ქუთაისის მერიას, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ. ქალაქის ისტორიულ „თეთრ ხიდზე“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „ალმა-რუს საქართველო“ უკმაყოფილოა მერიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტით და თუ მერია სამუშაოების დასრულების უფლებას არ მისცემს და ტენდერით გათვალისწინებულ თანხას, 434 ათას ლარს, სრულად არ გადაურიცხავს, სასამართლოს მიმართავს. ქუთაისის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება 5 დეკემბერს შეუწყვიტა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი მიზეზად სამუშაოს უხარისხოდ და არაკეთილსინდისიერად შესრულებას ასახელებს. ყურაშვილის ინფორმაციით, კომპანიას მერიისაგან მიღებული აქვს თანხის ნაწილი - დაახლოებით, 290 ათასი ლარი. ქუთაისის მერია მოითხოვს, რომ ამ თანხიდან 185 ათასი ლარი კომპანიამ ხუთ დღეში უკან დაუბრუნოს:
„კომპანიას მივეცით გონივრული ვადა და 5 დღეში უნდა დააბრუნოს სახელმწიფო ხაზინაში 174 ათასი ლარი პირგასამტეხლო და 11 000 ჯარიმის თანხა სამუშაოების ვადაგადაცილებისთვის. მონიტორინგის ჯგუფს ხარისხთან დაკავშირებითაც აქვს შენიშვნები, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა გახდა“.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე, რატომ გახსნეს ერთი თვის წინ „თეთრი ხიდი“ საზეიმო ვითარებაში, თუკი სამუშაოები დასრულებული არ იყო. ყურაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ხიდის გახსნას მოსახლეობა მოითხოვდა:
„ხიდის საზეიმო ვითარებაში გახსნაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ გეტყვით, რომ ხიდი მოქალაქეთა მოთხოვნის გათვალისწინებით გაიხსნა, რადგან იგი დიდი ხნით იყო დაკეტილი და გვინდოდა, რომ შეუფერხებლად ემოძრავათ მოქალაქეებს“.
გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან ხიდის მიმდებარედ იყო დალაგებული ქვის მსგავსი დეკორატიული საგნები. მოვახდინეთ რეაგირება და გამოვიყენეთ საჯარიმო სანქციები გზის შეზღუდვის გამო.
კომპანია „ალმა-რუს საქართველოსთვის“ დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და საჯარიმო თანხას, შესაძლოა, კიდევ 2 ათასი ლარი დაემატოს. 5 დეკემბერს გვიან ღამით კომპანიამ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანა იმიტირებული თეთრი ქვების მსუბუქი კონსტრუქციები, რომლებსაც ხიდზე სკამების ფუნქცია უნდა შეესრულებინა. მერიამ იმავე ღამით გაავრცელა განცხადება, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვეტილია, რის შემდეგაც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა პოლიციის დახმარებით კონსტრუქციები აიღეს და საწყობში გადაიტანეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად ჯავახიას, განცხადებით, დიდი მოცულობის 13 ქვა ზღუდავდა ხიდზე გადაადგილებას, რის გამოც კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება სცადეს, თუმცა უშედეგოდ და, საბოლოოდ, შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დაჯარიმებას ითვალისწინებს:
„გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან ხიდის მიმდებარედ იყო დალაგებული ქვის მსგავსი დეკორატიული საგნები. მოვახდინეთ რეაგირება და გამოვიყენეთ საჯარიმო სანქციები გზის შეზღუდვის გამო. 5 დეკემბერს გაუქმდა კომპანიასთან ხელშეკრულება. შესაბამისად, მას არ ჰქონდა არც ვალდებულება და არც უფლება ეწარმოებინა სამუშაოები“.
რატომ ქმნიან ასეთ კაბალურ პირობებს, საიდან უნდა დავაბრუნო ეს თანხა? დავასრულებდი ამ სამუშაოს. ბოლო ორი თვეა, რაც ვიმუშავეთ, თანხა არ მაქვს ჩარიცხული, მხოლოდ ნაწილი ჩამერიცხა, რითაც მასალები შევიძინეთ და დავარიგე ხელფასები.ზურაბ ყურუა
თავის მხრივ, „ალმა-რუს საქართველოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ყურუა ამბობს, რომ 5 დეკემბერს კომპანიისთვის უცნობი იყო მერიის მიერ ხელშეკრულების შეწვეტის ფაქტი და ხიდზე თეთრი ქვების მსუბუქი კონსტრუქციაც ამიტომ მიიტანეს. ზურაბ ყურუას ინფორმაციით, მან მხოლოდ მეორე დღეს გაიგო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, როცა ადგილზე სამუშაოების გასაგრძელებლად მისულს იმიტირებული ქვები აღარ დახვდა. მისივე განცხადებით, თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული დეტალები რამდენჯერმე შეიცვალა და ბოლო ორი თვის განმავლობაში წარმოებული სამუშაოებისთვის მერიას არც თანხა ჩაურიცხავს. რაც შეეხება მერიის მოთხოვნას, -პირგასამტეხლოსა და ჯარიმის თანხის, 185 ათასი ლარის, 5 დღეში დაბრუნებას, -ზურაბ ყურუა ამბობს, რომ მიღებული თანხით კომპანიამ სამშენებლო მასალები შეიძინა და ხელფასები დაფარა და უკან დაბრუნებას ვერ შეძლებს:
„რატომ ქმნიან ასეთ კაბალურ პირობებს, საიდან უნდა დავაბრუნო ეს თანხა? დავასრულებდი ამ სამუშაოს. ბოლო ორი თვეა, რაც ვიმუშავეთ, თანხა არ მაქვს ჩარიცხული, მხოლოდ ნაწილი ჩამერიცხა, რითაც მასალები შევიძინეთ და დავარიგე ხელფასები. როცა დავასრულებდი სამუშაოებს, კიდევ ველოდებოდი დარჩენილი თანხის ჩარიცხვას. მარტო ეს ქვები იყო დასამონტაჟებელი. ბოლო პერიოდში შესრულებული სამუშაოები არავის აქვს აღრიცხული“.
კომპანია „ალმა-რუს საქართელოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ყურუა არ იზიარებს ქუთაისის მერიის ბრალდებას სამუშაოების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულების შესახებ. ყურუას განცხადებით, სატენდერო პირობებით შესრულებულ სამუშაოებს 10-წლიანი საგარანტიო ვადა აქვს და თუ ამ ხნის განმავლობაში ხარვეზი გამოვლინდება, კომპანია მზად არის გამოასწოროს. ზურაბ ყურუას თქმით, კომპანია ეცდება მერიასთან მოლაპარაკებას, რათა სამუშაოები დაასრულოს, თუ არადა, იძულებული იქნება სასამართლოში იდავოს.
„ალმა-რუს საქართველოსა“ და ქუთაისის მერიას შორის ფარულ გარიგებას არ გამორიცხავს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გიგა შუშანია. მისი თქმით, მერიამ კომპანიას 315 ათასი ლარი გადაურიცხა და ეს თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. შუშანიას განცხადებით, ხიდის რეკონსტრუქციის პროცესშივე ნათლად ჩანდა ხარვეზები, თუმცა მერიამ კომპანიას სამის ნაცვლად ხუთ თვემდე გაუხანგრძლივა სამუშაოს შესრულების ვადა, 3 ნოემბერს კი საზეიმოდ გახსნა ხიდი, რომელიც დასრულებული არ იყო:
„მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა ეტაპზე მერიასა და კომპანიას შორის მიმდინარეობდა ფარული გარიგებები, რადგან პროექტი შეიცვალა არაერთხელ და საზოგადოება არ იყო ჩართული. რაც ჩვენ დავთვალეთ, 315 000 ლარი აქვს მერიას გადარიცხული ტენდერით დადგენილი თანხიდან. ქუთაისის მერიამ ვერა და ვერ მიიყვანა „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია ბოლომდე, გაწყვიტა ხელშეკრულება კომპანიასთან, მაგრამ თანხა დარჩა გადაყრილი. ეს ხიდი გასაკეთებელია ისევ, ქალაქის ბიუჯეტმა და გადასახადის გადამხდელებმა დაკარგეს 315 000 ლარი და შედეგად მივიღეთ დაზიანებული და საფრთხის შემცველი ხიდი“.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია ივნისში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხიდი ოფიციალურად 3 ნოემბერს გახსნეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში „თეთრი ხიდი“ ნაწილობრივ რამდენჯერმე გადაიკეტა და მიზეზად დაუსრულებელი სამუშაოები დასახელდა. გახსნის შემდეგ მერიაში ადასტურებდნენ, რომ „თეთრ ხიდზე“ შესრულებული სამუშაოები მიღება -ჩაბარების აქტით გაფორმებული არ ყოფილა. ამბობდნენ იმასაც, რომ ხიდზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო და მხოლოდ ხარვეზების გამოსწორება იყო დარჩენილი, თუმცა ხიდი უსაფრთხო იყო.