Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში გააპროტესტეს ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მოსალოდნელი კომენდანტის საათი


ბელგრადში საპროტესტო აქციები მოჰყვა სერბეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, კომენდანტის საათის გამოცხადების შესახებ.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას მოითხოვდნენ. დემონსტრანტების რადიკალურად განწყობილმა ნაწილმა პოლიციელებს ქვები დაუშინა და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

7 ივლისს, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, 10 ივლისის საღამოს 6 საათიდან სამი დღით ბელგრადში ამოქმედდება კომენდანტის საათი და ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება ხუთზე მეტი პირის ერთად შეკრება.

ვუჩიჩის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ერთ დღეში კორონავირუსის 300-მდე ახალი შემთხვევა და 13 ადამიანის გარდაცვალება, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელგრადის საავადმყოფოები სავსეა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით. სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბელგრადში კრიტიკული ვითარებაა, კიდევ 4 ქალაქში კი - საგანგაშო.

სერბეთის ხელისუფლებამ მარტიდან დაწესებული შეზღუდვები ივნისში გააუქმა. ვუჩიჩის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო და უკავშირდებოდა პრეზიდენტის სურვილს, 21 ივნისს ჩაეტარებინა საპარლამენტო არჩევნები. ვუჩიჩის პარტიამ არჩევნებში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესება დაიწყო.

სერბეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 16 700-ს აჭარბებს. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 13 000-ზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 330 ადამიანი.

XS
SM
MD
LG