ჰოი, როგორ აჭიკჭიკდნენ ჩიტები.
დახე! ანცი მარტი მოსულა!
დრო მოვიდა თბილზე თბილი ბიტების
გაზაფხულზე მოწყენა არ მოსულა!
ეს გადასარევი ლექსი ჩემგან სახსოვრად შენდამი საჩუქარია. მარტის ბოლოში გავდივართ და გაზაფხულს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს.
რავი, წესით. სინოპტიკოსი კი არა ვარ.
იმედია, როცა ამას კითხულობ ქალაქში ქარბორბალა არ ტრიალებს და დიდ დიღომში განათების ბოძებს არ გლეჯს. თუ ვცდები და გარეთ ცივა და ქარია კითხვა შეწყვიტე და როცა დათბება იმ დროს გააგრძელე.
(ჰო, ვიცი, რომ იმ სიმღერის ავტორს ვერ იხსენებთ. აგნესა ერქვა).
აი, რაზე დავფიქრდი დღეს. რომელია გაზაფხულის დადგომის აღსანიშნავად ყველაზე შესაფერისი სიმღერა?
არა, ცხადია, მუსიკალურ გემოვნებაზეცაა დამოკიდებული. ზოგი წელიწადის ოთხივე დროს ფინური ფოლკ-მეტალის სმენით ეგებება. ან, ეგებ კროიცბერგული ტექნოს მიღმა მუსიკალურ მიმდინარეობას არ აღიარებს.
მაგრამ, ხომ არსებობს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები? რომ, აი, დათბა და ქურთული გაიხადე, მაგრამ ცოტა ადრე მოგივიდა და გცივასავით, მაგრამ არც ისე, რომ თავბედი იწყევლო და არ იმჩნევ და კაია?
ჰოდა, რომელია მაგისი სიმღერა?
ცხადია, მხიარული უნდა იყოს. ასევე, ხარისხიანი სიმღერა უნდა იყოს. ყველა გემოვნებას უნდა ერგებოდეს. თემატური უნდა იყოს - მზეზე და ამინდზე ლაპარაკობდეს, მაგრამ, ამავე დროს, მთლად გაზაფხულზეც არ უნდა იყოს, თორემ ეგრე ძალიან მარტივი გამოვიდოდა. თან ცნობილი სიმღერა უნდა იყოს - ბევრმა რომ იცოდეს, ისეთი - მისამღერს რომ აყვე და ისე ისეირნო.
აი, რამე „ბითზლი“ იქნებოდა ზეშესაფერისი - Good Day Sunshine, მაგალითად.
მაგრამ, არა! იმიტომ რომ „ბითელსების“ დასახელება ჟილკობაა. არ არსებობს თემა, მაგათი რამე სიმღერა რომ არ შეუსაბამო. (დაპირისპირება ქართულ სამეფო შტოებს შორის? ჰა! Cry Baby Cry ბეიბი! აკვდება!)
მოკლედ, სწორი პასუხი შეკითხვაზე - რომელია ყველაზე საგაზაფხულო სიმღერა? - ასეთია.
ესაა ELO – Mr. Blue Sky.
ეს არ არის ჩემი მოსაზრება. ესაა მეცნიერული ფაქტი. მორჩა დავა!
ან, რავი. უკეთესი რამე თუ იცით ქვემოთ კომენტარებში დაწერეთ...