Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან შოვში დაკარგულები და დაღუპულები


რაჭაში მეწყრისა და ღვარცოფის შემდეგ ჯერაც ეძებენ 20-ზე მეტ დაკარგულს
რაჭაში მეწყრისა და ღვარცოფის შემდეგ ჯერაც ეძებენ 20-ზე მეტ დაკარგულს

შოვში სტიქიის ზონაში ოცამდე დაკარგულ ადამიანს ისევ ეძებენ - მათ შორის სავარაუდოდ 7 ბავშვია. რადიო თავისუფლება შეეცადა ღია წყაროებით შეეკრიბა ინფორმაცია მათ შესახებ - 5 აგვისტოსთვის 18 დაკარგული ადამიანისა და 4 დაღუპულის ვინაობა დაადგინა.

მესამე დღეა, ათობით ადამიანი სოფელ შოვში მეწყრისა და ღვარცოფის შემდეგ მშობლებს, შვილებს, და-ძმებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეძებს.

ეძებენ, ვისაც როგორ შეუძლია.

ზოგი ფიზიკურად, სტიქიის ადგილას, ზოგი ოდნავ მოშორებით. პოლიციელები ხალხს ტრაგედიის ადგილზე არ უშვებენ.

ზოგი ჟურნალისტების დახმარებით და ფეისბუკით ეძებს ახლობლებს.

რაჭის თემატურ ჯგუფებში დღეში რამდენჯერმე აახლებენ დაკარგულთა სიას. “არაფერია ახალი?” - ეკითხებიან ერთმანეთს.

ნაპოვნი 18 დაღუპულიდან 12-ის იდენტიფიცრება მოხდა, თუმცა მათგან მხოლოდ ექვსის ვინაობა დაადგინა რადიო თავისუფლებამ.

  • გიორგი გოგინაშვილი ერთ-ერთი პირველია იმ ადამიანებს შორის, რომელის ცხედარიც სამძებრო სამუშაოების დაწყების დროს იპოვეს.
  • შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა შორის არის 31 წლის ქსენია ტრიჩევა, რუსეთის მოქალაქე. ინფორმაცია დაადასტურა შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესთა სექციამ.
  • 5 აგვისტოს დადასტურდა ალინა პოლიკოვსკას დაღუპვის ფაქტი. ის ზაზა მესხის ცოლია, რომელიც ამ დრომდე დაკარგულთა შორისაა.
  • 5 აგვისტოს, დღის ბოლო ამოიცნეს ოჯახის წევრებმა დავით ბერიაშვილის ცხედარი. დავით ბერიაშვილი მეგობრებთან, და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილებთან ერთად იყო შოვში.
  • 6 აგვისტოს ამოიცნო 18 წლის სამირა ისაევის მამამ შვილის ცხედარი. ოჯახი რუსთავში ცხოვრობს - სამირა მეზობლებთან ერთად 25 ივლისიდან რაჭაში დასასვენებლად იმყოფებოდა ე.წ. შოვის კოტეჯებში. ინფორმაცია მისი გარდაცვალების და ამოცნობის შესახებ ინფო-რუსთავს ძმამ დაუდასტურა.
  • ცნობილია, რომ გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი ბავშვი 7 წლის ლუკა დუდაშვილია. ლუკა დედასთან და და-ძმასთან ერთად ისვენებდა შოვში. მისი ოჯახის წევრებს ჯერ კიდევ ეძებენ მაშველები.

ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი შვილი

ჯერაც ეძებენ ზაზა მესხსა და მის 3 შვილს. ოჯახი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ორშაბათიდან ისვენებდა უწერაში, - სოფელში, რომელიც შოვიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზეა. ისვენებდნენ ავთო ყავლაშვილის კოტეჯში. შოვში ხუთშაბათს მანქანით ავიდნენ.

ზაზა მესხი მეუღლესთან და შვილებთან ერთად
ზაზა მესხი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

კიდევ ვის ეძებენ სტიქიის ზონაში?

თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე სოფელ ლაგვანთიდან

დაკარგულთა შორის არიან თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე. დეიდაშვილები სოფელ ლაგვანთიდან. ეს სოფელი შოვიდან მანქანით დაახლოებით ნახევარი საათის სავალზეა. ბოლოს მათ გუშინ დილით ელაპარაკნენ ტელეფონით.

თემურს და ნიკას ეძებს დეიდაშვილი, ნათია ჩუბინიძე. მისი ინფორმაციით, ღვარცოფის მოვარდნისას ორივე მამისონის კოტეჯების ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყვნენ.

ქეთევან ლობჟანიძე

ოჯახი ეძებს ქეთევან ლობჟანიძეს, რომელიც, მისი ქმრის ბიძაშვილის ცნობით, “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ქეთევან ლობჟანიძე
ქეთევან ლობჟანიძე

გუტაშვილებისა და მაისურაძეების ოჯახი, ერთად 9 ადამიანი

დაკარგულები არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები.

მათი დეიდა და დეიდაშვილები, - შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები.

მათი ბიძაშვილი, ნატო ჭელიძე სამი მცირეწლოვანი ბავშვით.

“კაბინეტებში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე . მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი” - მიმართავს მეგის და გიგის უფროსი და, მარიტა გუტაშვილი ონის მერიას და სხვა მაღალჩინოსნებს.

ნატო ჭელიძეს თავისი დაც ეძებს, ნათია ჭელიძე. სამ დისშვილთან - ლუკასთან, ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად.

სამი მეგობარი - გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე

ეძებენ მეგობრების ჯგუფს - გვანცა ბუბაშვილს, სალომე ხეთაგურსა და ნინო კენჭაძეს.

მათი მეგობარი, ბაია გეგეშიძე წერს, რომ ბოლოს კალცის წყალზე იყვნენ, ასე, 4-ის 20 წუთზე. “იმის შემდეგ არაფერი გაგვიგია”, - წერს იგი.

"აიქლაუდით (ჯიპიესით) ფიქსირდებიან უწერაში, მაგრამ ყველაფერი 50/50-ზეა, უამრავი ვარაუდია, ზუსტი პასუხის გაცემა კითხვებზე კი შესაბამისად შეუძლებელი. მოკლედ და ერთი შეხედვით, რთული სიტუაციაა, რომელსაც თან ისევ წვიმაც დაემატა კვლავ. ველოდებით სამაშველოს, რაიმე სიახლეს, რაიმე პასუხს", - აგებინებს რაჭის ჯგუფის წევრებს მათი მეგობარი, ბაია გეგეშიძე.

და-ძმა და მათი მეგობარი

ოჯახის წევრები ეძებენ დასასვენებლად ჩასულ სოფო და გიორგი ყარალაშვილებს.

სოფო და გიორგი ყარალაშვილები
სოფო და გიორგი ყარალაშვილები

მათთან ერთად იყო მათი მეგობარი, დავით ბერიაშვილი, რომლის ცხედარიც 5 აგვისტოს ამოიცნეს ოჯახის წევრებმა.

“ამ მთავრობის პირობებში მთებშიც აღარ დარჩა თავისუფლება” - ესაა მისი ბოლო აქტივობა ფეისბუკზე. რაჭიდან პოსტი 2 აგვისტოს საღამოს არის გამოქვეყნებული.

რაჭაში სტიქიას, დაზუსტებული ინფორმაციით 11 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანის ვინაობა ჯერ არ არის დაზუსტებული. ცხედრების ნაწილი ჯერ არც გადმოუსვენებიათ სტიქიის ზონიდან.

შსს-ის ბოლო ცნობებით, ნაპოვნია 18 ცხედარი და ეძებენ კიდევ 17 ადამიანს. დაღუპულთა ვინაობა დაზუსტებული ჯერ არ არის. ჯანდაცვის მინისტრმა, 5 აგვისტოს თქვა, რომ ცხედრების ამოცნობის პროცესს სირთულეები ახლავს თან - გარდაცვლილების სხეულები დაზიანებულია და ოჯახის წევრებს რიგ შემთხვევებში მათი ამოცნობა უჭირთ. ასეთი შემთხევებში დნმ-ის ანალიზით ცდილობენ გარდაცვლილების ვინაობის დადგენას. დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება, ამოცნობის შემთხვევაშიც კი“, - უთხრა დღეს, 6 აგვისტოს ჟურნალისტებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

ახალი დეტალების დაზუსტების შემდეგ სტატია განახლდება.

შენიშვნა: მასალა განახლდა ახალი დეტალებით 6 აგვისტოს [17:30 სთ].

XS
SM
MD
LG