16 ივნისს გავედი დილის ხუთ საათზე, 16 ივნისი კიდე ლეოპოლდ ბლუმის დღეა, მთელ მსოფლიოში ლიტერატურის მოყვარულები Blomsdays-ს აღნიშნავენ. თუ გზა არის გასავლელი, ამ დღეზე უკეთესს ვერ ინატრებს კაცი, და როცა დავფიქრდი, ამჯერად რა წიგნი გავიყოლო-მეთქი გზაში, ბევრი აღარ მიძებნია, ულისეს დავავლე ხელი.
მაგრამ, როცა დიდ გზაზე მიდიხარ, ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს, მათ შორის იმისიც, რომ დიდი და მოუხერხებელი წიგნი ჩანთაში არ ჩაიდო. ასეთი წიგნი თაროზე უნდა იდოს და მყუდრო გარემოში გადმოიღო. ფრენა არ უხდება ულისეს.
ამიტომ, ცენზურა კინოში გავაყოლე. ახალი ნაყიდი მქონდა, აღარ შევაწუხე თაროები. როგორც მახსოვს, გოგი გვახარიას ცრემლიანი სათვალე ფასბინდერით იწყება, ახალ წიგნშიც უეჭველად იქნებიან გერმანელები და იქნებ რაიმე ახალიც გავიგო ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაზე.
თბილისის აეროპორტს ეტყობოდა, რომ ევროზე ვართ, რაღაც შევძელით, რაღაცას მივაღწიეთ. მართალია, ბოლო დროს მომხდარი პოლიტიკური მოვლენების გამო ეს სიხარული და ხალისიც ნაკლებად შერჩა ხალხს, მაგრამ მოახლოვდება ნაკრების თამაში და სიხარულიც დაბრუნდება. ისე კი, აეროპორტში რამდენიმე ადგილზე მოვკარი თვალი ეროვნული ნაკრების დევიზს - მე ვარ საქართველო!
ქართველობაც დარაზმულია საქომაგოდ, საშუალო ასაკის ხალხს ერგო მთავარი მისია, ზოგს პატარები მიჰყავდა, ზოგს უკვე მოხუცები.
ერთი სასულიერო პირიც იყო. ყოფილი ფეხბურთელი, მასთან ნათამაშები მაქვს, ჩემი ასაკის არის და ჩემზე ნიჭიერიც იყო. მერე რა და როგორ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ახლა ანაფორა აცვია, ფეხბურთი კი, როგორც ჩანს, გულიდან ვერ ამოიგდო. მახსოვს, ბავშვობაში ჯაჯღანი უყვარდა და ცუდ სიტყვებსაც აყოლებდა უმისამართოდ.
აქციების დროს გალახული ხალხიც შემომხვდა. უცბად გამკრა აზრმა, რომ მეორე მხრიდანაც იქნებოდნენ, აეროპორტში თუ თვითმფრინავში, უეჭველად იქნებოდნენ. გაიგე ახლა, ვინ ტიტუშკაა და ვინ ნიღბიანი სპეცრაზმელი, ყველანი ერთი ფორმით ისხდნენ.
თბილისისგან განსხვავებით სტამბოლის აეროპორტს არაფერი ეტყობოდა იმისა, რომ მათი ნაკრები ევროზეა. თურქებისთვის ევროზე გასვლა დიდი ზეიმის საბაბი აღარ არის. ჩვენსავით გახარებაზე თუ მიდგა საქმე, მხოლოდ ჩემპიონობა გაახარებთ - უკვე ნამყოფები არიან მაღალ საფეხურზე, გაუღწევიათ ევრო-2008-ის ნახევარფინალში და ყოფილან მსოფლიოს მესამეადგილოსნებიც.
არადა, ჩვენთან ამბობდნენ, თურქებს არველაძეებმა ასწავლეს ფეხბურთის თამაშიო. ამას ამბობდნენ იმიტომ, რომ სწორედ ტყუპების ჩასვლის პერიოდს დაემთხვა თურქული ფეხბურთის აღმავლობა. ჩაყარეს დიდი ფული, ფეხბურთზე ხომ ისედაც გიჟდებიან, დიდმა ქალაქებმაც და ურბანულმა სუბკულტურამაც ხელი შეუწყო და თურქეთის ერთი-ორი კარგი თაობა უკვე ჩავლილია. ახლა კი ჩვენ იმის იმედი გვაქვს რომ აღარ ჰყავთ ისეთი გუნდი, როგორიც მსოფლიოს 2002, ან ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებზე.
კინო გიადვილებს ფრენას, თორემ სკამი დიდად მოსახერხებელი ვერ არის და საერთოდ არ მახსენდება, რომელიმე ტრანსპორტში მოსახერხებელ სკამზე ვმჯდარიყავი. კინო კი კარგი ჰქონდათ, თვეების მანძილზე გვერდს ვუვლიდი წლევანდელი კანის გამარჯვებულს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ მივეკარე, თვითმფრინავში კი სხვა გზა აღარ მქონია და როგორც იქნა, ვუყურე. ჩემი სიმპათიები მაინც კაურისმიაკის ფილმს დარჩა, ჰოდა, დამაფიქრა ამ ამბავმა იმაზე, რომ ხანდახან საუკეთესოები მარცხდებიან, უკეთესია, მაგრამ რატომღაც აგებს. ხელოვნებაში ეს შეჯიბრი ცოტა სასაცილოა, სპორტში კი ყველაფერს ნიშნავს.
ჩვენს მომავალ მეტოქეს, თურქეთს დაჰმართნია ასე, უკეთესი ყოფილა და დამარცხებულა. აი, მასპინძელ გერმანიას კი ძალიან იშვიათად თუ დაემართება რაიმე მსგავსი. პირიქით ხდება ხოლმე - შეიძლება უარესი იყოს მოედანზე, მაგრამ მაინც მოიგოს.
გახსნით შეხვედრაში კი ყველაფრით კარგი იყო, გერმანიამ 5:1 გაანადგურა შოტლანდია. ასე იციან, არ უყვართ გაჩერება. ბოლომდე მიდიან. არც ნელ-ნელა მომატება უყვართ, პირველივე შეხვედრაში გაჩვენებს, რაც არის და როგორც არის. არ არის გერმანიის ნაკრებში ცბიერების ადგილი - კი აბრალებენ რაღაც მსგავსს, 1954 წლის მუნდიალზე, ჯგუფურ ეტაპზე შეგნებულად წააგეს უნგრელებთანო, მაგრამ... არ მჯერა მე მაგის.
სანამ "დაცემის ანატომიას" ვუყურებდი, შევედით გერმანულ ღრუბლებში, დათოვლილს ჰგავს ზემოდან, შევიდა ხომალდი ამ სითეთრეში, ჩაიკარგა. მაინც როგორ დაფრინავს ამხელა მასა ჰაერში?! რას უჭირავს, რა ამოძრავებს?!
ჰამბურგში პირდაპირ ცენტრალური სადგურისკენ გავეშურე, გეზი ვუპერტალისკენ მაქვს, ასე თუ ისე, ახლოს არის ფელბერტთან, სადაც ეროვნულმა ნაკრებმა დაიდო ბინა. მომავალი მატჩების სტადიონებთანაც მარტივად უნდა მოხვდეს კაცი ვუპერტალიდან. პირველი მატჩი დორტმუნდში გაიმართება, მეორე ჰამბურგში, მესამე კი გელზენკირხენში. ქართველებს უთამაშიათ ამ მოედნებზე, თუმცა, მაგაზე ხვალ იყოს, მატჩის წინ.
სადგურში ორი რამ მომხვდა თვალში - Wolt-ის დევიზი, თითქოს ქართული „მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო“ ლივერპულულად გადააკეთეს - You will never eat alone! შენ არასოდეს შეჭამ მარტო! იდეალური დევიზია ამ საფეხბურთო აურზაურში.
მეორე სურათმა კი ძალიან შინაურულად მაგრძნობინა თავი, და არ ვიცი რატომ - საწყალი, გალიაში გამოკეტილი კატა იყო ფოტოზე აღბეჭდილი აღიარებითი ჩვენებით - I stole Bitcoin.
ვუპერტალისკენ გზაზე მატარებლის ფანჯრიდან ახალი არაფერი ჩანს. რაღაცით ჭიათურის გზას მაგონებს. სიმწვანისა და ძველი შენობების გამო. მატარებლიდან ასეთი ჩანდა და, რა ვიცი...
სანამ მე გზაში ვარ, ევროპის ჩემპიონატის მესამე დღე მიდის. გზად სამი პოლონელი შემხვდა, უკვე მაგრად მოწყვეტილი ალკოჰოლისგან, ვერ მღეროდნენ სასიამოვნოდ, ცდილობდნენ, მაგრამ უფრო შეაწუხეს ხალხი, ვიდრე გაართეს. ვერც თავად გაერთნენ მოგვიანებით, წაუგიათ თურმე თამაში.
ნიდერლანდელებს კი დიდი ზეიმი ჰქონდათ თამაშამდეც და თამაშის მერეც, უბრალოდ, მე ეგ ხალხი არ შემხვედრია, როგორც ჩანს, სულ სხვა გზით წავედი.
სანამ ვუპერტალამდე მივაღწევ, დანია - სლოვენიაც ჩაივლის, მერე კი ვეცდები, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს მაინც მივუსწრო. ინგლისი სერბეთს შეხვდება და ქომაგებიც დაიწყებენ ისევ ძალიან გულწრფელად და, ამავე დროს, საშინლად ირონიულად - It’s coming home, It’s coming home! Football’s coming home!
თუმცა, ბოლო დროს ბიტლებმა დაიბრუნა აქტუალობა.
ფორუმი