Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გულშემატკივრები აეროპორტში ფეხბურთელებს ვერ შეხვდნენ - რატომ?


საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები აეროპორტთან ადრიანი დილიდან შეიკრიბნენ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები აეროპორტთან ადრიანი დილიდან შეიკრიბნენ.

თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს ვერ შეხვდა. ფეხბურთელები VIP, ე.წ. სამთავრობო, გამოსასვლელიდან ავტობუსით გაიყვანეს.

საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები თბილისის აეროპორტში, 2 ივნისი, 2024 წელი
საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები თბილისის აეროპორტში, 2 ივნისი, 2024 წელი

აეროპორტში თვითმფრინავი დილით, დაახლოებით 10:00 საათზე დაჯდა, რამდენიმე საათით ადრე კი პოლიციამ ცოცხალი ძალითა და რკინის ჯებირებით შემოსაზღვრა მიმდებარე ტერიტორია.

„მადლობა! მადლობა!“ - ყვიროდა გულშემატკივარი, თუმცა ავტობუსმა ტერიტორია შეუჩერებლად დატოვა.

„კვარასთვის მინდოდა ეს ნახატი გადამეცა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აეროპორტთან ფეხბურთელებთან შესახვედრად მისულმა ბავშვმა, რომელსაც ხელში ეჭირა ნახატი ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით.

ფეხბურთის ფედერაციაში არ უპასუხეს რადიო თავისუფლების კითხვას, ვისი გადაწყვეტილება იყო, არ გაჩერებულიყო საფეხბურთო ნაკრების ავტობუსი აეროპორტთან მისულ ასობით გულშემატკივართან, რომელთა შორის ბევრი ბავშვი იყო. პრესსამსახურის განმარტების მიხედვით, აეროპორტი გულშემატკივრებთან შეხვედრის გარეშე ფეხბურთელებმა უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით დატოვეს.

საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები ნაკრების მოლოდინში. 2 ივნისი, 2024 წელი
საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები ნაკრების მოლოდინში. 2 ივნისი, 2024 წელი

ფედერაციაში ამბობენ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებთან შეხვედრას შეძლებენ დღეს, საღამოს 10 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე. ამ ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა.

სახელისუფლებო პარტია ღონისძიებაზე არ ეპატიჟება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც დღეს ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოება უნდა.

„ორგანიზატორებს არ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელმაც გამაერთიანებლის საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულა. პირიქით, თავისი ყველა ქმედებით ცდილობს, დაყოს, დაუპირისპიროს, მათ შორის - ახალგაზრდები... აქედან გამომდინარეობს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ დაეპატიჟებინა ამ ღონისძიებაზე“, - უთხრა მმართველი პარტიის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG