Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენზურიდან წიგნების დაწვამდე -  როგორია შინაარსის კონტროლის ბელარუსული გამოცდილება


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

ბელარუსის წიგნის მაღაზიებიდან და ბიბლიოთეკებიდან ათასობით წიგნია "ამოღებული", მათ შორის როგორც „ექსტრემისტულად“ გამოცხადებული გამოცემები, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოები და უცხოენოვანი წიგნები.

ბელარუსის ექსტრემისტული მასალების საერთო, რესპუბლიკური სია 2750-ზე მეტი პუნქტისგან შედგება. ამ სიაშია წიგნები, დისკები, ვებსაიტები, Telegram-არხები და ინფორმაციის სხვა მატარებლები. მთლიანი სია, რომელიც სისტემატურად ახლდება და ივსება, 1093 გვერდისგან შედგება. თუ ადრე გადაწყვეტილებას პუბლიკაციის ექსტრემისტულად ცნობის შესახებ სპეციალური საექსპერტო კომისიები იღებდნენ, ახლა ამას აკეთებენ რაიონული სასამართლოები.

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პედაგოგი პავალ ბარკოუსკი ცენზურის დაწესების პროცესში მოსამართლეების ჩართვას მთავრობის ვერაგული ჩანაფიქრის ნაწილად მიიჩნევს.

პავალ ბარკოუსკი
პავალ ბარკოუსკი

„ვხედავთ, ერთი მხრივ, როგორ იკრძალება Telegram-არხები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოსწონს სახელი. მეორე მხრივ, ხელისუფლებას სურს იმიჯი შეულახოს სასამართლო სისტემას, ამიტომ იზიდავს მოსამართლეებს ყველა რაიონული ცენტრიდან თავისი ამოცანების შესასრულებლად, რათა საკუთარი ხელით შეალახვინოს მოსამართლეს რეპუტაცია. გასაგებია, რომ საუბარი არ არის რაიმე სახის კვალიფიციურ ექსპერტიზაზე. საუბარია ყოველივე იმის აკრძალვასა და რეპრესირებაზე, რაც წინააღმდეგობაშია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკასთან. რაში სჭირდებათ ექსპერტიზა! ექსპერტიზა ხელს შეუშლიდა პროცესს“, - ამბობს პავალ ბარკოუსკი, რომლის თქმითაც, წიგნების განადგურება იმის მანიშნებელია, რომ ბელარუსის მთავრობამ ნიმუშად დაისახა წარსულის ტოტალიტარული რეჟიმები.

„სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცებმა დაიწყეს თაროებში ქექვა“

„ექსტრემისტულ" გამოცემებს ეძებენ არა მხოლოდ საჯარო ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, არამედ კერძო ბინებშიც. ასე დაემართა ბრესტის ოლქის ქალაქ კობრინის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელსაც პასუხისმგებლობა დააკისრეს ულადიმირ ორლოვის წიგნის „სამშობლო. ხატოვანი ისტორია. რაგნედადან კოსტიუშკომდე“ კარადაში შენახვის გამო.

არადა, როგორც ბელარუსი უფლებადამცველები ამბობენ, სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მაღაზიებში (მათ შორის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის მახლობლად) იყიდებოდა ისეთი ბესტსელერები, როგორებიცაა ო. ბახარევიჩის "ევროპის ძაღლები", "ბატონ ა.-ს ბოლო წიგნი“, ულადიმირ ნეკლიაევის, ვაცლავ ლასტოვსკის, ალეს პეტროშკევიჩის „რჩეული ნაწარმოებები", იოსიფ ბროდსკის "პატარა ბუქსირის ბალადა".

ოფიციალურად უცნობია კომისიების წევრთა ვინაობა, რომლებიც დადიან ბიბლიოთეკების, წიგნის მაღაზიებისა და ბუკინისტების შესამოწმებლად. „როგორც წესი, ვიზიტების დროს ეს ადამიანები თავს არ წარადგენენ ხოლმე“, - უთხრა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს რამდენიმე წყარომ წიგნის ინდუსტრიიდან. „საეჭვო ლიტერატურის“ აღმოჩენის შემთხვევაში გაიცემა წიგნების „ჩამოწერისა და განადგურების“ ბრძანება.

წიგნის "ცენტრალური" მაღაზია მინსკში
წიგნის "ცენტრალური" მაღაზია მინსკში

მინსკში მდებარე ერთ-ერთი ბუკინისტური მაღაზიის გამყიდველმა რადიო თავისუფლებას უამბო, თუ როგორ გულმოდგინედ ესაუბრნენ მაღაზიის მენეჯერს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები სულ რაღაც სამიოდე კვირის წინ:

„თაროები საკუთარი ხელით გადაქექეს. ჩვენ არ გვაქვს წიგნების პარტიები, მხოლოდ ცალკეული ტომები და ეგზემპლარები. დაახლოებით ხუთი გამოცემა იპოვეს. ორი მათგანი, შინდისფერი ყდით, იოლად საცნობი სერიიდან იყო. შეადგინეს აქტები „საეჭვო წიგნების“ ჩამოსაწერად და წავიდნენ. წიგნებიც თან გაიყოლეს“.

"ეს არ უნდა იყოს ბიბლიოთეკაში"

„სკოლის ბიბლიოთეკებიდან მასობრივად გააქვთ ისტორიის, უცხო ენებისა და მეთოდოლოგიური ლიტერატურის ძველი სახელმძღვანელოები“, - ამბობს ბრესტის გიმნაზიის ბიბლიოთეკის ყოფილი გამგე ტატიანა, რომლის თქმითაც, კომისიამ სასწავლებელი 2023 წლის ბოლოს შეამოწმა:

„არ გვითხრეს, საიდან იყვნენ. ისტორიის კაბინეტებთან ერთად ბიბლიოთეკაც შეამოწმეს. ორნი იყვნენ. ერთი ადგილობრივი, მეორე მინსკიდან. მინსკელმა თავის სმარტფონში მაჩვენა სურათი რაღაც გამოსახულებით. „სად არის ისტორიის წიგნების თარო? არსებობს ასეთი წიგნი?“ - იკითხა ერთ-ერთმა მათგანმა. ვუპასუხე, რომ არ მახსოვდა, რომ ყველა მონაცემი დიდი ხნის წინ იყო შეტანილი. „კარგი, ჩვენ თვითონ მოვძებნით”, - თქვეს და იპოვეს 1990-იან წლებში გამოცემული სახელმძღვანელოები და წიგნები. „ეს წიგნები არ უნდა იყოს ბიბლიოთეკაში. სასწრაფოდ ჩამოწერეთ“, - ისე აყვირდნენ, თითქოს წიგნებზე კი არა, ასაფეთქებელ მოწყობილობაზე ლაპარაკობდნენ. აღელვებულმა ვთქვი, რომ ეს წიგნები ოფიციალური გზით, განათლების სამინისტროდან გვქონდა მიღებული."

ბელარუსის ეროვნული ბიბლიოთეკა. მინსკი
ბელარუსის ეროვნული ბიბლიოთეკა. მინსკი

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის რესპონდენტის თქმით, შედეგად, გიმნაზიის დირექტორმა დაგვავალა, რომ შეგვედგინა ჩამოწერის ოქმები უკანა რიცხვით. ბიბლიოთეკარის თქმით, მსგავსი მდგომარეობაა სხვა სკოლებში.

„კოლეგებმა მისწერეს განათლების სამინისტროს მეთოდისტს, რომ გამოეგზავნა მათთვის აკრძალული წიგნების ნუსხა. მართლაც მიიღეს ასეთი ჩამონათვალი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მასში სრულიად განსხვავებული წიგნები იყო შეტანილი“.

მემორიალური ფუნქცია

რადიო თავისუფლების რესპონდენტის თქმით, ბიბლიოთეკებში წიგნების ჩამოწერა ჩვეულებრივი მოვლენაა. ძველ ან „მოძველებულ“ წიგნებს ხმარებიდან იღებენ. რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, მათი „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ 5 წელია, რომლის განმავლობაშიც სახელმძღვანელოები კლასიდან კლასს გადაეცემა, ბოლოს კი ჩამოიწერება.

„კანონის მიხედვით, სახელმძღვანელოები და წიგნები მაკულატურად (კილოგრამობით) ბარდება, თანხის ნაწილი სკოლის ანგარიშზე ირიცხება. მაგრამ ყველაფრის (ბოლო ეგზემპლარამდე) ჩამოწერა არ ხდება - ბიბლიოთეკებს აქვთ მემორიალური ფუნქციაც. ერთი ეგზემპლარი ბიბლიოთეკაში უნდა ინახებოდეს. ასე გვასწავლეს ბიბლიოთეკათმცოდნეობა-ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტზე. ამის შესახებ დირექტორსა და კომისიის წევრებსაც ვუთხარი. თუმცა ჩემი პოზიცია ბოლო ეგზემპლართან დაკავშირებით ყურად არავინ იღო“, - ამბობს ყოფილი ბიბლიოთეკარი.

"პატიმრობა" ბელარუსულ ენაზე დაწერილი წიგნისთვის

ყოფილმა პატიმარმა, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს ნოვოპოლაცკის N1 კოლონიიდან, რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს უთხრა, რომ საპატიმროს, სადაც ის სასჯელს იხდიდა, ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა: ბევრი წიგნით, ჟურნალითა და პერიოდული გამოცემებით ბელარუსულ ენაზე. ბიბლიოთეკაში ასევე იყო ბევრი უცხოენოვანი წიგნი. თუმცა 2023 წელს ყველა ეს წიგნი აიკრძალა.

"კონფისკაცია გაუკეთდა „საეჭვო“ ბელარუსულ წიგნებს. გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში ბლომად იყო უცხო ენების - ინგლისურის, ესპანურის, გერმანულის სახელმძღვანელოები. ჩინურ ენაზე დაწერილი წიგნების კონფისკაციაც კი მოახდინეს. ამასთან დაკავშირებით ვხუმრობდით: „ჩინელები ხომ ჩვენი მეგობრები არიან". ყველა რაზმი გაჩხრიკეს. კოლონიაში ყოველ ექვს თვეში ერთხელ იმართებოდა წიგნის ბაზრობები; პატიმრები თვითონ არჩევდნენ და ყიდულობდნენ წიგნებს. პირად საკუთრებაში არსებული წიგნებიც ჩამოართვეს. ვიკითხეთ, რა ბედი ეწეოდა ამ წიგნებს. ცინიკურად გვითხრეს, რომ დაწვავდნენ“, - თქვა ყოფილმა პატიმარმა ანდრეიმ.

ინკვიზიციის დროიდან 2020 წლის ბელარუსამდე

პავალ ბარკოუსკის, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის და სოციოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც წიგნებს ხევდნენ ან ცეცხლში ყრიდნენ, ყველგან დამყარდა ძლიერი იდეოლოგიური რეჟიმი, რომელიც უკომპრომისოდ ებრძოდა განსხვავებულ აზრს.

„წიგნების მიზანმიმართული განადგურება დაიწყო ჯერ კიდევ ინკვიზიციის დროს, როდესაც აკრძალული წიგნების სიაში შედიოდა ნაწარმოებები, რომლებსაც ეკლესია მკრეხელობად და თავისუფლად აზროვნებად მიიჩნევდა. ასეთ წიგნებს საჯაროდ წვავდნენ კოცონში. ნაცისტურ გერმანიაშიც ანთებდნენ კოცონებს. ასეთი რამ საბჭოთა კავშირშიც ხდებოდა, მაგრამ ნაკლებად თეატრალურად. წიგნები ნადგურდება ფარულად, საიდუმლოდ“, - ამბობს პავალ ბარკოუსკი, ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ახლა პოლონეთში ცხოვრობს და მუშაობს.

ბელარუსის ისტორიაშიც წიგნებს პირველად არ ანადგურებენ: 87 წლის წინ, 1937 წლის ივნისის დასაწყისში, НКВД-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) დაქვემდებარებაში მყოფმა ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავლიტმა გამოსცა ბრძანება ბიბლიოთეკებიდან და მაღაზიებიდან ბელარუსული წარმოების, ბელარუსი ავტორების (მათ შორის კლასიკოსების) 421 წიგნის „ამოღების“ შესახებ. ბრძანებაში მითითებული იყო, რომ წიგნები ან უნდა დაეჭრათ სპეციალური დაზგებით, ან უნდა დაეწვათ.

დამოუკიდებელ ბელარუსში ლიტერატურის "ექსტრემისტულად" გამოცხადება, როგორც ჩანს, დაიწყო 2010 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ნაწილობრივ ეს ის წიგნებია, რომლებიც ბელარუსელებს საზღვარგარეთიდან შეჰქონდათ.

2012 წლის ნოემბერში, ფოტოგრაფებს იულია დოროშკევიჩსა და ალექსანდრ ვასიუკოვიჩს ჩამოართვეს და ექსპერტიზაზე გადაგზავნეს „პრესს-ფოტო ბელარუსი - 2011"-ის ალბომის 41 ეგზემპლარი. სპეციალურმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ „ნაბეჭდი მასალა უკანონოა და ექვემდებარება განადგურებას“.

2013 წელს აშმიანის საბაჟომ „ამოიღო“ ვ. კარბალევიჩის წიგნი „ალიაქსანდრ ლუკაშენკა. პოლიტიკური პორტრეტი“, რომელიც 2010 წელს გამოიცა.

2014 წლის აპრილში, „ბრუზგის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, პოლიტიკოს პაველ სევერინცს ჩამოართვეს ზეონონ პოზნიაკის წიგნები „Terra Dei“, „რაზვაგი“, „პარსივალი“, რომლებიც მან პოლონეთში შეიძინა. ეს წიგნებიც, ექსპერტიზის ჩასატარებლად, გადაგზავნეს გროდნოს საოლქო ადმინისტრაციის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიაში.

2016 წლის აპრილში გამოვიდა ზენონ პოზნიაკის ორი წიგნი - "კარგი ფოტოგრაფია" და "გნოლების დაცვა", რომლებიც ბრესტის სასამართლომ ექსტრემისტულ ლიტერატურად გამოაცხადა.

2016 წელს ბელარუსმა მესაზღვრეებმა ისტორიკოს ულაძიმირ ვოლოდინს ჩამოართვეს წიგნი "სიკვდილით დასჯა ბელარუსში", რომელსაც, ცოტა ხნით ადრე, ასევე იკვლევდა კომისია ექსტრემიზმზე.

მწერალი ალგერდ ბახარევიჩი, რომლის წიგნები ბელარუსში „ექსტრემისტულად“ არის გამოცხადებული
მწერალი ალგერდ ბახარევიჩი, რომლის წიგნები ბელარუსში „ექსტრემისტულად“ არის გამოცხადებული

როგორ მოხდება სახიფათო წიგნების უტილიზაცია?

„ადრე, როდესაც ბელარუსის ხელისუფლება წიგნებს ანადგურებდა, ის ამას აკეთებდა ბულდოზერებითა და ტრაქტორებით, ცეცხლით“, - ამბობს პროფესორი პავალ ბარკოუსკი:

„რა თქმა უნდა, შეუძლიათ გამოიყენონ არაერთი საშუალება, მათ შორის ბულდოზერები. რუსებმა სასურსათო სანქციების დროს, კარგად აჩვენეს რა შესაძლებლობები აქვს ბულდოზერს, მაშინ სპეციალური მანქანაც კი შექმნეს, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ 21-ე საუკუნეშიც კი წიგნების განადგურება (თუნდაც მათი შინაარსი არ მოგწონდეს) ნორმალურ და კარგ პრაქტიკად მიიჩნევა. ყოველივე ეს თვალსაჩინოდ გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად ღრმა წარსულში დაგვაბრუნეს ამ რეჟიმის დამქაშებმა, რომლებიც მზად არიან დაბრუნდნენ ინკვიზიციის კოცონთან; ეს არის ბელარუსის ისტორიის სამარცხვინო ფურცელი. წიგნების განადგურება დანაშაულია“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG