7 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ დავით სუბელიანი, "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი და გურამ იმნაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი. სწორედ "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა ორიოდე დღის წინ მიმართვა, რომელშიც ეწერა: "რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ 2 ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე". "დილის საუბრების" სტუმრებმა ისაუბრეს ბოლო ხანს ახალგაზრდების გარდაცვალების შემთხვევებზე, რაც ჯერჯერობით დაუდგენელი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებამ გამოიწვია. გურამ იმნაძემ აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი "არანაირ ეტაპზე აღარ არის". იურისტის შეფასებით, პარლამენტის პასიურობა მოწმობს, რომ პოლიტიკოსები ვერ ხვდებიან რეფორმის საჭიროებას ისეთი ტრაგიკული შემთხვევების ფონზეც კი, რისი მოწმეც ბოლო ხანს გახდა საზოგადოება. დავით სუბელიანი თვლის, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მთავარი მოწინააღმდეგე ძალოვანი უწყებებია, რადგან არსებულ ბერკეტებს თავისი ინტერესებისთვის იყენებს.