Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხუბი ჭიდაობის ნაცვლად - რა ხდება „ძიუდოს ოჯახში“


წლის ბოლოა. სპორტის სახეობები სეზონის განმავლობაში მოპოვებულ მედლებს ითვლიან, და მომავალი სეზონის გეგმაზე მუშაობენ. ქართულ ძიუდოში კი აქტუალური სხვა თემაა - შიდა სამზარეულოს ცუდი ამბების დალაგება - თან ისე, რომ ამის შესახებ საჯაროდ არაფერი ითქვას.

23-25 ნოემბერს, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ოსაკას „გრან სლემზე“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ხუთი სპორტსმენით გამოვიდა. საპრიზო სამეულები ქართველების გარეშე შეივსო, მაგრამ ჩვენმა ძიუდოისტებმა ყურადღება მაინც მიიქციეს. სანდო წყაროების ინფორმაციით, ნაკრების წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ; მუშტი-კრივის შემდეგ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო.

არეულობის დასაწყისი

ქართულ ძიუდოში შიდა გარჩევები ოსაკას ჩხუბით არ დაწყებულა და სავარაუდოდ, არც დასრულდება. სიტუაცია ჯერ კიდევ გაზაფხულზე აირია, როდესაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან უმედლოდ დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების წევრთა უმრავლესობამ წარუმატებლობის მთავარ მიზეზად ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის არაკეთილსინდისიერი მუშაობა მიიჩნია და მისი სასწრაფოდ გადადგომა მოითხოვა.

ამბოხებულმა ძიუდოისტებმა ვარჯიში შეწყვიტეს. ერთ-ერთი აქციისას, დავით ქევხიშვილს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს, მისი სავარძელი კი გარეთ გამოიტანეს და სანაგვე ურნასთან დატოვეს. სპორტსმენებმა დასახმარებლად სპორტის სამინისტროს მიმართეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამინისტროდან მხარდაჭერა ვერ მიიღეს, უფრო მასშტაბურ ქუჩის აქციებზე გადავიდნენ.

აქციებში ეროვნულის გარდა, ასაკობრივი ნაკრებების წევრები და მწვრთნელებიც ჩაებნენ. აქციების პარალელურად, ნაკრების წევრები იაპონიაში გაემგზავრნენ სავარჯიშოდ. ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, აზიურ საწვრთნელ შეკრებაში ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ბექა ღვინიაშვილი ჩაერთვნენ.

აქციებში მონაწილე სპორტსმენები მაშინ აცხადებდნენ, რომ შეკრებაზე მყოფი თანაგუნდელები მათ პოზიციას იზიარებდნენ და მათაც იგივე მოთხოვნები ჰქონოდათ. შავდათუაშვილს, მარგველაშვილსა და ღვინიაშვილს კი ეს მოთხოვნა თავად ერთხელაც არ გაუჟღერებიათ. არც დაუდასტურებიათ, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა სურდათ და არც საპირისპირო აზრი გამოუხატავთ. მათი დუმილით თბილისში მყოფი ძიუდოისტები ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ.

აქციებიდან დარბაზს სპორტსმენები დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც დავით ქევხიშვილი გადადგა. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას კი წინ უძღოდა ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი და სისხლისღვრა - ძიუდოს ფედერაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ლევან ჟორჟოლიანმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ვეტერანი ძიუდოისტი იოსებ წელაური.

დროებითი სიმშვიდე

სისხლიანი ინციდენტისა და პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ ხმაური მინელდა. ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დაიწყეს მზადება. საწვრთნელი პროცესი იდეალური არ ყოფილა. ნაკრები ორად გაიხლიჩა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯგუფ-ჯგუფად გაიარა შეკრებები და სექტემბრის ბოლოს, წლის უმთავრეს შეჯიბრებაზეც ნაწილ-ნაწილ ჩავიდა. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა - სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

ოქტომბრის ბოლოს ძიუდოს ფედერაციაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა - გიორგი ათაბეგაშვილმა გაიმარჯვა. ამან კი ისევ გააღიზიანა ქევხიშვილთან დაპირისპირებული ძიუდოისტები. ნაკრების კაპიტნის - ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ფედერაციაში აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა, რადგან დავით ქევხიშვილმა თავისი გაიტანა და ძიუდოს ისევ ის მართავს, ახლა უკვე ათაბეგაშვილის დახმარებით.

ისევ ოსაკა

ნაკრებს ადრე თუ გვიან ერთობლივი წვრთნებიც უნდა განეახლებინა. ეს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში მოხდა, როდესაც გუნდი თითქმის უძლიერესი შემადგენლობით შეიკრიბა იაპონიაში, გრან სლემზე საჭიდაოდ და შემდგომ დიდ საწვრთნელ პროცესში ჩასაბმელად.

ოსაკას ტურნირზე, წინასწარ განაცხადში შეყვანილი შვიდი ქართველიდან ტატამზე მხოლოდ ხუთი გავიდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, ლუხუმ ჩხვიმიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა შეჯიბრების წინ მიიღეს ტრავმები და ამის გამო ვეღარ შეძლეს ჭიდაობა.

​გრან სლემის დასრულების შემდეგ, ფეისბუქის გვერდზე: We love judo დაიწერა, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ინტერნეტ-ფორუმებზე კი ძიუდოისტებთან დაახლოებული ადამიანები კიდევ უფრო დეტალურად აღწერდნენ დაპირისპირების დეტალებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ მხარეს იყვნენ შავდათუაშვილი და მარგველაშვილი, ხოლო მეორე მხარეს ჩხვიმიანი, მარგიანი და ლიპარტელიანი.

ჩვენი წყაროს ცნობით, კამათი ჩხუბში გადაიზარდა და სწორედ ამ ჩხუბის დროს მიღებული დაზიანებების გამო ვერ შეძლო ლაშა შავდათუაშვილმა შეჯიბრებაში მონაწილეობა. თავად სპორტსმენი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

„მოგესალმებით გულშემატკივრებო. მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას ჩხუბთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ოსაკას გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ მივიღე ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად“, - დაწერა ლაშა შავდათუაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე.

ძიუდოისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი საქართველოს ძიუდოს ფედერაციამაც უარყო. კულუარებიდან კი აბსოლუტურად განსხვავებული ხმები გამოდის. ინციდენტი უკვე რამდენიმე სპორტსმენმაც დაადასტურა, ოღონდ მხოლოდ პირადი საუბრისას.

თუ ოფიციალურ განცხადებებს მიღმა დარჩენილი ამბები დიდი ნაწილი დეზინფორმაცია არაა, მაშინ ქართულ ძიუდოს წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები ელის - ჩხუბი ადრე თუ გვიან ახალი მუშტი-კრივით გაგრძელდება, რომელსაც დაპირისპირებული მხარეები გაცილებით მობილიზებულები შეხვდებიან.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG