქების საქმეში, რასაც რუსეთსა და ჩეხეთს შორის სერიოზული დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.