Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრები და სამწვრთნელო შტაბი ღირსების ორდენით დააჯილდოვა


"ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, მიაღწიეს მიუღწეველს", - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
"ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, მიაღწიეს მიუღწეველს", - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები და სამწვრთნელო შტაბი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა თავისუფლების მოედანზე, სადაც ფეხბურთელები იქ შეკრებილ გულშემატკივრებს შეხვდნენ. 

დაჯილდოებამდე სცენაზე პრემიერ-მინისტრი ავიდა და სალომე ზურაბიშვილი წარადგინა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი მხოლოდ სახელით და გვარით მოიხსენია.

"გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული. ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიჭების დაჯილდოება ღირსების ორდენებით", - თქვა კობახიძემ, რა დროსაც შეკრებილი აუდიტორიის მხრიდან ნეგატიური შეძახილები ისმოდა. მან მიკროფონი მაშინვე გადასცა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ტაშით შეხვდნენ.

"სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, მიაღწიეს მიუღწეველს. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის", - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ადგილზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. გულშემატკივრების ნაწილი ნაკრების წევრებს გზად სიმღერითა და შეძახილებით ეგებებოდა. ზოგიერთ მათგანს საქართველოს დროშები ეჭირა და ეროვნული ნაკრების მაისური ეცვა.

საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG