მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა მას შემდეგ, რაც 2 მარტს აშშ-მა და ევროკავშირმა კოორდინირებული სანქციები დაუწესეს რამდენიმე რუს მოხელეს და სახელმწიფო დაწესებულებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის, დაკავებისა და დაპატიმრების გამო.
ახალი სანქციებით, აშშ-სა და ევროკავშირში ანგარიშები გაეყინებათ და ვიზების მიღებას ვერ შეძლებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის უმაღლესი თანმდებობის პირები. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიის თანხმად, ესენი არიან: რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, ასევე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე შიდა პოლიტიკის საკითხებში ანდრეი იარინი.
ორი მათგანი, ალექსანდრ კალაშნიკოვი და იგორ კრასნოვი, ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოჰყვა. ამ ორის გარდა ევროკავშირში შესვლა აეკრძალა და ბლოკის ტერიტორიაზე ყველანაირი აქტივები გაეყინება კიდევ ორ რუს მოხელეს: რუსეთის ნაციონალური გვარდიის მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვსა, და საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსანდრ ბასტრიკინს, რომელსაც ევროკავშირი პასუხისმგებლად მიიჩნევს რუსეთში „ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების, ადამიანთა უკანონო დაკავებისა და დაპატიმრებისთვის“.
გერმანიაში მკურნალობისას ადგილობრივმა და სხვა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ნავალნის დაუდგინეს, რომ ის მოწამლული იყო რუსული წარმოების საბრძოლო ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“, რასაც რუსეთი უარყოფს.
ალექსეი ნავალნის ქიმიური იარაღით მოწამვლის გამო რუსეთისათვის სანქციების დაწესებას „აბსურდულობის ზეიმი“ უწოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, რომელიც ნავალნის მოწამვლას „განზრახ მოწყობილ პროვოკაციად“ მიიჩნევს. „ეს ყველაფერი ჩვენს შინაურ საქმეებში დაუფარავი ჩარევის გაგრძელების საბაბია. ჩვენ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ის აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს.
აშშ-ის სანქციები დაუწესდა, ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, 27-ე სამეცნიერო ცენტრს და რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.
რა დაუჯდება რუსეთს მტკივნეული სანქციები?
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკა ნიშნავს იმას, რომ კრემლი არ აპირებს აღიაროს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი. ასეთ შემთხვევაში, აშშ ვალდებული იქნება სამ თვეში რუსეთის მიმართ აამოქმედოს სანქციების მეორე ეტაპი, რომელიც, როგორც გამოცემა The Bell-ი აღნიშნავს, კიდევ უფრო მტკივნეული იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც არ აპირებს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან შეგუებას, ივნისში შესაძლებლობა ექნება მეორე ეტაპის სანქციებით გათვალისწინებული ექვსი ზომიდან სულ მცირე სამი აირჩიოს.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, მათ შორის განიხილება აშშ-ების ბანკების მიერ რუსული სახელმწიფო სტრუქტურების დაკრედიტების აკრძალვა.
ეს შესაძლოა ნიშნავდეს ამ ბანკების მიერ რუსეთის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების შეწყვეტას, ანუ სანქციების ქვეშ აღმოჩნდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ვალი. 2019 წელს რუსეთის დაზვერვასთან დაახლოებული პირების მიერ იმავე „ნოვიჩოკის“ ჯგუფის შხამით დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო ასეთი სანქციები რუსეთის მიმართ უკვე იქნა შემოღებული, მაგრამ მსუბუქი ფორმით, ანუ არ იკრძალებოდა რუსული ევრობონდებით ვაჭრობა მეორად ბაზარზე და ფედერალური სესხის სახით გამოშვებული რუსული ობლიგაციების შეძენა. ამგვარად, მაშინ სანქციების საერთო ეკონომიკური ეფექტი რუსეთისათვის შერბილდა.
ივნისში კი შესაძლოა ყვლაფერი სხვაგვარად შეტრიალდეს, მით უფრო, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმ განცხადების ფონზე, რომ „ისტორიას ჩაბარდა ის დღეები, როდესაც აშშ თვალს ხუჭავდა რუსეთის აგრესიულ მოქმედებაზე, ამერიკის არჩევნებში ჩარევაზე, კიბერთავდასხმებსა და მოქალაქეების მოწამვლაზე“.
ღირს აღინიშნოს, რომ 2021 წლის საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას განზრახული აქვს 3,8 ტრილიონი რუბლის სესხად აღება. ასე რომ, აშშ-ის მეორე ეტაპის სანქციები შესაძლოა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდეს რუსეთისათვის.
აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას მიესალმა დიდი ბრიტანეთი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომენიკ რააბის, თქმით, ლონდონი „გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა პასუხი აგოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ქიმიური იარაღის სფეროში ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის“.
შემდეგი სამიზნე - რუსი ოლიგარქები
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ, მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.
2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით შეუცვალა. მან პატიმრობაში კიდევ 2 წელი და 5 თვე უნდა გაატაროს.
საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, რუსეთმა მსჯავრდებულ კრემლის კრიტიკოსს ორი კვირის წინ სასჯელი დაუმატა. 20 თებერვალს სხვა სასამართლომ კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტი და კრემლის კრიტიკოსი დამნაშავედ ცნო ცილისწამებაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მიმართ. ცილისწამების განაჩენის ფარგლებში, ნავალნი 850,000 რუბლით (11,500 ამერიკული დოლარით) დაჯარიმდა.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ალექსეი ნავალნი მოსკოვიდან ეტაპით ჩაიყვანეს ვლადიმირის მხარეში, სადაც ის ერთ-ერთი იზოლატორის საკანში იმყოფება ქურდობისა და თაღლითობისთვის გასამართლებულ პატიმრებთან ერთად.
და ვიდრე ნავალნი პატირობაში რჩება, მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ მომავალში აშშ და ევროკავშირი სანქციების სიაში რუსეთის სხვა მოხელეებსა და ოლიგარქებსაც შეიყვანენ.
ფონდის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის, მარია პევჩიხის, თქმით, დასავლეთში ბოლომდე არ ესმით, „რამდენად მჭიდროდ არის პუტინის რეჟიმი დაკავშირებული ამ ოლიგარქების ფულთან“.
ადრე ნავალნის თანამებრძოლმა ვლადიმირ აშუროვმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 35 პირის სია გაუგზავნა. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ მიიჩნევს, რომ აშშ-მა მათ წინააღმდეგაც უნდა შემოიღოს სანქციები. სიაში შედიან არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ნავალნის მოწამვლასთან, არამედ ბიზნესმენები პუტინის გარემოცვიდან, კერძოდ, მილიარდერები ალიშერ უსმანოვი და რომან აბრამოვიჩი. ნავალნის არაერთხელ განუცხადებია, რომ მხარს უჭერს დასავლეთის მიერ სანქციების შემოღებას იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებსაც მნიშვნელოვანი აქტივები მოეპოვებათ რუსეთის ფარგლებს გარეთ.
სააგენტო Bloomberg-მა 5 მარტს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, აშშ და დიდი ბრიტანეთი განიხილავენ რუსეთის მიმართ უკვე შემოღებული სანქციების გაფართოებას მოსკოვის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხად. სხვა ზომებს შორის განიხილება რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენების, ე.წ. ოლიგარქების მიმართ სანქციების შემოღება, ან ისეთი ეკონომიკური ხასიათის ზომის ამოქმედება, როგორიცაა რუსეთის სუვერენულ ვალზე სანქციის დაწესება.
ამ ცნობამ კრემლი საკმაოდ შეაშფოთა, რასაც რუსეთის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის, კომენტარიც მოწმობს.
„რუსი ბიზნესმენების მიმართ სანქციები ჯერ არავის შემოუღია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი უაზრო მოწოდებები მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფურცლებზე დარჩება და არ იპოვის, ასე ვთქვათ, სასიცოცხლო ნიადაგს ამერიკის ოფიციალურ ისტებლიშმენტში“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა Bloomberg-ის ცნობის პასუხად.
მაგრამ რუსეთის ოფიციალური მედიაც კი ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ მოსალოდნელი ახალი სანქციების შესახებ ცნობების ფონზე წუხელ მკვეთრად დაეცა რუსული რუბლის კურსი. რუსეთის ეროვნული ვალუტა დოლართან შედარებით მთელი ღამე განაგრძობდა გაუფასურებას და, პარასკევ დილის მონაცემებით, წინა დღის 73,9 რუბლის ნაცვლად ერთი დოლარი ბირჟებზე 74,9 რუბლი ღირდა.
სანქციების პირველი და მეორე ტალღის გარდა, აშშ რუსეთის მიმართ სანქციების კიდევ ერთი ეტაპისათვის ემზადება.
Guardian-ის თანახმად, ამ სანქციების შესახებ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. შეზღუდვის დამატებითი ზომების შემოღება იქნება პასუხი SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აშშ-ის მინიმუმ ცხრა ფედერალურ უწყებაზე - მათ შორის პენტაგონზე - განხორციელებული მასობრივი ჰაკერული თავდასხმის მიმართ. Microsoft-ში აცხადებენ, რომ „არსებითი მტკიცებულება“ მოიპოვეს იმისა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებული იყო „რუსეთის დაზვერვა“. სხვა ცნობით, ახალი სანქციების საფუძვლად შესაძლოა იქცეს რუსეთის ჩარევა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და დასავლეთის მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურები ჯილდოს სთავაზობდნენ ექსტრემისტებს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვისთვის.
სამშაბათს კრემლში განაცხადეს, რომ ნებისმიერი ახალი სანქციები აშშ-ის მხრიდან ვერ მიაღწევს თავის მიზანს და მხოლოდ გაართულებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის. რუსეთი საპასუხო სანქციებითაც იმუქრება.
„თუ გავითვალისწინებთ, როგორ იქცევა [აშშ] ახლა, როგორ გამოაქვეყნეს [სანქციების] სია, ვფიქრობ, ჩვენც მალე გავაკვირვებთ მათ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, თქვა 5 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.