წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიის მიერ 500 ლარით დაჯარიმებას უკანონოდ და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. მერიამ ორგანიზაციის წევრები ქალაქის ისტორიულ „თეთრ ხიდზე“ დაზიანებულ შუშაზე მაფრთხილებელი სტიკერების დაკვრისთვის დააჯარიმა.
ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული წარწერით „სახიფათოა!“ მცირე ზომის სტიკერები ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პირველად 29 დეკემბერს, შუშის დაზიანების დღეს, მოგვიანებით კი 12 იანვარს დააკრეს ხიდზე, რითაც ფეხით მოსიარულეები გააფრთხილეს, რომ მასზე გადაადგილება სახიფათოა. „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელ გია გოქაძის განცხადებით, სტიკერების პირველად დაკვრას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, ორგანიზაციას არ მიუღია არც გაფრთხილება მერიის შესაბამისი სამსახურისგან.
ქუთაისის ისტორიული „თეთრი ხიდი“ - მას შემდეგ, რაც მისი რეკონსტრუქცია დაიწყო - არაერთხელ გახდა ურთიერთბრალდებებისა და კრიტიკის საგანი. 3 ნოემბერს ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის გაიხსნა, თუმცა მასზე სამუშაოები დასრულებული არ იყო. გახსნიდან მალევე კი ხარვეზებმა იჩინა თავი.
გოქაძე ეჭვობს, რომ „12 იანვრის ქმედებისთვის სამართალდარღვევის ოქმი მის სახელზე იმ მიზეზით შედგა, რომ შეუზღუდონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რადგან მან „თეთრ ხიდზე“ უხარისხოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მერია არაერთხელ გააკრიტიკა“.
სამოქალაქო აქტივისტი გოჩა ჩხეტია ქუთაისის მერიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიმართულ სანქციას კანონის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კანონის ინტერპრეტირებითაა შედგენილი“.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად ჯავახიას, განმარტებით, „თეთრ ხიდზე“ მინის საფარის ნაწილი ფიზიკური ზემოქმედების შედეგადაა დაზიანებული, მიმდინარეობს გამოძიება და დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ხოლო რაც შეეხება ხიდის უსაფრთხოებას, ჯავახიას მტკიცებით, იგი მდგრადია და ფეხით მოსიარულეთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჯავახიას ინფორმაციით, ხიდის რეკონსტრუქციის დასრულებისთვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, რადგან სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ალმა-რუს საქართველოსთან“ ხელშეკრულება დეკემბერში შეწყდა და რეკონსტრუქციის არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულებისთვის კომპანია 200 ათასი ლარით დაჯარიმდა. ზვიად ჯავახია არ იზიარებს ბრალდებას კანონის არასწორად ინტერპრეტირების შესახებ და განმარტავს, რომ „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელი კანონიერად დაჯარიმდა, რადგან 150-ე მუხლით იკრძალება სხვადასხვა სახის ნახატების, წარწერების, სიმბოლიკის შესრულება ადმინისტრაციულ შენობებზე, მათ მიმდებარედ და ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“, წარმომადგენელი და მერის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე შერჩევითი სამართლის შედეგად მიიჩნევს „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენლის დაჯარიმებას. კოხრეიძის განცხადებით, ქუჩებში გარეგანათების ბოძებსა და ფასადებზე მრავლადაა სხვადასხვა სახის სარეკლამო თუ სააგიტაციო მასალა, მათ შორის საარჩევნო პლაკატები, განცხადებები და სხვადასხვა ზომის სტიკერები; შენობებზე, მათ შროის ისტორიულ უბანში, ასევე არის საღებავით შესრულებული წარწერები, თუმცა მერიის შესაბამის სამსახურს ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებია.
ქუთაისის ისტორიული „თეთრი ხიდი“ - მას შემდეგ, რაც მისი რეკონსტრუქცია დაიწყო - არაერთხელ გახდა ურთიერთბრალდებებისა და კრიტიკის საგანი. 3 ნოემბერს ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის გაიხსნა, თუმცა მასზე სამუშაოები დასრულებული არ იყო. გახსნიდან მალევე კი ხარვეზებმა იჩინა თავი.