Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილი ძილში - ამოუცნობი ნარკოტიკი


29 წლის ნიკა თბილისის ღამის კლუბებს ხშირად სტუმრობს. მოიხმარს ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებსაც. თუმცა, უკვე რამდენიმე კვირაა, კლუბური ნარკოტიკის მიღებაზე უარი თქვა. მისი თქმით, ამის მიზეზი ის გაურკვეველი ნივთიერებაა, რომელმაც, სავარაუდოდ, რამდენიმე ახალგაზრდის სიკვდილი გამოიწვია:

„სიმართლე გითხრათ, ეს შიში ყოველთვის იყო, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან არ მოწმდება, თუ რა ტიპის საშუალებები შემოდის თბილისის ღამის კლუბებში. ამიტომ არ ხარ დაზღვეული. ეს შიში კი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ამ მოკლე ხანში რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა. ამბობენ, რომ კლუბებში მიღებული გაურკვეველი ნივთიერების შემდეგ ისინი ძილში გარდაიცვალნენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ნივთიერება იყო „მეფედრონი“, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ დადასტურდა, რადგან „მეფედრონს“ არ ახასიათებს ის სიმპტომები, რომელიც ძილში სიკვდილს იწვევს. ამიტომ მეც და ჩემმა მეგობრებმაც ამ ეტაპზე უარი ვთქვით ყოველგვარი კლუბური ნარკოტიკების გამოყენებაზე. რისკი მართლა დიდია, მით უმეტეს, გაზაფხული მუსიკალური ფესტივალების პერიოდია და თუ დროულად არ დადგინდა, რა საშუალებასთან გვაქვს საქმე, შესაძლოა, მსხვერპლი კიდევ გაიზარდოს“.

ექსპერტიზა, რომელიც დროს საჭიროებს

შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის...
"თეთრი ხმაური"

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა, სავარაუდოდ, კლუბში მიღებული გაურკვეველი ნივთიერების შედეგად. ექიმ-ნარკოლოგების განცხადებით, გარდაცვალების კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია. ისინი ძილში იღუპებიან. უკანასკნელი ინფორმაცია ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილის შესახებ 5 მაისს გავრცელდა. 28 აპრილს დაიღუპა 21 წლის გოგო. ამჟამად სწორედ მისი და კიდევ ერთი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზს იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო. თათია მელაშვილი, ბიუროს ადმინისტრაციის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ექსპერტიზა ჯერ დასრულებული არ არის, და განმარტავს, რომ მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც დიდ დროს საჭიროებს და, როგორც წესი, 30 სამუშაო დღე გრძელდება:

„ექსპერტიზაში ჩართულია რამდენიმე დეპარტამენტი, ტარდება დეტალური კვლევა. შესაბამისად, ვიდრე ყველა დეპარტამენტი არ დაასრულებს მუშაობას, დასკვნა არ გაიცემა. ამის შემდეგ დასკვნა გადაეცემა გამოძიებას და თუკი გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, მას საჯაროდ გაავრცელებს. რაც შეეხება ბოლო პერიოდში გარდაცვლილებს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ დაიღუპნენ, სანამ ექსპერტიზა არ დასრულდება, წინასწარ ვერ ვიტყვით, რამდენი მათგანი დაიღუპა სწორედ ნარკოტიკის მიღების შედეგად“.

უცნობი ნივთიერება, „ლეღვის ფოთლის“ ეფექტი

ქვეყანაში გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკული საშუალების გამოჩენის თაობაზე განცხადება „თეთრმა ხმაურმა“ 5 მაისს გაავრცელა. განცხადების თანახმად, ქვეყანაში საგანგებო ვითარებაა, სახელმწიფო კი დუმს და თავს არიდებს პასუხისმგებლობას:

ჩვენ რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ რუსულ ფორუმებს, ვაკვირდებით მომხმარებელთა შეფასებებს. ისინი, დაახლოებით, იმ კლინიკასა და გამოცდილებას აღწერენ, რაც ჩვენს შემთხვევაშია, და ამბობენ, რომ ამ საშუალებას ყიდულობენ „მეფედრონის“ სახელით...
ზურაბ სიხარულიძე

„შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის... მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე. წ, "მეფედრონია" ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით“.

იმაზე, რომ ნივთიერება, რომლითაც, სავარაუდოდ, ახალგაზრდები გარდაიცვალნენ, სრულიად უცნობია როგორც მომხმარებლების, ისე ექიმ-ნარკოლოგებისთვის, რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს ექიმ-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. მისი სიტყვებით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ძალიან ჰგავს ე. წ. სინთეზურ ფენტალინს, რომელიც დღესდღეობით ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში. როგორც ის ამბობს, აშშ-ში ამ საშუალებით 2017 წელს 60 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიაა ესტონეთშიც. პირველ ადგილს კი, ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თვალსაზრისით, რუსეთი იკავებს:

„ჩვენ რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ რუსულ ფორუმებს, ვაკვირდებით მომხმარებელთა შეფასებებს. ისინი, დაახლოებით, იმ კლინიკასა და გამოცდილებას აღწერენ, რაც ჩვენს შემთხვევაშია, და ამბობენ, რომ ამ საშუალებას ყიდულობენ „მეფედრონის“ სახელით. საბოლოოდ კი ირკვევა, რომ ის არა „მეფედრონი“, არამედ, სავარაუდოდ, ე. წ. „თეთრი ჩინელია“, უმძიმესი ნარკოტიკული საშუალება, სინთეზური ოპიატი, რომელიც, დაახლოებით, 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფი და 20-ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე ჰეროინი“.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, ამ ნარკოტიკს ახასიათებს გახანგრძლივებული მოქმედება, ანუ ლეტალური შედეგი, შესაძლოა, 24 საათის შემდეგაც კი დადგეს:

პირველ რიგში, აუცილებელია შს სამინისტრომ მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალისტებს, ჯანდაცვის სამინისტროს, რათა გავიგოთ, თუ რა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებია შემოსული შავ ბაზარზე...
ზურაბ სიხარულიძე

„სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ვარაუდების მეტი არაფერი შეგვიძლია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მოწამვლის კონტროლის ცენტრი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ექსპრესდიაგნოსტიკა, ანუ ე.წ. ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიები, სადაც მოხდება ბიოლოგიური სითხეების შემოწმება ყველა არსებულ ნივთიერებაზე. ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის პასუხებიც კი, რომლებიც ძალიან გვიან იქნება - დაახლოებით, 45 დღეში, რაც ძალიან ცუდია, რადგან ამასობაში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება დავკარგოთ. არ ვართ დარწმუნებულები, რომ ეს კასკადი გაჩერდება, რადგან ჩვენ გვაქვს ახლა ე. წ. „ლეღვის ფოთლის“ ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ხალხს აფრთხილებენ, რომ ლეღვის ფოთლის ნახარშით არ უნდა მიიღო რუჯი, ისინი ამას მაინც აკეთებენ“.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, აუცილებელია, რომ ასეთ ვითარებაში სპეციალისტები და სამართალდამცავები კოორდინირებულად მუშაობდნენ:

„პირველ რიგში, აუცილებელია შს სამინისტრომ მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალისტებს, ჯანდაცვის სამინისტროს, რათა გავიგოთ, თუ რა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებია შემოსული შავ ბაზარზე. ჩვენ - სპეციალისტებს, ტოქსიკოლოგებს, სასწრაფოს ექიმებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს - არანაირი კავშირი არ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია ამ ვითარებაში“.

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ვერანაირი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვერანაირი ჯანდაცვის სამინიტრო, ათ-ათჯერ გამრავლებული, ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას, თუკი არ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა და არ იქნება სწორი გაცნობიერება იმისა, რომ არ არსებობს ე. წ. საკლუბო და რეკრეაციული გასართობი ნარკოტიკები...
დავით სერგეენკო

ზურაბ სიხარულიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სხვადასხვა ლაბორატორიულ კვლევას (მათ შორის - ქალაქის საკანალიზაციო წყლების) სისტემურად, იმისათვის რომ პროფესიონალებს ჰქონდეთ ინფორმაცია ნარკობაზარზე არსებული ნივთიერებების შესახებ.

არაფერი კონკრეტული - სახელმწიფო ელოდება ექსპერტიზის პასუხებს

ოფიციალური განცხადება ბოლო დროს, სავარაუდოდ, ე. წ. კლუბური ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდების თაობაზე არ გაუვრცელებია ჯანდაცვის სამინისტროს. ჟურნალისტების კითხვას მხოლოდ რამდენიმე სიტყვით უპასუხა 7 მაისს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და თქვა, რომ, პირველ რიგში, ექსპერტიზის პასუხები უნდა გახდეს ცნობილი. რაც შეეხება ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებების მუშაობის ეფექტურობას, დავით სერგეენკო ამბობს, რომ, მაგალითად, თუკი შს სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დინამიკას შევხედავთ, კერძოდ, მათ მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, და, შესაბამისად, პასუხისგებაში მიცემული ე. წ. გამსაღებლების რაოდენობას, ეს აქტივობა ვერანაირად ვერ ჩაითვლება არაეფექტურად:

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ვერანაირი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვერანაირი ჯანდაცვის სამინიტრო, ათ-ათჯერ გამრავლებული, ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას, თუკი არ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა და არ იქნება სწორი გაცნობიერება იმისა, რომ არ არსებობს ე. წ. საკლუბო და რეკრეაციული გასართობი ნარკოტიკები. მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა“.

სხვათა შორის, ჯანდაცვის მინისტრის მიერ ნახსენები დინამიკა და მუშაობის შედეგები ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მაისსაც წარმოადგინა და დასძინა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებენ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით“. სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება. შს სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში არაფერი თქმულა, სავარაუდოდ, გაურკვეველი ნივთიერებით დაღუპული ახალგაზრდების საქმეებთან დაკავშირებით.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გადადებული კანონპროექტი

რაც შეეხება საკანონმდებლო პაკეტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე, რომელიც ასევე 7 მაისს წამყვან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა განხილულიყო, პროექტის განხილვა სულ მცირე ერთი თვით გადაიდო. ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დასვა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა. გია ვოლსკის შეფასებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა და კანონპროექტის ამ ფონზე განხილვა მიზანშეწონილი არ არის:

ამ პრობლემასთან საბრძოლველად ბევრად კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რომ სადამსჯელო ღონისძიებებიდან აქცენტი გადავიტანოთ პრევენციაზე. მათ შორის კანონის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ შევქმნათ უფრო ეფექტური ბაზა პრევენციული სამედიცინო ინსტრუმენტებისთვის...
გურამ იმნაძე

“ვატყობთ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს რადიკალიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თითქოს ბოლო დროს დამდგარი ფატალური შედეგი კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლისგან ძალიან შორს არის“.

კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ, რომლის ავტორიცაა საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, პარლამენტში გასული წლის ზაფხულში შევიდა. კანონპროექტის ავტორთა თქმით, მოქმედი კანონმდებლობა მეტწილად სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას ეყრდნობა, ნაცვლად პრევენციული, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს ხელისუფლება ვერ ხვდება რეფორმის საჭიროებას და ასეთი ტრაგიკული შემთხვევებიც კი არ არის საკმარისი სწორი დასკვნების გამოსატანად:

„ამ პრობლემასთან საბრძოლველად ბევრად კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რომ სადამსჯელო ღონისძიებებიდან აქცენტი გადავიტანოთ პრევენციაზე. მათ შორის კანონის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ შევქმნათ უფრო ეფექტური ბაზა პრევენციული სამედიცინო ინსტრუმენტებისთვის. როდესაც ადამიანს ვეუბნებით, რომ ის არის კრიმინალი და ნარკოტიკის მოხმარების გამო ის უნდა დაისაჯოს, ეს ადამიანები არასდროს გამოჩნდებიან, არასდროს მიაწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას, დაიმალებიან, საჭიროების დროს არ მიაკითხავენ კლინიკებს და ვერასდროს გავიგებთ, თუ რა ტიპის საშუალებებია შემოსული შავ ბაზარზე“.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ქვეყანაში არსებობს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს სრულფასოვანი და დაბალანსებული სტრატეგიის, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მორგებული ნარკოპოლიტიკის შექმნას. საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთი უკანასკნელი შეხვედრა საბჭომ მიმდინარე წლის 22 იანვარს გამართა. საბჭოს სხდომები ძირითადად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. განიხილა თუ არა საბჭომ ქვეყანაში გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკული საშუალებების შემოსვლის საკითხი, რადიო თავისუფლებამ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოიძია.

XS
SM
MD
LG