Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბიბი და პოლიტიკოსები


ხაბიბ ნურმაგომედოვი
ხაბიბ ნურმაგომედოვი

UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მერთან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, სადაც არაფორმალურ ვითარებაში მიმდინარე შეხვედრის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.

ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ცოტნე ივანიშვილი (ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი) და ხაბიბ ნურმაგომედოვი ესწრებოდნენ 30 ივნისს გამართულ საქართველო-ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.

ნურმაგომედოვსა და ცოტნე ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში კახა კალაძემაც გამოაქვეყნა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კი ინსტაგრამში დაწერა: „ვგულშემატკივრობდი საქართველოს. ყოჩაღ ნებისმიერ შემთხვევაში“.

ხაბიბ ნურმაგომედოვი კახა კალაძესთან, ცოტნე ივანიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად
ხაბიბ ნურმაგომედოვი კახა კალაძესთან, ცოტნე ივანიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად

ქართული მედია ვარაუდობს, რომ საქმე, შესაძლოა, სპორტსმენისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ეხებოდეს. თუმცა ჟურნალისტების კითხვას, რა იყო შეხვედრის მიზეზი, მთავრობის ადმინისტრაციაში უპასუხეს, რომ მოქალაქეობის მინიჭება პრემიერის კომპეტენცია არ არის. სხვა კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს შეხვედრის შესახებ არ გაუკეთებიათ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის თქმით კი, ნურმაგომედოვი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია და, შესაბამისად, მას ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული, „ირაკლი კობახიძე და კახა კალაძეც არ გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებულობით იმ პირთა შორის, ვისაც მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია“.

„ალბათ სპორტული მიღწევებია თემა, რაზეც მათ ისაუბრეს. დამერწმუნეთ, ამ თემის იქეთ არც იქნებოდა საუბარი. თუ ფოტოებითა და ვიდეოჩანაწერებით ვიმსჯელებთ, მისი ურთიერთობების წრე გაცილებით უფრო ფართოა, რაც რაიმე პოლიტიკურ ინსინუაციებს არ ეხება“, - თქვა გია ვოლსკიმ პარლამენტში გამართული ბრიფინგზე და დაამატა - ის, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი დღეს რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს, მის სპორტულ მიღწევებსა და ღირსებას ვერ ამცირებს.

ხაბიბ ნურმაგომედოვს მართლაც აქვს დიდი სპორტული მიღწევები. ევრო 2024-ზეც ის იმყოფებოდა საპატიო სტუმრებს შორის, ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავ ლუიშ ფიგუსთან და UEFA-ს პრეზიდენტ ალექსანდარ ჩეფერინთან ერთად.

ერთი სიტყვით, ნურმაგომედოვის ურთიერთობების წრე შთამბეჭდავია (პირობითად რამზან კადიროვიდან დაწყებული - დონალდ ტრამპით დამთავრებული), თუმცა მისი აქტიურობიდან, რუსეთის ხელისუფლების მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან და რუსული პროპაგანდისტული მედიის პუბლიკაციებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნურმაგომედოვი არანაირად არ ჯდება პუტინის მხარდამჭერი სამაგალითო „Z-სპორტსმენის“ იმიჯში.

რუსეთში ანგარიშების დაპატიმრება

1 ივლისს რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა ყადაღა დაადო ნურმაგომედოვის საბანკო ანგარიშებს. უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა 297 მლნ რუბლის (3,4 მლნ დოლარი) ოდენობის გადაუხდელი ვალი, რომელიც UFC-ის ჩემპიონის კომპანიებს წლების განმავლობაში დაუგროვდა. თუმცა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს, დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ნურმაგომედოვის ირგვლივ აგორებული სკანდალის ფონზე.

28 ივნისს, რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა გაჩხრიკეს ხაბიბ ნურმაგომედოვის დაფუძნებულ სპორტული კლუბი. რუსული მედიის ცნობით, სწორედ იქ ვარჯიშობდა 24 ივნისს დაღესტანში მომხდარი ტერორისტული აქტის ერთ-ერთი მონაწილე - ჰაჯიმურად კაგიროვი, რომელიც დაკავების მცდელობისას მოკლეს.

„ის ჩვენი სკოლის აღზრდილი არ არის, ეს აბსოლუტური სისულელეა და სიმართლეს არ შეესაბამება, - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობის პასუხად, - დიახ, ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა გარკვეული პერიოდის, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში… ადამიანებს ჩემი სახლიდან ხუთ წუთში კლავდნენ. როგორ შეიძლება ეს ნორმალური იყოს?”

ნურმაგომედოვის ამ განმარტების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა კირილ კაბანოვმა UFC-ის მებრძოლები და მათი „სულიერი ლიდერები“ საერთაშორისო ტერორიზმის იდეოლოგიის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ყველა დამნაშავეა, ვინც თავისი უმოქმედობით დაუშვა UFC-ის „ბასმაჩებისა“ და მათი „სულიერი ლიდერების“ თავნებობა. უმოქმედობის გამო ამ ნაძირალებმა ქვეშ ამოიდეს ხელისუფლება რეგიონში. UFC-ის ზოგიერთი ვარსკვლავი, რომელსაც უცხოური პასპორტი უდევს ჯიბეში, რატომღაც ხმას არ იღებს, თუმცა ყველაფერი ლოგიკურია, ეს ხომ პალესტინა არ არის“, - დაწერა კირილ კაბანოვმა.

საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა მარინა ახმედოვამ კი განაცხადა, რომ ყველაზე ცნობილი კავკასიელი სპორტსმენები იყურებიან „არა მოსკოვისკენ, არამედ ხალიფატისკენ, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისკენ“.

საქმე ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა ხაბიბ ნურმაგომედოვის არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობის შესახებ, ცოტა ხნის წინ კი ნურმაგომედოვი აშშ-ში შეხვდა დონალდ ტრამპს, რომელსაც პალესტინაში ომის შეჩერება სთხოვა.

ორმაგი მოქალაქეობა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დაღესტნიდან სულთან ხამზაევმა ხაბიბ ნურმაგომედოვი დაასახელა ისეთი ცნობილი ადამიანების ნეგატიურ მაგალითად, რომლებიც არ იხდიან გადასახადებს და ფარულად ფლობენ ორმაგ მოქალაქეობას. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ამტკიცებს, რომ ნურმაგომედოვს აქვს არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა.

საგამოძიებო ცენტრი „დოსიეც“, აშშ-ის სასაზღვრო-საბაჟო სამსახურიდან მიღებული დოკუმენტის საფუძველზე (აშშ-ის სასაზღვრო საბაჟო სამსახურის ვებსაიტზე, რეგისტრირდება საზღვრის ოფიციალურად კვეთის ყველა ფაქტი) ადასტურებს, რომ ნურმაგომედოვი მართლაც ფლობს არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობას.

უცნობია, ზუსტად როდის მიიღო ნურმაგომედოვმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა: სპორტსმენმა ამ ქვეყნის პასპორტით აშშ-ის საზღვარი გადაკვეთა ჯერ კიდევ 2014 წელს, თუმცა სისტემა ინახავს მოგზაურობის ისტორიას მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში.

რუსეთში, მეორე მოქალაქეობის შესახებ შეუტყობინებლობა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით, გარდა ამისა, ნურმაგომედოვი რუსეთში ფლობს კავშირგაბმულობის ოპერატორს („პირველი მობილური“) და კანონით, როგორც უცხო პირი, ვალდებულია დარეგისტრირდეს სპეციალურ რეესტრში, რაც მას ასევე არ გაუკეთებია.

„დოსიეს“ ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ნურმაგომედოვი ან მალავს მეორე პასპორტს, ან რუსეთის ხელისუფლება უგულებელყოფს ამ ფაქტს.

ტრამპის „საყვარელი მებრძოლი“

ხაბიბ ნურმაგომედოვი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ 2024 წლის 14 ივნისს, ნიუ-არკში (ნიუ-ჯერსი) პრომო-ტურნირზე, სადაც რუსეთის წარმომადგენელმა ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა ამერიკელ დასტინ პორიესთან ბრძოლაში.

ტრამპმა და ნურმაგომედოვმა ოქტაგონთან გაისაუბრეს. პრომოუტერმა ალი აბდელ-აზიზმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ტრამპისა და ნურმაგომედოვის ერთობლივი ფოტო.

„პრეზიდენტმა ტრამპმა უთხრა ხაბიბს, რომ ის მისი ყველა დროის საყვარელი მებრძოლია“, - დაწერა პრომოუტერმა.

დონალდ ტრამპი ნურმაგომედოვს ასევე დაჰპირდა პალესტინაში ომის შეჩერებას. ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში UFC-ის ასევე ყოფილმა მებრძოლმა ტამ ხანმა გამოაქვეყნა, პოლიტიკოსი და სპორტსმენი პალესტინის საკითხზე საუბრობენ.

„ვიცი, თქვენ შეაჩერებდით ომს პალესტინაში“, - უთხრა ნურმაგომედოვმა ტრამპს.

„ჩვენ ამას შევაჩერებთ. მე ამას შევაჩერებ“, - უპასუხა ტრამპმა დაღესტნელ სპორტსმენს.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ასევე დაუჭირა მხარი 2023 წლის 28-29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ანტისემიტური დარბევის ორგანიზატორებს, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს დახვედროდნენ ისრაელიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავს და დაუპატიჟებელი სტუმრები უკან გაებრუნებინათ. „ალაჰი მოწყალეა და მას უყვარს მწყალობლები“, - დაწერა მაშინ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში და ხელისუფლებას მოუწოდა არ დაესაჯათ „არეულობაში“ მონაწილეები.

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა თავის ერთ-ერთ გადაცემაში მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენების მონაწილეებს უწოდა „შაითნები, რომლებმაც უღალატეს ისლამს“.

სოლოვიოვმა დაგმო ის სპორტსმენებიც, რომლებიც არეულობის მონაწილეებს გამოექომაგნენ. რუსმა პროპაგანდისტმა სპორტსმენებს შორის გამოარჩია ხაბიბ ნურმაგომედოვი და მაჰმუდ მაგომედოვი (კიდევ ერთი დაღესტნელი სპორტსმენი), რომლებსაც მიმართა, რომ მათ არ აქვთ უფლება, ისაუბრონ „მთელი დაღესტნელი ხალხის სახელით“ და საზოგადოებას თავი მოაჩვენონ ისლამის ექსპერტებად.

კომპლიმენტები პუტინისგან

რუსულ პროპაგანდისტულ მედიას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს არაფერი უთქვამს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ნურმაგომედოვის ოჯახს მნიშვნელოვანი კავშირები აქვს უკრაინასთან: სპორტსმენის აწ გარდაცვლილი მამა და მწვრთნელი, აბდულმანაპი წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა პოლტავაში, თავად ხაბიბმა კი თავისი ოთხი მნიშვნელოვანი ბრძოლა სწორედ უკრაინაში ჩაატარა 2008 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში: ერთი პოლტავაში, ორი კიევში და ერთი ოდესაში.

დაღესტანში ნურმაგომედოვი ორჯერ დააჯილდოვეს ორდენით „რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, სპორტსმენის სახელი მიენიჭა მისი მშობლიური სოფლის ერთ-ერთ ქუჩას ცუმადის რაიონში, ხოლო სოფელ კიროვაულს სპორტსმენის მამისა და მწვრთნელის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის პატივსაცემად მანაპყალა ეწოდა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა.

ვლადიმირ პუტინი, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი და ხაბიბ ნურმაგომედოვი. 2018 წელი
ვლადიმირ პუტინი, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი და ხაბიბ ნურმაგომედოვი. 2018 წელი

ხაბიბ ნურმაგომედოვს ყურადღება არც ვლადიმირ პუტინისგან აკლდა. როგორც წესი, პუტინი სპორტსმენს ყოველი მორიგი გამარჯვების შემდეგ ხვდებოდა ან ტელეფონზე ურეკავდა. 2018 წელს ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ მართალია დაღესტნელი სპორტსმენი პირად ტურნირში მონაწილეობდა, მაგრამ „ის, რაც არ უნდა ვთქვათ, რუსეთს წარმოადგენდა, რადგან რუსეთის მოქალაქეა“.

იმავე 2018 წელს, სპორტსმენის ბიძამ ალექს ნურმაგომედოვმა თქვა, რომ ხაბიბი წლების განმავლობაში ცდილობდა უკრაინის მოქალაქეობის მიღებას, მაგრამ რამდენჯერმე მიიღო უარი. ამის შემდეგ სპორტსმენის მამამ და მწვრთნელმა აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა დაარწმუნა ყველა, რომ ხაბიბი არ აპირებდა მოქალაქეობის შეცვლას. ბიძის ამ განცხადებას დიდად არ უმოქმედია სპორტსმენის კარიერაზე: 2019 წელს UFC-ში გამარჯვების შემდეგ, პუტინი კვლავ შეხვდა მას, რათა შეექო „კარგი მახრჩობელა ილეთის გაკეთებისთვის“.

ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი
ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი

2020 წლის ოქტომბერში, როცა ნურმაგომედოვმა მესამედ დაიცვა UFC მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტული და გამოაცხადა პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ, რუსულ მედიაში ბევრმა უწინასწარმეტყველა დაღესტნის თავკაცობა, მაგრამ საბოლოო ჯამში არანაირი ოფიციალური თანამდებობა მას არ მიუღია. თუმცა პუტინმა კვლავ არ დატოვა უყურადღებოდ მისი გამარჯვება: შეხვედრის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა სპორტსმენს, მიულოცა გამარჯვება და მადლიერების ნიშნად, როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა განაცხადა წლების შემდეგ, დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება გადასცა.

კადიროვის უპასუხო სიყვარული

ბევრად რთული ურთიერთობა აქვს ხაბიბ ნურმაგომედოვს ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვთან, რომელმაც სპორტსმენს კარიერის დასრულების შემდეგ „ნებისმიერი თანხა“ შესთავაზა, თუკი იგი მისი სპორტული კლუბის, „ახმატის“ სახელით იასპარეზებდა. არადა, ცოტა ხნით ადრე კადიროვმა ხაბიბ ნურმაგომედოვს უწოდა „UFC [Ultimate Fighting Championship] -ის პროექტი“. მოგვიანებით ჩეჩნეთის მეთაურმა თავისი ეს სიტყვები იმით ახსნა, რომ დაღესტნელი მებრძოლი არ ასპარეზობდა მშობლიური რესპუბლიკის დროშით.

რამზან კადიროვი და ხაბიბ ნურმაგომედოვი
რამზან კადიროვი და ხაბიბ ნურმაგომედოვი

„არასდროს მინახავს, ჩვენი ძმა ხაბიბი რუსეთის ან დაღესტნის დროშით გამოსულიყო“, - თქვა მაშინ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.

„UFC-ში მან ყველა დაგლიჯა, მაგრამ საკითხავია, დაგლეჯს კი „ახმატში“? მზად ვარ, გამოვიყვანო ნებისმიერი წონა და გადავიხადო ნებისმიერი ჰონორარი, უფრო მეტი, ვიდრე UFC-ში, თუ ის იჩხუბებს „ახმატში“. ვნახოთ, ვისი აჯობებს“, - განაცხადა რამზან კადიროვმა, თუმცა ეს შეთავაზება დაღესტნელმა სპორტსმენმა უყურადღებოდ დატოვა.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კადიროვისა და ნურმაგომედოვის ურთიერთობას ცალმხრივი სიყვარულის ელფერი დაჰკრავს.

სპორტული კარიერის პიკში ყოფნისას ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ხაბიბ ნურმაგომედოვს „ქალაქ გროზნოს საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭა, ხოლო სპორტსმენის მამა და მწვრთნელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფიზიკური კულტურის დამსახურებულ მუშაკად გამოაცხადა.

რამზან კადიროვმა დაუმარცხებელ მებრძოლს ძვირადღირებული ავტომობილის გასაღები აჩუქა და მის პატივსაცემად საზეიმო ვახშამი გამართა, თუმცა ამის იქით მათი ურთიერთობა აღარ წასულა.

ბოლო დროს გახშირებული კრიტიკის მიუხედავად, ხაბიბ ნურმაგომედოვი უაღრესად პოპულარულია თავის სამშობლოში და მისი „გაუქმების“ არანაირი ნიშნები არ არსებობს.

ინკოგნიტო დაღესტნელმა ჟურნალისტმა რადიო თავისუფლების პროგრამა Kavkaz.Realii-სთან საუბარში განაცხადა, რომ ამგვარი რამ იქნებოდა საკმაოდ არაპოპულარული და სულელური გადაწყვეტილება, რადგან დაღესტნელები „გულგრილნი“ არიან როგორც ნურმაგომედოვის ახალი მოქალაქეობის, ასევე საგადასახადო ორგანოების წინაშე მის დავალიანების მიმართ.

„ნებისმიერი პასპორტით, ნურმაგომედოვი დაღესტანში აღიქმება, როგორც ნამდვილი დაღესტნელი და სასახელო სპორტსმენი. ხელისუფლება ყოველთვის სიამაყით უსვამს ხაზს მასთან კავშირს. მის წინააღმდეგ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება კი აღიქმება როგორც მოსკოვის დაინტერესებული ნაციონალისტური წრეების კამპანია“, - ამბობს Kavkaz.Realii-ს თანამოსაუბრე.

ხაბიბ ნურმაგომედოვი
ხაბიბ ნურმაგომედოვი
  • 2021 წლის მაისში ხაბიბ ნურმაგომედოვი უნდა ჩასულიყო აფხაზეთში, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა, ნურმაგომედოვის მენეჯერზე, რიზვან მოგამედოვზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სპორტსმენმა გადაიფიქრა სოხუმში ჩასვლა.
  • კომიტეტის განმარტებით, „ვიზიტი გაუქმდა აშშ-ს და საქართველოს მხრიდან სანქციებით ზეწოლის გამო, რაშიც მოიაზრება პირდაპირი მუქარა ამერიკის ვიზის გაუქმების, UFC-ში სპორტული საქმიანობის შეზღუდვის და ასევე, აშშ-ში კონტრაქტების ანულირების შესახებ“.
  • სანამ გეგმები შეიცვლებოდა, ნურმაგომედოვი აპირებდა სოხუმში ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერკლასის ჩატარებას.
  • ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოში 2018 წელს იმყოფებოდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG