ბელარუსში 5 იანვარს იწყება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი უფლებადამცველის, ალეს ბიალიატსკის სასამართლო პროცესი. განსასჯელს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, განაცხადა მინსკის სასამართლომ საქმეზე, რომელსაც ბიალიატსკის მოკავშირეები მიიჩნევენ შურისძიებად მისი უფლებადაცვითი საქმიანობის გამო.
60 წლის ბიალიატსკი თანადამფუძნებელია უფლებადამცველი ჯგუფის, Viasna-1996-ის და არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იმ ასობით ბელარუსს შორის, რომლებიც დააპატიმრეს 2020 წლის ზაფხულში, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს.
ნობელის პრემია ბიალიატსკიმ გაიყო რუს უფლებადამცველ ორგანიზაციასთან, "მემორიალთან" და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრთან. უფლებადამცველი ჯგუფ Viasna-1996-ის კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად 2021 წელს დააპატიმრეს.
სამ პირს შვიდიდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, საპროტესტო აქციების დაფინანსების და ფულის კონტრაბანდის ბრალდებებით. ბიალიატსკის ბრალდებებზე საჯაროდ არაფერი უთქვამს, მის ადვოკატს აკრძალული აქვს ამ საქმეზე ინფორმაციის გაზიარება.
მეოთხე უფლებადამცველს, რომელმაც ბელარუსი დატოვა, იმავე საქმეზე დაუსწრებლად ასამართლებენ.
Viasna-1996-ს წამყვანი როლი ჰქონდა იურიდიული და ფინანსური დახმარების გაწევაში იმ ასობით ბელარუსისთვის, რომლებიც დააპატიმრეს მასობრივი გამოსვლების დროს. დემონსტრაციები მოჰყვა ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ლუკაშენკა 1994 წლიდანაა ხელისუფლებაში.
ბიალიატსკის და მის კოლეგებს უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ბელარუსის ციხეებში 1500-მდე პოლიტპატიმარია.
საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ან ხელისუფლების კრიტიკისთვის დააკავეს 50 000-მდე პირი, აცხადებენ უფლებადამცველები.