Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსი დიპლომატი, რომელიც ჩეპიგასა და მიშკინთან ერთად მსახურობდა ერთ-ერთ საიდუმლო ნაწილში


ჩეპიგა და მიშკინი
ჩეპიგა და მიშკინი

ჩეხეთის ხელისუფლების მიერ გაძევებული 18 დიპლომატიდან ერთ-ერთი, რუსეთის სამხედრო ნაწილში სამხედრო დაზვერვის სკანდალურად ცნობილ ოფიცრებთან, ალექსანდრ მიშკინსა და ანატოლი ჩეპიგასთან ერთად მსახურობდა.
ჩეხური გამოცემა Seznam Zpravy-ის ცნობით, ჩეხეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე, ვიქტორ ბუდიაკი, შესაძლოა მსახურობდა მოსკოვის რაიონ იზმაილოვოში მდებარე სამხედრო ნაწილ 29155-ში. არაერთი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აღნიშნული სამხედრო დანაყოფის სპეციალიზაცია ევროპაში სპეციალური ოპერაციების ჩატარებაა. სხვა ვერსიით, სამხედრო ნაწილში ტარდება სტანდარტული კურსები დაზვერვის ყველა თანამშრომლისთვის.


17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატი. ისინი ეჭვმიტანილი არიან რუსეთის დაზვერვაზე მუშაობაში დიპლომატიური საფარველის ქვეშ.

მათი გაძევება მოხდა მას შემდეგ, რაც ჩეხეთის ხელისუფლებამ 2014 წელს ქალაქ ვრბეტიცეში, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირის შესახებ განაცხადა.

7 წლის წინანდელ აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანილ მიშკინსა და ჩეპიგაზე გამოცხადდა ძებნა. ჩეხური გამოცემა „Seznam Zpravy“ ასახელებს ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის გვარს. ესაა დენის სერგეევი, რომელიც ადრე იყო იდენტიფიცირებული როგორც რუსეთის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელ სერგეი სკრიპალზე მოწყობილ თავდასხმაში ეჭვმიტანილი.

ორშაბათს რუსეთმა ქვეყნიდან გააძევა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი, პასუხად ჩეხეთის ხელისუფლების მხრიდან დაზვერვის მუშაკებად იდენტიფიცირებული, 18 რუსი დიპლომატის გაძევებაზე. ორივე მხარემ 19 აპრილს სამთავრობო თვითმფრინავები გაგზავნა დიპლომატების და მათი ოჯახების შინ დასაბრუნებლად.

XS
SM
MD
LG