Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაქვეყნა ნავალნის საქმეზე სანქცირებულ რუს მოხელეთა სია


აშშ-მა 2 მარტს სანქციები დაუწესეს რამდენიმე რუს მოხელეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნი დაკავებისა და მისი შემდგომი დევნის გამო.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიაში 7 რუსი მაღალჩინოსანია. მათ შორის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანდრეი იარინი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი, იგორ კრასნოვი.

ზემოხსენებულ მოხელეთა აქტივები გაიყინება, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალებათ მათთან საქმის დაჭერა.

აშშ-ის სანქციები დაუწესდათ ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, 27-ე სამეცნიერო ცენტს და რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ ნავალნის საქმეზე აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი სანქცია მიზანს ვერ მიაღწევს და მხოლოდ გაართულებს ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება საპასუხო რეაგირება ვაშინგტონის მხრიდან ახალი სანქციების ამოქმედებას.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი, 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

XS
SM
MD
LG