„ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად. ჯობდა, რომ არ გაეგზავნა... ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ე.წ. საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, თავის „ფოსტალიონად“ უცხო ქვეყანაში, ეს ჰგონია სწორად ან უძლეველობის წარმომსახველად...“ - თქვა გიორგი გახარიამ.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ბოლო პერიოდში ძალოვანი უწყებებიდან აშშ-ში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. უწყებაში ამბობენ, რომ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, რომელიც 12 ივნისს იყო, ლილუაშვილი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს მართავს ყოველწლიურად.
„ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი იყო უსაფრთხოების მიმართულებით“, - აცხადებენ პრესსამსახურში. მოგვიანებით კი უწყებაში დააზუსტეს, რომ ყოველწლიური შეხვედრა მაისის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი და ივნისის ბოლოსთვის გადაიწია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ უთქვამთ, ვისთან ერთად იყო ლილუაშვილი აშშ-ში.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ ტერორიზმთან და სხვა საფრთხეების დაძლევასთან დაკავშირებით.
„არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს!“ - უთხრა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში მოგზაურობის საკითხით მედია მას შემდეგ ინტერესდება, რაც ცნობილი გახდა, რომ „აგენტების კანონის“ მიღების გამო სანქცია დაუწესდა მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე.
ფორუმი