31 ოქტომბერს, COVID-19-ის პირობებში, საქართველოში პირველი არჩევნები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მთავრობის განმარტებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების, კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. რა პროცედურებია გათვალისწინებული არჩევნების დღისთვის? რა უნდა გაითვალისწინოს ამომრჩეველმა?
კენჭისყრა საარჩევნო უბნებზე - როცა თავად მიდიხართ
საარჩევნო უბნებისთვის შემუშავებული უსაფრთხოების ზომები ცესკოს #38 დადგენილებაშია ასახული.
წესების თანახმად:
- კენჭისყრის ოთახში შესვლამდე, ამომრჩეველი გაივლის დეზობარიერს;
- მარკირების შემოწმების შემდეგ, ამომრჩეველს იქვე დახვდება სადეზინფექციო ხსნარი და კენჭისყრის ოთახში შესასვლელად, მან აუცილებლად უნდა დაიმუშაოს ხელები;
- ამომრჩეველს არ უტარდება თერმოსკრინინგი (კომისიის წევრებს და სხვა უფლებამოსილ პირებს - კი);
- პირბადის გარეშე არავინ დაიშვება საარჩევნო უბანზე, გარდა სამედიცინო ცნობის მქონე ამომრჩევლებისა;
- ამომრჩეველი უბანზე რამდენიმე წამით ორჯერ იხსნის პირბადეს (ეს სავალდებულოა): პირველად - კენჭისყრის ოთახში შესვლის დროს, როცა ის რიგის მომწესრიგებელს უჩვენებს პირადობის დამადასტურებელ საბუთს და მეორედ - როცა მივა რეგისტრატორის მაგიდასთან საარჩევნო ბიულეტენის მისაღებად;
- კომისიის ერთ წევრს ევალება ამომრჩეველთა შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა (თუმცა - "ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში");
- სარეგისტრაციო მაგიდასთან არ უნდა იდგეს ორზე მეტი ამომრჩეველი;
- ამომრჩეველი რეგისტრატორის მაგიდასთან გაივლის მარკირების პროცედურას და იქვე მიიღებს ინდივიდუალურ კალმისტარს - ამ კალმისტრით აწერს ხელს ბიულეტენის მიღებას და ამითვე სარგებლობს საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას;
- ხმის მიცემის შემდეგ, ამომრჩეველი გამოყენებულ კალმისტარს ჩააგდებს სპეციალურ კონტეინერში;
- ფარული კენჭისყრის კაბინები კედლის მხრიდან გახსნილი იქნება (ვენტილაციის მიზნით);
- კენჭისყრის შემდეგ, წასვლისას, ამომრჩეველი ისევ სადეზინფექციო სითხით დაიმუშავებს ხელებს;
- კენჭისყრის შენობაში ყოველ 3 საათში ერთხელ გაიწმინდება ხშირად შეხებადი ზედაპირები (მათ შორის - კარის სახელურები, სამუშაო მაგიდები და ა.შ.) . ამას გააკეთებს შესაბამისად აღჭურვილი დამლაგებელი;
- კენჭისყრის შენობა სადეზინფექციო ხსნარით მთლიანად დამუშავდება - უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ;
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.
ვინ დაიშვება პირბადის გარეშე?
საარჩევნო უბანზე პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც აღენიშნება, მაგალითად - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, აუტისტური სპექტრის დარღვევა ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით.
ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ სამედიცინო ცნობა იყოს ახალი აღებული. საკმარისია აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და სხვა).
სიცხის გაზომვაზე უარის თქმას ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლებით ხსნის ცენტრალური საარჩევნო კომისია - თუკი რომელიმე ამომრჩეველს სიცხე აღმოაჩნდება და ის ამ მიზეზით გამოეთიშება კენჭისყრის პროცესს, ცესკო მიიჩნევს, რომ ამით შეილახება მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.
COVID 19-ის ბოლო დროს სწრაფად გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უარი თქვა არჩევნების გადადებაზე. თუმცა ეს თემა სერიოზულ მოთხოვნად არც ოპოზიციაში წამოჭრილა და საკითხი ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებს არ გასცდენია.
ხელისუფლებას სჯერა, რომ კენჭისყრის პროცესი ხალხს საფრთხეს არ შეუქმნის:
- „საარჩევნო უბნები ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება ამომრჩევლისთვის, ვიდრე ის სავაჭრო ცენტრები, სადაც ისინი ყოველდღიურად შეიძლება დადიოდნენ“ - პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 19 ოქტომბერი;
- „წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. შესაბამისმა სამსახურებმა უკვე იმუშავეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ჩატარდება უსაფრთხოდ და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. ეს ეხება როგორც ამომრჩევლებს, ისე დამკვირვებლებს“ - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი, 26 ოქტომბერი.
კენჭისყრა იზოლაციაში - როცა საარჩევნო ყუთი მოდის თქვენთან
ცესკოს #45-ე დადგენილებით არის განსაზღვრული ხმის მიცემის წესები მათთვის, ვინც კოვიდინფექციის გამო საავადმყოფოში, კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცესა თუ სახლში იმყოფება - მკურნალობის ან პრევენციის მიზნით.
COVID 19-ის გამო 127 სპეციალური საარჩევნო უბანია შექმნილი - საიდანაც დილიდან ხდება მობილური საარჩევნო ყუთების გატანა და შემდეგ უკვე, ამ უბნებზე ტარდება ხმის დათვლის პროცედურები;
გადასატანი ყუთით ხმის მიცემის წესების თანახმად:
- ინფიცირებულებისთვის ან თვითიზოლაციაში მყოფებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთები მიაქვთ სპეცჯგუფის (სპეციალური საარჩევნო უბნის) წარმომადგენლებს;
- ისინი აღჭურვილი არიან ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით - - პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა;
- ასევე აღიჭურვებიან საერთაშორისო, ადგილობრივი დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიებისა თუ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც გაჰყვებიან მობილურ ყუთებს;
- გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები არ შედიან ამომრჩევლის ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში;
- ამომრჩევლის კართან მისვლისთანავე, გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედაპირი, კარის სახელური და სხვა შეხებადი ზედაპირები დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით;
- ამომრჩეველს ხელმოსაწერი სია და საარჩევნო ბიულეტენი გადაცემა კონტაქტის გარეშე და დაცული იქნება მინიმუმ 1,5-მეტრიანი დისტანცია;
- ამომრჩეველს ამ პროცესში არ უტარდება მარკირება;
- ამომრჩეველი სპეცჯგუფის წევრს ანახვებს პირადობის დამადასტურებელ საბუთს - კონტაქტის გარეშე, მაგრამ ისე, რომ შესაძლებელი იყოს მონაცემების წაკითხვა და ფოტოს აღქმა;
- ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა მხოლოდ პირბადის გამოყენებისა და ხელების ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავების შემთხვევაში;
- ამომრჩეველი დროებით მოიხსნის პირბადეს ამოცნობის დროს. ეს სავალდებულოა და ამ პროცედურის გარეშე ის ვერ მიიღებს ბიულეტენს;
- ამომრჩეველს გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტარი;
- ამ კალმისტრით ის ხელმოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას და შემდეგ, ამავე კალმისტრით ავსებს საარჩევნო ბიულეტენსაც;
- შევსების შემდეგ, ბიულეტენს ამომრჩეველი ჩააგდებს ბინის (სახლის) შესასვლელთან განთავსებულ გადასატან საარჩევნო ყუთში;
- ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მოთავსდება მისთვის განკუთვნილ ყუთში/ჩანთაში.
- ყოველ ჯერზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით;
- ყოველ ჯერზე, ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, სავალდებულოა ხელების დეზინფექცია;
- პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, უნდა მოხდეს გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.
ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი საარჩევნო სიის ფურცელი ერთადერთი ნივთია, რომელსაც ინფიცირებული ან თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი უბრუნებს სპეცჯგუფის წევრებს. მათ კი, იმავე ფურცელზე, შემდეგ ჯერზე, სხვა ამომრჩეველს უნდა მოაწერინონ ხელი. ხომ არ არის ეს სახიფათო?
როგორც ცესკოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ეს არ იქნება საფრთხის შემცველი, მაშინ, როცა პროცესში გათვალისწინებულია დეზინფექციისა და ინდივიდუალური დაცვის მთელი რიგი საშუალებები. თუმცა დადგენილების ტექსტის თანახმად, არ არის გათვალისწინებული მაგალითად ის, რომ ამომრჩეველსაც უნდა ეკეთოს ერთჯერადი ხელთათმანი.
დადგენილების ტექსტში ასევე არაფერია ნათქვამი ამომრჩევლის მიერ კალმისტრის დაბრუნებაზე. როგორც ცესკოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, კალმისტრები დაბრუნდება და ისინი სპეციალურ კონტეინერში შეგროვდება.
ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გადასატანი ყუთების პროცედურებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაუჩნდათ და განსაკუთრებით - სპეცსიების შედგენასთან დაკავშირებით.
მათი აქტიური პროტესტის შედეგად, ცესკომ რეგისტრაციის ვადა რამდენიმე საათით გაახანგრძლივა იზოლაციაში მყოფ იმ პირთათვის, რომლებსაც გადასატანი ყუთებით სარგებლობა სურთ. მაგრამ დღის წესრიგში დარჩა პირობები, რომლებიც, სავარაუდოდ, კენჭისყრის პროცესის მიღმა დატოვებს ათასობით ამომრჩეველს.
ცესკოში აცხადებენ, რომ წესებისა და პირობების შემუშავება კანონთან შესაბამისობითა და საერთაშორისო პრაქტიკის მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდა.
როგორ დაითვლიან ხმებს სპეცუბნებზე?
გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანს უნდა დაუბრუნდეს არაუგვიანეს 21:00 საათისა.
თუკი ყუთებისა და თანმხლები დოკუმენტების შემოწმებისას დარღვევები არ გამოვლინდა, ხმების მთვლელები, ცალკე მდგომ მაგიდაზე, ერთმანეთში აურევენ გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და დაიწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას. ერთი საარჩევნო უბნის ყველა გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები ფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით.
ცალკე უსაფრთხოების წესებია გაწერილი სპეცუბნებზე მყოფი პირებისთვის - სპეცჯგუფის წევრებისთვის, დამკვირვებლებისთვის თუ მედიისთვის:
- სპეცუბნებზე ყველა გაივლის თერმოსკრინინგს და არავინ დაიშვება 37°С-ის ან 37°С-ზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში; მაჩვენებლის გადამოწმება მოხდება მხოლოდ ერთხელ, 5-წუთიანი ინტერვალით;
- უბანზე სპეცჯგუფის წევრები და დამკვირვებლები არ დაიშვებიან პირბადის, სახის დამცავი ფარის, ერთჯერადი ხალათის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე;
- საარჩევნო უბნის შესასვლელთან და სპეცჯგუფის განთავსების ოთახში ხელმისაწვდომი იქნება ხელის სადეზინფექციო ხსნარი, მოხდება ზედაპირების ხშირი დეზინფექცია და სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია;
- კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმების მთვლელები მაგიდებთან განთავსდებიან ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ;
- მეთვალყურეებმა თუ მედიის წარმომადგენლებმა მთვლელებისგან 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ პროცესის მეთვალყურეობა.
ოპოზიცია შიშობს, რომ უსაფრთხო დისტანციის დაცვა, სივრცეების სიმცირის გამო, ყველა საარჩევნო უბანზე ვერ მოხერხდება, რამაც შესაძლოა, საფრთხესთან ერთად, დისკომფორტიც შეუქმნას ამომრჩეველს.
საერთაშორისო გამოცდილებიდან:
ქვეყნებში, სადაც პანდემიის მიუხედავად არჩევნები მაინც ჩატარდა - პირბადეების, სხვა დამცავი და სადეზინფექციო საშუალებების გარდა, მაგალითად, შემდეგ ზომებსაც მიმართეს:
- სამხრეთ კორეაში - მილიონობით ადამიანს გაუზომეს სიცხე და ვისაც აღმოაჩნდა, მათთვის კენჭისყრის პროცედურა განცალკევებულ სივრცეში გაიმართა.
- სინგაპურში - ისინი, ვისაც სხეულის ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მეტი ჰქონდა, კენჭისყრისთვის სპეციალურად გამოყოფილ უბანზე დაიბარეს - საღამოს 7-დან 8 საათამდე.
- საფრანგეთში - გაზარდეს როგორც საარჩევნო უბნების რიცხვი, ასევე გაახანგრძლივეს კენჭისყრისთვის გამოყოფილი დრო, უბნებზე ამომრჩეველთა სიმრავლის თავიდან აშორების მიზნით.
- სინგაპურში - ამომრჩევლისთვის დაწესებული იყო 2-2-საათიანი გრაფიკი და ისინი ხმის მისაცემად მორიგეობით მიდიოდნენ.
- სინგაპურში - კენჭისყრაზე დილის საათებში მისვლა შეეძლოთ მხოლოდ ამომრჩევლებს, რომელთა ასაკიც 65 წელს აღემატებოდა.
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აღნიშნავდა, რომ ქვეყნებში, სადაც არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა, ამისათვის გაცილებით მეტი რესურსი არსებობდა და მათ შორის - უსაფრთხოების წესების დაცვისა თუ ჯანდაცვის სისტემის მომზადების კუთხით. საქართველო კი - მათ ვერ გაუტოლდება.
მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, ქვეყნებში, სადაც არჩევნები პანდემიის ფონზე ჩატარდა, კენჭისყრის დღის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვმა რამდენიმე ასეულით ან ათასეულით მოიმატა.