Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძის თქმით, გაზაფხულიდან რამდენიმე ვაქცინა იქნება მსოფლიოში


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა „ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ.

ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი ორგანიზაციები, როგორიცაა ჯანმო, CDC, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მთელი მსოფლიო, აქტიურად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე. მისი თქმით, ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შექმნილია, რომლებიც გადიან პრეკლინიკურ, პოსტკლინიკურ და კლინიკური კვლევის პირველ, მეორე და მესამე ფაზას. ასეთია დაახლოებით ათამდე ვაქცინა. „ვაქცინა დიდი ალბათობით იქნება. თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ვაქცინა, ამას გვაჩვენებს მომავალი“, - დაამატა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვაქცინის შემოსვლის სავარაუდო დროსაც ასახელებს: „ალბათ წლის ბოლომდე რამდენიმე ვაქცინა ნამდვილად იქნება. დაახლოდებით მესამე ფაზაში არის კვლევის. გარდა ამისა, ვიცით, რომ პრინციპში ჩინეთში უკვე გამოიყენება ერთი ვაქცინა და და კიდევ ორზე არის ლაპარაკი. ასე რომ, ჩემი აზრით, გაზაფხულიდან რამდენიმე ვაქცინა უკვე იქნება მსოფლიოში. ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც თვითონ აწარმოებენ თავიანთი ქვეყნებისთვის და იმედი გვაქვს, რომ უკვე გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვის“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აღნიშნავს, რომ პესიმისტური დამოკიდებულება, რომ შეიძლება, საერთოდ არ შეიქმნას ვაქცინა, არსებობდა იმ დროიდან, როდესაც COVID-ი გამოჩნდა. „ექსპერტების აზრი, რომ ვაქცინის შექმნა რთული იყო, ეყრდნობოდა იმ გამოცდილებას, რომ SARS-ის და MERS-ის ვაქცინა არ შექმნა კაცობრიობამ. თუმცა სხვა გამოწვევის წინაშე დაგვაყენა SARS-COV-2-მა, პანდემიად იქცა და მოედო მთელ მსოფლიოს”, - აღნიშნავს ზახაშვილი. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ როგორი იქნება ვაქცინა, მომავლის თემაა. ის დარწმუნებულია, რომ ვაქცინა აუცილებლად შეიქმნება.

XS
SM
MD
LG