პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მიულოცა ნაკრებს და მისი წევრების ღირსების ორდენით დაჯილდოებამდე, სცენაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიწვია. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი წარდგენისას მხოლოდ სახელით და გვარით მოიხსენია.
"გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული. ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიჭების დაჯილდოება ღირსების ორდენებით", - თქვა კობახიძემ შეძახილების ფონზე და მიკროფონი მაშინვე გადასცა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ტაშით შეხვდნენ.
"სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, მიაღწიეს მიუღწეველს. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის", - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, რის შემდეგაც მან ნაკრების წევრებსა და სამწვრთნელო შტაბს ღირსების ორდენი გადასცა.
დაჯილდოების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისევ დაიბრუნა მიკროფონი, ისევ მიულოცა ნაკრებს და თქვა, რომ რამდენიმე წელიწადში ბიჭები ითამაშებენ ახალ, "სუპერთანამედროვე სტადიონზე". კობახიძის მეორე გამოსვლის დროს, აუდიტორიის მხრიდან კვლავ ნეგატიური შეძახილები ისმოდა.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. გულშემატკივრების ნაწილი ნაკრების წევრებს გზად სიმღერითა და შეძახილებით ეგებებოდა. ზოგიერთ მათგანს საქართველოს დროშები ეჭირა და ეროვნული ნაკრების მაისური ეცვა.
საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით ჩამოვიდა, თუმცა თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი მათ ვერ შეხვდა. ფეხბურთელები VIP, ე.წ. სამთავრობო, გამოსასვლელიდან ავტობუსით გაიყვანეს.
საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
ფორუმი