საქართველოში სპორტის წარმატებულ სახეობებზე საუბარს ხშირად ძიუდოთი იწყებენ. საერთაშორისო არენაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ძიუდო ჭიდაობასთან ერთად სტაბილურად სამაგალითოა სხვა სახეობებისთვის, მაგრამ საქმე ისე მიდის, მუდმივად უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ სახეობაში შეიძლება დიდი ჩავარდნა დაიწყოს.
- უთანხმოების დასაწყისი
- პირველი ღია დაპირისპირება - გაყინული დარბაზები
- ახალი სამწვრთნელო შტაბი
- ჩავარდნის დასაწყისი
- მთავარი დაპირისპირება
- თათბირი მინისტრის კაბინეტში
- სპორტსმენების კონკრეტული ბრალდებები
- ძიუდოისტების 17 შეკითხვა დავით ქევხიშვილს
- ოლიმპიური ციკლის ქართული სტარტი - საპროტესტო აქციები
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა უმრავლესობამ ვარჯიში შეწყვიტა. სპორტსმენები ფედერაციის პრეზიდენტს ერთპიროვნულ მმართველობაში, ნეპოტიზმსა და ფინანსურ დარღვევებში ამხელენ და დარბაზში დაბრუნებას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს. ამ მთავარ მოთხოვნას ის ძიუდოისტებიც უერთდებიან, რომლებსაც ვარჯიში არ შეუწყვეტიათ და საერთაშორისო შეკრებებში იღებენ მონაწილეობას. თავად ქევხიშვილი სპორტსმენებს კონტრბრალდებებს უყენებს - აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი მართულია და პოსტის დატოვებას კატეგორიულად გამორიცხავს. მესამე, ყველაზე გავლენიანი მხარე - ქართული სპორტის მაღალჩინოსნები კი სიტუაციას დინჯად, აუღელვებლად აფასებენ და მხარეებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ. არადა, ყველამ იცის, რომ პრობლემის დიალოგით მოგვარება გამორიცხულია.
ვინმემ უკან უნდა დაიხიოს. ვინ? ვერავინ ამბობს. ქართული ძიუდო კი დღითი დღე უკან იხევს. 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სეზონი უკვე გაიხსნა, საქართველოს ნაკრების გარეშე.
უთანხმოების დასაწყისი
პირველად ძიუდოისტებისა და ფედერაციის პრეზიდენტის შეხედულებები 2013 წელს გაიყო. დავით ქევხიშვილმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის გადაყენება მოინდომა, მიუხედავად იმისა, რომ უზნაძის გაწვრთნილი გუნდი სტაბილურად უმაღლეს შედეგებს აღწევდა, თავად სპეციალისტი კი ევროპის ძიუდოს კავშირმა ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. ფედერაციის პრეზიდენტის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, კულუარული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ.
პირველი ღია დაპირისპირება - გაყინული დარბაზები
ფედერაციის პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის პირველი ხმაურიანი დაპირისპირება 2016 წლის იანვარში დაიწყო. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც მაშინ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული გუნდის ცუდ სავარჯიშო პირობებზე გაამახვილა ყურადღება და ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ძიუდოს 90-იან წლებში დაბრუნებაში დაადანაშაულა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა თქვა, რომ ინფორმაცია ნაკრების გამოცდილმა წევრებმა მიაწოდეს.
ზვიადაურის ბრალდებიდან რამდენიმე დღეში დავით ქევხიშვილს უკვე თავად მოქმედმა ძიუდოისტებმა შეუტიეს. ევროპის სამგზის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ნაკრების წევრებს ქურთუკებითა და წინდებით უწევთ ვარჯიში. რამდენიმე მათგანი გაყინულ დარბაზში გაცივდა და საწვრთნელი პროცესის გაგრძელება ვერ შეძლო. ფედერაციის პრეზიდენტმა ჩვენი თხოვნა ყურად არ იღო, რადგან ძიუდოისტების პრობლემები არ აინტერესებსო, ამბობდა ადამ ოქრუაშვილი.
„გაყინული დარბაზების“ სკანდალიც ნელ-ნელა ჩაცხრა და „ძიუდოს ოჯახში“ სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა ეს ასე გარედან ჩანდა. შიდა სამზარეულოს რეალური ამბების სააშკარაოზე გამოტანას ისევ ყველა ერიდებოდა. დაპირისპირებები კი გრძელდებოდა და დროდადრო პიკსაც აღწევდა, ოღონდ ჟურნალისტებისთვის გამხელის გარეშე.
ახალი სამწვრთნელო შტაბი
2016 წლის ბოლოს საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ირაკლი უზნაძეს ფედერაციამ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. იქამდე რამდენიმე თვით ადრე, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უოქროსმედლოდ დარჩა და, შესაძლოა, ფედერაციის პრეზიდენტის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი ესეც ყოფილიყო, მაგრამ დავით ქევხიშვილმა მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სეზონის შედეგებით უკმაყოფილო არ იყო. პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ამასვე არ ფიქრობდა სამწვრთნელო შტაბის მუშაობაზე და რომ არა მიმდინარე ოლიმპიური ციკლი, მწვრთნელების შეცვლა უფრო ადრე სურდა.
ირაკლი უზნაძის ადგილი ირაკლი ცირეკიძემ დაიკავა. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის ნაკრების თავკაცად დანიშვნა შიდა წრეებში უთანხმოების ახალ თემად იქცა. ერთი იმიტომ, რომ ცირეკიძეს სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა და მეორე - მაშინ უკვე ამბობდნენ, რომ დავით ქევხიშვილს ფედერაციასა და ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში თავისი სამეგობრო მოჰყავდა. ეროვნული ნაკრების მსგავსად, შეიცვალა ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების შემადგენლობები.
აზრთა სხვადასხვაობისა და შიდა დაძაბულობის მიუხედავად, უკმაყოფილებას არავინ იმჩნევდა. საჯარო განცხადებების გაკეთებისგანაც ყველა თავს იკავებდა.
ჩავარდნის დასაწყისი
2017 წელს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სირცხვილს შეჯიბრების ბოლოსღა გადაურჩა - მძიმე წონის ქართული ფინალით და გუნდურ ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვებით. საქართველოს ჰიმნი არც მსოფლიოს ჩემპიონატზე აჟღერებულა.
სეზონის ბოლოს ძიუდოისტებმა გულშემატკივრებს ხასიათი მსოფლიოს მასტერსით გამოუკეთეს - პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს. ნაკლებად წარმატებული სეზონის უარყოფითად შეფასებას ქართული ძიუდო რუსულმა მასტერსმა გადაარჩინა.
2018 წლის სეზონი ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ უფრო ცუდად დაიწყო - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს თასის სერიაში შემავალ ათამდე ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა მხოლოდ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. სამაგიეროდ, გაილაღეს თბილისის გრან პრიზე, რომელზეც უცხოეთის ნაკრებები სუსტი შემადგენლობებით მონაწილეობდნენ. აშკარად ჩანდა, რომ გუნდი ევროპის ჩემპიონატს მოუმზადებელი ხვდებოდა. დაბალშედეგიანობას ამძიმებდა სოციალურ ქსელში ქომაგების მიერ გავრცელებული ხმები ნაკრების წევრთა უდისციპლინობის შესახებ.
უსიამოვნო მოლოდინი 26-28 აპრილს თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამართლდა:1992 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპირველობაზე უმედლოდ დარჩა.
მთავარი დაპირისპირება
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ძიუდოისტებმა სკანდალური სატელევიზიო განცხადება გააკეთეს. მათ წარუმატებლობაში ფედერაციის პრეზიდენტი დაადანაშაულეს და ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს, ნაკრების წევრთა უმრავლესობამ კი გადაწყვიტა, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვარჯიშსა და შეჯიბრებებზე სიარულს წყვეტენ.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტსმენების გააქტიურებას ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაყენებით უპასუხა და რიგგარეშე ყრილობაც დანიშნა.
ძიუდოისტებმა ქევხიშვილთან ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრა მოითხოვეს და წინასწარ დაანონსებულ დროს ძიუდოს აკადემიას მიადგნენ. ქევხიშვილმა შეხვედრას თავი აარიდა. სპორტსმენებს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეეხმიანა, თავისთან დაიბარა, მათი ბრალდებები დეტალურად მოისმინა და სიტუაციის სწრაფად შესწავლას დაჰპირდა.
ქართველი ძიუდოისტების აქციებს სპორტის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავებიც გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელებში გაკეთებული მხარდამჭერი ვიდეოგანცხადებებით, სუმოს ელიტარულ დივიზიონში მოჭიდავე ვეტერანმა ქართველმა ძიუდოისტმა ლევან გორგაძემ კი მხარეებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.
თათბირი მინისტრის კაბინეტში
სპორტის მინისტრმა სპორტსმენებთან შეხვედრიდან ორ დღეში ბრიფინგი გამართა და გამოაცხადა, რომ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტთან ერთად შეიქმნა კომისია, რომელმაც ძიუდოს ფედერაციიდან სადავო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა და დასკვნას უახლოეს დღეებში დადებდა.
მინისტრმა ბრიფინგის წინ კაბინეტში ითათბირა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან, იმავე კომიტეტის წევრ შოთა ხაბარელსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთან.
სპორტის მმართველი ორგანოების ხელმძღვანელთა გვერდით ანზორ ჩუბინიძის გამოჩენამ შეიძლება გულშემატკივრები გააოცა, სპორტსმენებისა და შიდა წრეში მოტრიალე ხალხისთვის კი ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. კულუარებში სწორედ ანზორ ჩუბინიძეს ასახელებენ დავით ქევხიშვილის მფარველად და, ზოგადად, ქართულ სპორტში უდიდესი გავლენის მქონე ადამიანად. სამინისტროს შეხვედრაზე ჩუბინიძის გამოჩენამ ისედაც გაღიზიანებული ძიუდოისტები კიდევ უფრო გააბრაზა.
მიხეილ გიორგაძის განცხადებიდან ერთ საათში რიგგარეშე ყრილობა დაიწყო, რომელზეც ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ საგანგებოდ დაქირავებულმა დაცვის სამსახურმა ქევხიშვილთან შეხვედრის მსურველი სპორტსმენები დარბაზში არ შეუშვა. ჯაჯგურის შემდეგ, დელეგატების მითითებით დაცვამ უკან დაიხია. ყრილობაზე რამდენიმე ძიუდოისტი შევიდა, მაგრამ... ათიოდ წუთში ისინი უკვე გარეთ იყვნენ. დიალოგი და კითხვა-პასუხი ვერ შედგა.
ყრილობა დასრულებამდე დატოვა მიხეილ ყაველაშვილმაც. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ქევხიშვილის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა! ფედერაციის პრეზიდენტს დაუჭირეს მხარი ყრილობის დელეგატებმაც. თავად ქევხიშვილმა კი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ძიუდოისტების ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და პროცესს მართული უწოდა.
სპორტსმენების კონკრეტული ბრალდებები
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის კომენტარს აბუნტებული სპორტსმენების მორიგი ტელე-განცხადება მოჰყვა, რომელზეც უკვე ისეთ დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება, იქამდე რომ „შიდა სამზარეულოს" მიღმა არ გამოჰქონდათ. ფინანსური და კორუფციული დარღვევების მთელი ჩამონათვალი - სპორტსმენებისა და მწვრთნელების ხელფასებისა და პრემიების წილები, მწვრთნელთა საქმეებში უხეშად ჩარევის შემთხვევები და ა. შ.
ძიუდოისტების 17 შეკითხვა დავით ქევხიშვილს
1. სად დაიკარგა ის თანხები, რომლებიც სპორტსმენებმა ოლიმპიური ლიცენზიების აღების შედეგად მოიპოვეს? თითოეულ სპორტსმენზე ფედერაციას ჩაერიცხა 85 000 ლარი, საიდანაც ძიუდოისტებმა მხოლოდ 13 000 ლარი მიიღეს. პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს ყველა საბუთი, თუ რა მიზნობრიობით დაიხარჯა დანარჩენი თანხა.
2. სად მიდის მწვრთნელების სახელფასო ფონდიდან ათი პროცენტი, რომელიც პირდაპირ ფედერაციაში "ატკატის" სახით ბრუნდება?
3. სად მიდის მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდი, რომელიც მხოლოდ მწვრთნელებს ეკუთვნის, რატომ აბრუნებინებს ათ პროცენტს და რაში ხარჯავს იგი მას?
4. რა ხარჯებით დაჰყავს ძიუდოს ფედერაციას საერთაშორისო შეჯიბრებებზე ათობით გულშემატკივარი?
5. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავს მასაჟისტი და, ამავდროულად, უამრავი გულშემატკივარი მოდის, დაკონკრეტდეს, ვისი თანხებით დადიან და რატომ არ იმყოფებოდა მასაჟისტი ევროპის ჩემპიონატზე.
6. რატომ არ ჰყავს გოგონების ნაკრებს ამდენი ხნის განმავლობაში პირადი ექიმი?
7. დაგვისახელეთ, რა ძალა გვმართავს ჩვენ, ვინ დგას ჩვენს უკან. თქვენ თქვით, რომ ჩვენ ვართ მართული გუნდი. დაასახელეთ სახელი და გვარი იმ ადამიანის, ვინც ჩვენ გვმართავს და ჩვენს უკან დგას.
8. რატომ არ იყო ყრილობა საჯარო, რატომ იყო დახურული, რატომ არ ჰქონდათ ჟურნალისტებს იქ შესვლის უფლება?
9. ვინ არიან ფედერაციის აღმასკომის წევრები, ის ადამიანები, ვინც ძიუდოისტების ბედს წყვეტენ. რა მიმართულებით და მიზნით დანიშნა მან ისინი?
10. რამდენი კლუბია „შევარდენი 2005"-ში დარეგისტრირებული, ერთ დარბაზში რამდენი კლუბია გაწევრიანებული, რომლებსაც პირდაპირ შეუძლიათ არჩევნების გზით აირჩიონ ფედერაციის პრეზიდენტი?
11. რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობა, რომელს არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ და რომელი ვართ იმ ასაკში, რომ კარიერა დავასრულოთ და ვითხოვდეთ ფედერაციაში თანამდებობას?
12. საკლუბო ჩემპიონატზე, რომლითაც ქევხიშვილი ტრაბახობს, რატომ მიაქვს სპორტსმენს მიღებული პრემიიდან ათი პროცენტი უკან და სად მიდის აღნიშნული თანხები? მან უნდა წარმოადგინოს ყველა საბუთი. რატომ ითხოვდა ფედერაცია სპორტსმენებისთვის განკუთვნილი პრემიებიდან ათ პროცენტს?
13. რატომ ვერ მიიღო ლუხუმ ჩხვიმიანმა „მასტერსზე" მონაწილეობა, სადაც სპორტსმენი შეიძლება კარიერის მანძილზე ერთხელ გამოვიდეს?
14. სად წავიდა „ზედაზენის" მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც უნდა მიეღოთ სპორტსმენებს? ძიუდოისტს, რომელიც დაიკავებდა საპრიზო ადგილს, უნდა მიეღო კონკრეტული თანხა. მათ გადასცეს ცარიელი კონვერტები. სად წავიდა ის თანხა?
15. რატომ ათავისუფლებს დავით ქევხიშვილი მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე და რატომ იგებენ ამას მწვრთნელები ტელევიზორით?
16. რატომ აძლევს ფედერაცია სპორტსმენებს კიმონოებს შერჩევით და 2015-2016 წლებში რატომ არ აუღია ახალგაზრდულ ნაკრებს კიმონოები, როდესაც ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე კომპანიები გვიგზავნიან უამრავ კიმონოს სრულიად უსასყიდლოდ?
17. რატომ არ გვხვდება დავით ქევხიშვილი ჩვენ და რატომ არ უნდა, რომ საჯაროდ ისაუბროს პრობლემებზე?
დავით ქევხიშვილმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ ყველა შეკითხვაზე აქვს არგუმენტირებული პასუხი, მაგრამ სპორტსმენებთან შეხვედრის ორგანიზება და საუბარი რატომღაც ვერაფრით მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოისტებმა ქევხიშვილთან საუბარი მას შემდეგაც არაერთგზის სცადეს, ერთ-ერთი წარუმატებელი მცდელობისას კი სამუშაო კაბინეტის კარიც აუჭედეს, მისი სავარძელი გარეთ გამოიტანეს და სანაგვე ურნასთან დატოვეს.
ოლიმპიური ციკლის ქართული სტარტი - საპროტესტო აქციები
უკვე ერთი თვეა, ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა უმრავლესობა აღარ ვარჯიშობს. აქციას აქცია მოსდევს ფედერაციასთან, სამინისტროსთან, კანცელარიასთან, პარლამენტთან... ფედერაციის პრეზიდენტის და სპორტის მმართველი ორგანოების ხელმძღვანელთა მხრიდან კი შიგადაშიგ თუ მოვისმენთ ხოლმე სიტუაციის შესაფასებელ განცხადებებს. ყველა კომენტარი გაწონასწორებული და მშვიდია, თითქოს ყოველი დაკარგული დღე მარტო სპორტსმენებს აყენებდეთ ზიანს და არა საქართველოს.
2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ციკლიც დაიწყო - ქართველების გარეშე. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებამდე კი, მსოფლიოს ჩემპიონატამდე, სამი თვეც აღარ რჩება და მორიგი წარუმატებელი სეზონის ალბათობაც დღითი დღე იზრდება. ნაკრების გამოცდილ წევრთაგან მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ვარჯიშობენ. სამივე უცხოეთშია შეკრებაზე, მაგრამ დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნისას ისინიც თანაგუნდელების აზრს იზიარებენ.
უკან დახევას არც ერთი მხარე არ ფიქრობს. ქართული ძიუდოს გასაჭირს ბოლო არ უჩანს. ტიტულოვანი ძიუდოისტები აცხადებენ, რომ ძიუდოსთვის თავის დანებებაც რომ დასჭირდეთ, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნას მაინც არ შეცვლიან.
სპორტსმენებმა უკვე სიტუაციის შემსწავლელ კომისიასაც უნდობლობა გამოუცხადეს, რადგან კომისიის წევრთა ნაწილმა ადრიანადვე განაცხადა, რომ დავით ქევხიშვილმა დასმულ შეკითხვებს არგუმენტირებული პასუხები გასცა.
ბოლო იმედად მაინც სპორტის სათავეში მყოფნი რჩებიან.