Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი მატჩი თურქულ გერმანიაში - ვინ წაიღო ათათურქის დროშა? - დღე მესამე


არმაზ ახვლედიანის დღიურები ევროპის ჩემპიონატიდან. 18 ივნისი, 2024.
არმაზ ახვლედიანის დღიურები ევროპის ჩემპიონატიდან. 18 ივნისი, 2024.

მაღვიძარას ვთხოვე გავეღვიძებინე. საუზმე ათის ნახევრამდეა, მერე სულ რომ სახე დაიკაწრო, ერთი ცალი ვაშლის მეტს არაფერს მოგცემენ. თან, თამაშის დღეა, კაცმა არ იცის, ეს დღე რას მოიტანს, იმედი კი ყველას გვაქვს, შემართება არავის აკლია.

სადგურზე უკვე იგრძნობოდა დაძაბულობა, იყო ქართული და თურქული დროშები, იყო ქართული და თურქული შეძახილებიც. ორივე მხარე ცდილობდა, მეორის ხმა გადაეფარა, დილიდანვე დაიწყო ეგოს დატოლება და ხმის იოგის შემზადება.

გეგმის მიხედვით ჩავედით დორტმუნდში, ამჯერად უფასოდ, გულზე დაკიდებული აკრედიტაცია გშველის. ეს არის შენი საშვი მთელ გერმანიაში. სხვადასხვა ადგილიდან ვესტპარკისკენ ავიღეთ გეზი, აქ არის ქართველი ქომაგის ბანაკი. ისედაც მწვანე ქალაქია, ისედაც ვერ გაძღება კაცი სუფთა ჰაერით და ეს პარკები კიდევ ცალკე სასწაულია.

როგორც კი მივუახლოვდით, ქართული სიმღერაც შემოგვესმა, იყო უფასო ლუდი, ჰოთდოგები და ბურგერები. იყო ასევე მოსაწევის სუნი და მხიარული ქართველობა. ბევრი ისეთი ადამიანიც შემომხვდა, წლების გამავლობაში რომ არ მყავდა ნანახი. შეგვყარა ამ დღემ ყველანი ერთად.

ოჯახებით იყვნენ, ბავშვებიც იყვნენ, ქალებიც იყვნენ, ყველა კარგად და პოზიტიურად დაიმუხტა მატჩისთვის და სადღაც სამი საათისკენ მსვლელობაც დაიწყო, ზუსტად მაშინ, როცა გაწვიმდა. თუმცა, წვიმას არ შევუშინებივარ, რადგან, როგორც წესი, სწრაფად გადაივლის ხოლმე, მაგრამ ამ დღეს რაღაც სხვა ყოფილა ზემოთ დაგეგმილი.

ოთხ საათზე უკვე სტადიონზე შევედი და, როგორც აღმოჩნდა, სწორადაც მოვიქეცი, წვიმა ისე გაძლიერდა, ყველა გარეთ დარჩენილი ერთიანად გაილუმპა. „ზიგნალ იდუნა პარკზე“ ჯერ ერთი ჩანჩქერი გამოჩნდა, მერე მეორე, მერე კი მესამემაც წამოყო თავი. მომსახურე პერსონალი სწრაფად ცლიდა ბილიკებს წყლისგან. ცოტა შემეშინდა კიდეც, ხომ არ გადაიდება თამაში-მეთქი, მაგრამ გერმანელებმა გვაჩვენეს, რომ ორგანიზების მასტერები არიან და მიუხედავად ასეთი ძლიერი წვიმისა, მოედანს არაფერი განსაკუთრებული არ შეტყობია.

თამაშის დაწყებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე ჩანჩქერები გაქრა, წვიმა არ შეწყვეტილა, მაგრამ შესამჩნევად მოიკლო და მეც დავმშვიდდი.

ერთი პრობლემა გაქრა და მეორემ წამოყო თავი, ჩემს მოპირდაპირე ტრიბუნაზე ქართველი და თურქი ქომაგები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გაჭირდა გარჩევა, საერთოდ რა ხდებოდა, იყო ტრიბუნები, სადაც ერთად ისხდნენ თურქები და ქართველები, ამიტომ, მცირე დაძაბულობას ველოდი კიდეც. მატჩის მერე ერთმა ფოტოგრაფმა მითხრა, ქართველებმა თურქებს ქვეყნის და ათათურქის დროშა წაართვეს და უთხრეს, ამას ჩვენ შევინახავთო - და ატყდა მერე ამბავი. რა ვიცი, ასეთი რამეების არ მჯერა ხოლმე. არ იქცევა ასე ადამიანი. ასეთი ზნედაცემულიც არავინ შემხვედრია ამ დღეებში.

სწორედ ამის გამოძახილი იყო ის, რომ თურქებმა ჩვენს ჰიმნს უსტვინეს. ჩვენი ფეხბურთელების გვარების გამოცხადებასაც სტვენით შეხვდნენ. საერთოდ არ გაგვაგონეს არაფერი. სტადიონზე გაცილებით მეტნი იყვნენ და მცირე ქართველობამ, როგორც ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა, თავი არ დაიჩაგრა.

მატჩის მერე ვილი სანიოლმაც გააკეთა ამაზე კომენტარი - შესანიშნავი ატმოსფერო იყო, მაგრამ თურქებს ჩვენი ჰიმნისთვის არ უნდა დაესტვინათ, (ჩვენიო თქვა, საქართველოსიო არ უთქვამს, ჩვენიო) ამან თურქეთი კარგად არ წარმოაჩინაო.

ატმოსფეროს ხაზი გაუსვა მატჩის შემდეგ თურქების მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამაც, გარდა ამისა, თქვა, რომ ფინალისდარი შეხვედრა იყო.

მე კი არ ვიცი რა ვთქვა ატმოსფეროზე, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ მინახავს. საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან ფაქტობრივად გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და შეუძლებელია ახლა იმის გადმოცემა, რაც მოედანზე ხდებოდა. ასეთი მატჩის მერე ფეხბურთელს უკვე ყველანაირ გარემოში შეუძლია თამაში, თურქმა ქომაგმა ქართველი ფეხბურთელები ცეცხლში გაატარა და საბოლოოდ რკინაც გამოიწრთო.

ორი ვარსკვლავიც იყო მოედანზე. ჩვენთან კვარა, იქით არდა. რეალის მოთამაშეს წაუვიდა თამაში და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მისი გოლი გადამწყვეტი იყო ამ შეხვედრაში. კვარა კი ცუდი იყო. ასეთი ცუდი შეხვედრა მისი შესრულებით მე არ მახსოვს და როცა შეცვლაზე მიდგა არჩევანი, ვილიმ ჩაკვეტაძე შეცვალა და არა კვარაცხელია, აქ უკვე ავტორიტეტმა და ვარსკვლავურმა სტატუსმა ითამაშა თავისი როლი, რაც მწვრთნელის სისუსტედ მიმაჩნია.

რამდენიმე დღით ადრე ვილიმ თქვა, რომ ხვიჩაზე არ მოქმედებს მის ირგვლივ ატეხილი ხმაური, რომელიც მამამისისა და მისი აგენტის განცხადებებს მოჰყვა. თქვა, რომ კონცენტრირებულია და კარგად გრძნობს თავს. როგორც ჩანს, მაინც იმოქმედა ამ ყველაფერმა. ბოლო ერთი წელია, კვარაცხელიას სიმშვიდე საერთოდ დაკარგული აქვს, სულ რაღაც გაურკვევლობაა მის თავს.

მე თუ მკითხავთ, კიდევ ბევრს უძლებს. ჩეხეთთან კი უკეთეს კვარას ვიხილავთ, ასე მგონია.

როგორც კი მატჩი მორჩა, ბევრისგან მოვისმინე - ქოჩორაშვილი მომავალი კაპიტანი იქნებაო. დიდებული შეხვედრა ჰქონდა, კიდევ ორი ასეთი მატჩი და გაცილებით უკეთეს გუნდში ტრანსფერი გარანტირებული ექნება. მოედნის იმ მონაკვეთში, სადაც თურქეთის ნაკრებს არდა გულერი და ჩალხანოღლუ ჰყავდა, მთავარი ვარსკვლავი ქოჩორაშვილი იყო. სულ მილიმეტრები დააკლდა ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გოლამდე, ეგ მილიმეტრები კი საბოლოო გადაწყვეტილებასაც შეცვლიდა, მატჩის საუკეთესო უკვე ის იქნებოდა და არა გულერი.

მეწყინა მარცხი, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე ასეთი თამაშით. ყველა შეხვედრას ვერ მივადევნე თვალყური ამ ჩემპიონატზე, მაგრამ ვინც კი შემხვდა სასტუმროს გზაზე, ყველამ მითხრა, რომ ეს საუკეთესო მატჩი იყო მიმდინარე ევროზე.

ამაყი ხარ ამ დროს. ამ გუნდს ქომაგი არასდროს მოაკლდება. ეს ის გუნდია, რომელსაც წლების განმავლობაში ველოდით და ახლა აქ არის, ჩვენ თვალწინ.

სლოვაკები შემხვდნენ სადგურთან, მთვრალები, კარგ ხასიათზე, სლოვაკეთმა ხომ მოგებით დაიწყო. კაშიას მხარდასაჭერად დაესწრნენ ამ შეხვედრას და ჯაბა კანკავაზეც მკითხეს, ნაკრებზე რატომ თქვა უარი, რამე პოლიტიკური მიზეზი ხომ არ იყოო?! არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე და არ დამიჯერეს. რაღაცას არ ამბობთ ქართველებიო.

სასტუმროს გზაზე თითქმის ყველა ვაგონიდან ქართული სიმღერა ისმოდა. ეს ჯერ პირველი მატჩი იყო, ჯერ გავხურდით, ყველაფერი წინ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG