ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ „ლამინირებული პირადობის მოწმობების“ გაუქმების მიუხედავად, პენსიისა და სხვა სოციალური შემწეობის აღებას ბენეფიციარები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ. ბრიფინგზე მინისტრმა თქვა, რომ „ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება“.
„ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას“, - განმარტა სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ „საკმაოდ მაღალია“ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც „ქაღალდის პირადობის მოწმობები“ ID ბარათებით არ შეუცვლიათ.
დღეიდან, 1 ივლისიდან, უქმდება უვადო ლამინირებული, ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა. მისი შეცვალა 15 მარტის შემდეგ უფასოდ შეიძლება იუსტიციის სახლებში.
2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობა ჰქონდა დაახლოებით 230 ათას მოქალაქეს. რამდენმა ადამიანმა შეცვალა იგი ID ბარათით, უცნობია - სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნეს, რომ ამ მონაცემის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.
ფორუმი