Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპრეცედენტო რბოლა COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად


COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობა მკვლევრებმა, ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ და მარეგულირებელმა ორგანოებმა ახალ დონეზე აიყვანეს.
COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობა მკვლევრებმა, ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ და მარეგულირებელმა ორგანოებმა ახალ დონეზე აიყვანეს.

ვაქცინები რთული სფეროა. კიდევ უფრო რთული, ვიდრე ტესტირება და მედიკამენტებიც კი, ამბობენ სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაზე.

პანდემიასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია როგორც ვაქცინა, ისე ტესტირება და სამკურნალო საშუალებები.

ტესტირებისთვის უდიდესი პრობლემაა ტესტისთვის აუცილებელი ინგრედიენტების არსებობა და მათი ხელმისაწვდომობა.

მედიკამენტური მკურნალობა ერთობ მგრძნობიარე რამაა, მაგრამ ასევე ემყარება ცდებისა და შეცდომების პროცესს.

ვაქცინაზე მუშაობაში მთელი რიგი წინაღობების გადალახვა ხდება საჭირო. ასეთი მუშაობისას უნდა გაირკვეს ხოლმე ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა ვაქცინის ეფექტიანობა, ხანგრძლივი და ხანმოკლე იმუნიტეტი, ზერეაქცია და პოტენციურად სასიკვდილო რეაქცია სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებში და სხვ.

არაფერი რომ არ ვთქვათ უკვე იმაზე, რომ ვაქცინის შექმნის შემდეგ ის მილიარდობით ადამიანს უნდა გაუკეთდეს ახალი კორონავირუსის მსგავსი დაავადებების შემთხვევაში, რომლითაც დღეისთვის მსოფლიოში ორნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და 194 ათასზე მეტი გარდაიცვალა მას მერე, რაც მან გასული წლის ბოლოს იჩინა თავი ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში.

„ვაქცინის შექმნა ყოველთვის უფრო ძნელია და უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვინაიდან დიდი რაოდენობით ადამიანები უნდა აიცრან. ამიტომ უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია მოცულობა“, ამბობს ფარმაცევტული გიგანტის, Johnson & Johnson-ის სამეცნიერო ხელმძღვანელი პოლ სტოფელსი.

ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მსოფლიო არ უნდა მოელოდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო მასშტაბით გამოყენებას 2021 წლის დასაწყისამდე, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებსა და ფარმაცევტულ ინდუსტრიას შორის უპრეცედენტო თანამშრომლობის მომსწრენი ვართ.

რამდენიმე გზა

ამჟამად მსოფლიოში რამდენიმე ათეული კომპანია აცხადებს, რომ მუშაობს COVID-19-ის ერთ ან მეტ პოტენციურ ვაქცინაზე.

მაგრამ თვით ყველაზე წინ წაწეული პროექტებიც კი საწყის ეტაპზე იმყოფება.

ისტორიულად ვაქცინის შექმნას 10-15 წელი სჭირდება. ვირუსოლოგები შეგვახსენებენ, რომ ჯერაც არ არსებობს ლიცენზირებული ვაქცინა HIV-ისთვის, გასული საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს აღმოჩენილი რეტროვირუსისთვის, რომელიც შიდსით დაავადებას იწვევს.

მაგრამ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ისეთი კორონავირუსების გავრცელებამ, როგორებიცაა ებოლა, SARS-ი, MERS-ი და ზიკა, ხელი შეუწყო ანტივირუსული ვაქცინების განვითარებას.

COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობის პროცესში ჯერჯერობით არ არის ნათელი, რომელი მათგანი იქნება უფრო იმუნური და რომელი პროექტი იქნება უფრო წარმატებული.

ვაქცინების უმრავლესობა იყენებს მკვდარ ან რაიმე სხვა გზით დეაქტივირებულ ვირუსს. სამიზნე ვირუსის გენეტიკური მასალა შეჰყავთ უვნებელ ვაქცინაში, რათა ამით ორგანიზმს ანტისხეულების გამომუშავებისკენ უბიძგოს.

მეორე გზაა უკვე არსებული ვაქცინების გამოყენება ახალი მიზნით, რათა თუნდაც მოკლე დროით შემცირდეს ინფიცირების შანსები. მაგრამ ჯერჯერობით არ მოიპოვება იმის საკმარისი საბუთები, რომ რომელიმე უკვე არსებულ ვაქცინას უნარი შესწევდეს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის მოგერიებისა.

სამეცნიერო კონკურენცია

მიუხედავად ამისა, ბევრ მეცნიერს აქვს COVID-19-თან ბრძოლაში წარმატების იმედი ახალი ტიპის ვაქცინით, რომელიც mRNA-ის სახელითაა ცნობილი. მასში ვირუსის გენეტიკური მასალის ნაწილი გამოიყენება, რაც იმუნური სისტემის რეაგირებას იწვევს.

ჯერჯერობით არაა ნებადართული ამ ტიპის არცერთი ვაქცინის გამოყენება ადამიანებზე.

„ფუნდამენტური მეცნიერება მაშინაა წარმატებული, როცა ის კონკურენტუნარიანია“, ახლახან განაცხადა ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური პარტნიორობის ორგანიზაციის, GAVI-ის ხელმძღვანელმა სეთ ბერკლიმ.

აშშ-ის მედიკოსი ვაშინგტონში საცდელ პირს სატესტო ინექციას უკეთებს COVID-19-ის ვაქცინის გამოცდის პირველ ფაზაში.
აშშ-ის მედიკოსი ვაშინგტონში საცდელ პირს სატესტო ინექციას უკეთებს COVID-19-ის ვაქცინის გამოცდის პირველ ფაზაში.

ბერკლის თქმით, ამჟამად „წინ მიიწევს“ მუშაობა 140-150 ვაქცინაზე.

„ეს შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია 150 ვაქცინის მიღება კლინიკური გამოცდისა და წარმოებისთვის. ასე რომ, აუცილებელია მათი რიცხვის შემცირება, რაც უნდა მოხდეს შესაბამისი სამეცნიერო მონაცემების, ცხოველთა შესაბამისი მოდელების, სამიზნე პროდუქტის პროფილის საფუძველზე“.

ადამიანებზე გამოცდა

ცხოველებზე ე.წ. პრეკლინიკური გამოცდა ორ კვირაში დაიწყო მას მერე, რაც იანვარში გამოქვეყნდა SARS-CoV-2-ის გენომი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვაქცინოლოგმა სარა გიბერტმა გასულ კვირაში ბევრი განაცვიფრა. გიბერტის თქმით, მისი გუნდი იმედოვნებს, რომ თვის ბოლომდე დაიწყებს ადამიანებზე კლინიკურ გამოცდას. ძალიან მცირერიცხოვან ჯანსაღ ადამიანებს დააკვირდებიან, ექნება თუ არა მათზე ვაქცინას სახიფათო თანმდევი ეფექტები. მსგავსი ტესტები მცირერიცხოვან ჯგუფებზე უკვე მიმდინარეობს აშშ-ში, გერმანიასა და ჩინეთში.

კლინიკური გამოცდების მონიტორის, CenterWatch-ის თანახმად, ექსპერიმენტული მედიკამენტების დაახლოებით ერთი მესამედი ვერ აბარებს ამ ე.წ. პირველი ფაზის გამოცდას.

კიდევ ერთი მესამედი ეთიშება თამაშს მეორე ფაზაში, რომელიც რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს და ასეულობით პაციენტს მოიცავს.

მას შემდეგ, რაც ვაქცინა მესამე ფაზამდე მიაღწევს, ის შეიძლება გაუკეთდეს ათასობით პაციენტს. მაგრამ ასეთი კვლევა ხშირად წლობით გრძელდება ხოლმე.

აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა მთავარმა ექსპერტმა, ენტონი ფაუჩიმ მარტში განაცხადა, რომ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის პირველი ფაზა „სარეკორდო სიჩქარით“ დაიწყო და რომ COVID-19-ის ვაქცინის შექმნა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაუდებელი ამოცანაა“.

მაგრამ ფაუჩი კვლავაც ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს საუკეთესო სცენარზე ლაპარაკისას და ამბობს, რომ ეს არ მოხდება „უახლოეს მომავალში“.

„უნდა დარწმუნდეთ, რომ მოგეპოვებათ ისეთი რამ, რაც არის უსაფრთხო და რაც მოქმედებს“, განუცხადა ფაუჩიმ Journal Of The American Medical Association-ს ორ თვეში მას მერე, რაც ვაქცინების რბოლა დაიწყო SARS-CoV-2-ის გენომის გამოქვეყნების შემდეგ.

„ერთი წლიდან წელიწად-ნახევრამდე იქნება საჭირო იმის დასადგენად, საერთოდ მუშაობს თუ არა [ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა]“, დასძინა მან.

დოქტორი ენტონი ფაუჩი, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი.
დოქტორი ენტონი ფაუჩი, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა „მეცნიერთა, ექიმების, სპონსორებისა და მეწარმეების“ ჯგუფი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც გამალებით ეძებენ COVID-19-ის ვაქცინას.

ისინი რეგულარულად იკრიბებიან, რათა ხელი შეუწყონ „თანამშრომლობისა და უკვე არსებული მონაცემების გაზიარების უპრეცედენტო მცდელობებს მთელ მსოფლიოში“.

გაზიარების დრო

ბევრი ფარმაცევტული კომპანია და მკვლევარი იმედოვნებს, რომ მარეგულირებელი ორგანოები კვლავაც დაჩქარებული წესით გაატარებენ განაცხადების დამტკიცებასთან დაკავშირებულ პროცედურას.

„მარეგულირებლები არაჩვეულებრივად თანამშრომლობენ ჩვენთან“, თქვა სტოფელსმა, რომლის კომპანია ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა HIV-ისა და ებოლის, უკანასკნელ ხანებში კი ზიკის ვაქცინის შექმნაზე.

სტოფელსის თქმით, წამყვანი ორგანოების, მაგალითად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის მაკონტროლებელ უწყებასა (FDA) და მის ევროპელ კოლეგებს შორის „ღრმა ურთიერთქმედებამ“ სამი თვით შეამოკლა ვაქცინის განვითარების პროგრამა.

„ახლა იმის დრო არ გვაქვს, რომ ერთმანეთს არ გავუზიაროთ“, ამბობს სტოფელსი. „თუკი ჩვენ რამეს გავიგებთ, არავინ არ უნდა გაიმეოროს ეს ექსპერიმენტი, თუ ის წარუმატებელი იქნება“.

XS
SM
MD
LG