Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თქვენ მაგივრად მთავრობა გადაწყვეტს, სად დააბანდოს თქვენი პენსია - როგორ იცვლება მილიარდიანი ფონდის მართვა


საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის კუპიურები - ფოტოილუსტრაცია
საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის კუპიურები - ფოტოილუსტრაცია

მეხუთე წელია, რაც საქართველოს მოსახლეობა პენსიას სავალდებულო წესით აგროვებს. ამ ეტაპზე საპენსიო სქემაში 1,5 მილიონ ადამიანზე მეტია ჩართული, მათი აქტივების ჯამური ღირებულება 5 მილიარდ ლარს აჭარბებს.

„ქართული ოცნების“ ინიციატივითა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში.

ამ მასალაში ვხსნით, რა იცვლება მილიონზე მეტი ადამიანისთვის და რა ბედი ელის მათ მიერ დაგროვილ მილიარდებს.

მთავარი რა იცვლება?

მთავარი ალბათ მაინც ისაა, რომ საპენსიო დანაზოგების მფლობელებს უფლება აღარ ექნებათ საკუთარი თანხის მართვა კერძო კომპანიას მიანდონ.

„მაქსიმალურად კონსერვატიულები ვართ, როცა საპენსიო სქემის მართვას ეხება საქმე“, - თქვა ეკონიმიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცვლილებაზე საუბრისას და არგუმენტდ ის მოიყვანა, რომ სხვა ქვეყნებში მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილს გადააქვს დანაზოგები კერძო მმართველებთან, რაც საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით - სარისკოაო. თუმცა მინისტრს „უცხოელი ექსპერტების“ ვინაობა არ დაუსახელებია და არც სხვა ქვეყნების გამოცდილების დეტალებზე უსაუბრია.

სად შეიძლებოდა დაბანდება და მართლაც რისკიანი იყო?

საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომპანია მართავს კერძო აქტივებს. ეროვნული ბანკში ასეთი სულ რვა ორგანიზაციაა რეგისტრირებული და მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის თქმით, ექსპერტები კერძო კომპანიების მიერ აქტივების დაბანდებაში შესაძლო რისკებს ხედავენ, თავად კომპანიები კლიენტებს დანაზოგის განთავსებას მაღალ, საშუალო და დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელებში შესთავაზებდნენ.

ანუ ახლა ჩემ მაგივრად სახელმწიფო გადაწყვეტს, სად დააბანდოს ჩემი ფული?

ასე გამოდის, უფრო ზუსტად - საპენსიო ფონდი.

„ეს [საკუთარი თანხის განკარგვის] შესაძლებლობა [მათ] ფაქტობრივად ხელიდან გამოეცალათ. სამწუხაროდ, ეს ცვლილებები იქითკენ მიდის, რომ [ხელისუფლება] არანაირ თავისუფალ არჩევანს აღარ უტოვებს მოსახლეობას და მთელი ძალაუფლება საპენსიო ფონდის ხელში გადადის“, - ამბობს თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის [ISET] კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი თორნიკე სურგულაძე.

თორნიკე სურგულაძე
თორნიკე სურგულაძე

ცვლილებას აკრიტიკებს ოპოზიციაც, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ ახალ კანონს მავნებლური და კიდევ ერთი [„აგენტების“ და ე.წ. ოფშორების კანონებთან ერთად] „რუსული კანონი“ უწოდა.

„ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი და შეიძლებოდა, “ოცნებას” თავი მოეწონებინა ამით, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანაა, რაც ძალიან საშიში მიმართულებაა“, - თქვა ზურაბიშვილმა 3 ივნისს.

თორნიკე სურგულაძე ცალკეული მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის გარდა, ამ გადაწყვეტილების ეკონომიკურ ზიანზეც მიუთითებს: „შესაძლოა ინვესტიციებიც ჩადებულიყო ამ [კერძო] სფეროში, ჩამოსულიყვნენ აქტივების მმართველი უცხოური კომპანიები, რაც ხელს შეუწყობდა კაპიტალის ბაზრის განვითარებას“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

აბა, სად დააბანდებენ საპენსიო დანაზოგს?

ფინანსურ აქტივებში, მაგალითად, სახელმწიფო და კორპორაციულ ობლიგაციებსა და დეპოზიტებში, ფასიან ქაღალდებსა და კორპორაციულ აქციებში.

ცვლილებების შემდეგ ჩამონათვალს დაემატება სხვა აქტივებიც, რომლებშიც თანხის ინვესტირება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის მოცულობის 15%-ის ოდენობით იქნება შესაძლებელი.

„ეს სხვა აქტივები განმარტებული არ არის და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის დაზუსტება საჭირო და აუცილებელია. სხვა აქტივები შეიძლება იყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა… მსგავსი კანონი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს და გამჭვირვალე უნდა იყოს“, - ამბობს ISET-ის მკვლევარი.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, ამ თანხით შეიძლება თუ არა, მაგალითად, ისეთი პროექტი დაფინანსდეს, როგორიც ანაკლიის პორტია ან რომელიმე ჰესი, ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ დაშვებულია კერძო ბონდებსა და საინვესტიციო ფონდებში ინვესტირება, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად თანაინვესტირება.

„რაც შეეხება კონკრეტულ საინვესტიციო გადაწყვეტილებას, თუ სად დაბანდდება საპენსიო აქტივები, ასეთ გადაწყვეტილებებს…ექსკლუზიურად იღებს საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი საინვესტიციო ვერტიკალი“, - ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში.

დაბანდების ახალი სისტემა რისკებს სრულად გამორიცხავს?

არა, ეს ასე არ არის. იმისათვის, რომ საპენსიო დანაზოგს ინფლაციამ ღირებულება არ დაუკარგოს, მისი ინვესტირებაა საჭირო - ამონაგებმა ინფლაციის მაჩვენებელს უნდა გადააჭარბოს. ამიტომ ინვესტირების საკითხი საპენსიო სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

და მაინც, ვინ წყვეტს ჩემი ფინანსების დაბანდებას?

მმართველობითი საბჭო. საბჭოს კანდიდატთა შერჩევის წესსა და პროცედურას მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს.

საბჭოს წევრებს სპეციალურად შექმნილი კომისია აირჩევს. კომისიაში 7 წევრიდან 3 მინისტრი, 3 პარლამენტარი და 1 ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი წევრი იქნება.

მმართველობითი საბჭოს წევრობის შერჩეულ კანდიდატებს ისინი პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ დასამტკიცებლად. საბჭოში არა ნაკლებ 9 და არა უმეტეს 15 წევრი უნდა იყოს. 9 წევრის შემთხვევაში მთავრობა ერთი წევრის დანიშვნას შეძლებს, ხოლო 9 წევრზე მეტის არსებობის შემთხვევაში 2 წევრს დანიშნავს. არადა, აქამდე საინვესტიციო საბჭოს წევრებს პარლამენტი ამტკიცებდა.

რომ შეადაროთ, აქამდე რა სისტემა მუშაობდა.

საპენსიო სააგენტოს ორი საბჭო ჰყავდა.

ერთი - პარლამენტის მიერ არჩეული, უცხოელი წევრებით დაკომპლექტებული საბჭო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე აგებდა პასუხს,

მეორე - სამეთვალყურეო საბჭო საპენსიო სააგენტოს საქმიანობას ზედამხედველობდა.

„ე.წ. რუსული კანონის მიღების პროცესმა გადაფარა სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათ შორის - საპენსიო რეფორმა. ვთვლი, რომ უკან გადადგმულ ნაბიჯს ჰგავს, განსაკუთრებით საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში… ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია პრემიერის ხელში, როცა საქმე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. ეს რისკებს ზრდის მიკერძოებული, არაკომპეტენტური და კორუფციული გადაწყვეტილებებისა“, - ამბობს თორნიკე სურგულაძე.

კიდევ რა იცვლება?

საპენსიო ფონდში ეროვნული ბანკის უფლებები გაიზრდება. მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სებ-ს შეეძლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს ფონდის დირექტორატის წევრი [გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი].

ცვლილებების თავდაპირველი ვერსიით, საპენსიო სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯი იზრდებოდა. არსებული კანონით, საპენსიო სააგენტო იღებს მართვის საკომისიოს 0.5%-ის ოდენობით. პროექტში წერია, რომ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მართვის საკომისიო, თუმცა კანონით დადგინდება ზედა ზღვარი, რაც 0.75%-ია. პარლამენტის შენიშვნის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ ისევ 0.5% დატოვა.

და კიდევ ერთი, კანონით იცვლება საპენსიო სააგენტოს სახელი და მას საპენსიო ფონდი ერქმევა.

გამახსენეთ, როგორ გროვდება დანაზოგი და როდის შეიძლება პენსიის აღება?

საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2%+2%+2% პრინციპს ეფუძნება. დამსაქმებელი დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე რიცხავს მისი ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს. ამავე მოცულობის თანხა შეაქვს თავად დასაქმებულს, 2%-ს კი სახელმწიფო იხდის.

საქართველოში პენსია კაცებს 65, ქალებს კი - 60 წლის ასაკში ენიშნებათ. დაგროვებითი პენსიის მონაწილეებიც ამ ასაკიდან შეძლებენ თანხის მიღებას. ამ ეტაპზე საპენსიო ხარჯებს სრულად სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის. მაგალითად, წელს ბიუჯეტში პენსიაზე 3,9 მილიარდი ლარია გამოყოფილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG