ქუთაისის ისტორიულ “თეთრ ხიდზე”, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, პანორამული მინა დეკემბრის შემდეგ მეორედ დაზიანდა. ხიდის საფეხმავლო ნაწილზე დაზიანებული შუშა სამართალდამცავებმა მოაჯირით შემოსაზღვრეს. მის სიახლოვეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ კვლავ გააკრა ქართულ და ინგლისურენოვანი წარწერები: „სახიფათოა!“ და „ფრთხილად, ადგილობრივ ხელისუფლებაში სულელები არიან“. ორგანიზაციის წარმომადგენლის, გია გოქაძის, განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ ხიდის შუშის ნაწილი მთლიანად შემოისაზღვროს, როგორც ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი:
„რადგან არ არსებობს ექსპერტების დასკვნა, მერიას ვთავაზობთ შუშის ყველა ნაწილი შემოსაზღვრონ ბარიერებით, რათა მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნათ. ხელისუფლებამ ყურად არ იღო. ფაქტია, კიდევ დაზიანდა მინა და ხვალ, არავინ იცის, რომელი მინა დაზიანდება. ხელისუფლება ამ ქალაქში პასუხისგებლობას ვერ გრძნობს“.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ „თეთრი ხიდის“ შუშის ნაწილი მეტალის საგნით ზემოქმედების შედეგადაა დაზიანებული და გამოძიების მოთხოვნით სამართალდამცავებს მიმართეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ ხუციბერიძის, ინფორმაციით, ხიდის ფეხით სავალ ნაწილზე გამოყენებულ შუშას სპეციალური ჯავშანი აქვს და დიდ დატვირთვაზეა გათვლილი:
„წინასწარი შეტყობით, მინა განზრახაა დაზიანებული, რადგან იქ მძიმე მეტალის საგნის დარტყმის კვალია. სავარაუდოდ, დაზიანება მოხდა გვიან ღამით ან გამთენიისას, რადგან იქ სხვა დროს ყოველთვის ხალხმრავლობაა“.
„თეთრი ხიდის“ უსაფრთხოების შესახებ მერიის განცხადების მიუხედავად, ქუთაისელთა ნაწილი ხიდს უსაფრთხოდ არ მიიჩნევს:
„მე ვერ გავივლი ხიდის შუშის ნაწილზე, მეშინია. მეორედ დაზიანდა უკვე და შეიძლება არის უხარისხო. საერთოდ, მგონია, რომ უფრო მყარი უნდა ყოფილიყო“;
„მე შუშების მიმართ შიში მაქვს“;
„პირველად რომ გაიბზარა მინა, მას შემდეგ შემეშინდა და ამ ნაწილზე არ დავდივარ. გულწრფელად გითხრათ, რეკონსტრუქციამდელი ხიდი მერჩივნა, უფრო მყარი იყო“.
„თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია შარშან განხორციელდა. ქუთაისის მერიამ ხიდი ნოემბერში გახსნა ისე, რომ სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ იყო. ხარვეზებმა თავი მალევე იჩინა, რის გამოც მერიას დღემდე ხშირად აკრიტიკებენ. სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ალმა რუსს“ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა და დააჯარიმა. გია გოქაძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“, აცხადებს, რომ ქუთაისში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარვეზებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგაც ხშირად თავს იჩენს პრობლემები, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.
გია გოქაძეს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს თბილისის ქუჩა, რომლის რეკონსტრუქცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა და იქ უკვე საჭირო გახდა გზის საფარის გაჭრა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ ხუციბერიძის, განცხადებით, „თბილისის ქუჩაზე გზის საფარი ერთი-ერთი აბონენტისთვის კანალიზაციის მილის დაზიანების გამო გაჭრეს და შეკეთების შემდეგ გზას პირვანდელ იერს დაუბრუნებენ“.
არასამთავრობო ორგანიზაციაში „ევროპა ჩვენი სახლია“ ამბობენ, რომ კორუფციული გარიგების ეჭვს ბადებს მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა ტაბიძის ქუჩის სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ჯეო სერვისთან“, მაშინ როცა ერთი თვით ადრე კომპანიას პროექტის განხორციელების ვადა გაუხანგრძლივა და სამუშაოებისთვის 80 ათასი ლარი დაუმატა. ამჟამად ტაბიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საერთოდ შეჩერებულია. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა ხიდაშელი „ჯეო სერვისთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად პირობების დარღვევასა და სამუშაოების შეჩერებას ასახელებს. ხიდაშელის თქმით, „თუ კომპანია ვალდებულებებს არ შეასრულებს, მერია სასამართლოში უჩივლებს“.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან გამარტივებული შესყიდვის ნებართვას მიიღებენ, ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები სექტემბრამდე დასრულდება.