Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასაფლაოების დახურვა და ეპისკოპოსთა განსხვავებული მოწოდებები


ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან: სასაფლაო სოფელ კირბალში. 2018 წ.
ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან: სასაფლაო სოფელ კირბალში. 2018 წ.

„17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე", - განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე. გორელების აზრი სასაფლაოების დახურვასთან დაკავშირებით ორად იყოფა, თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ რთულ პერიოდში, მაშინ როცა ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ჯობია სახლში დარჩნენ და მიცვალებულები იქ გაიხსენონ.

თუმცა არიან გამონაკლისები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სასაფლაოზე გასვლა და მიცვალებულისთვის პატივის მიგება აუცილებელია.

ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი...
მიტროპოლიტი იობი

ბოლომდე ისიც არ არის გარკვეული როგორ ჩატარდება შიდა ქართლის ეკლესია მონასტრებში სააღდგომო წირვა-ლოცვა. განსხვავებულია ეპარქიების ხელმძღვანელთა მოსაზრებებიც. მაგალითად ცხინვალი ნიქოზის მიტროპოლიტი ისაი (ჭანტურია) ჟურნალისტებთან საუბარში მკაფიოდ ამბობს, რომ ხალხი ხელისუფლების გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს, მისი თქმით ნიქოზის ტაძარში კომენდანტის საათის დროს ღვთისმსახურება არ ჩატარდება და ეს დილით მოხდება.

„თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისაგან უარყოფას ქრისტესი, რაღაცნაირად ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ. მით უმეტეს, დღევანდელ დროში, როდესაც არის განსაცდელი, პანდემია ჰქვია ამას. რჩევები, რეგულაციები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა და შეასრულოს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ხუთშაბათის ქადაგებისას.

სრულიად განსხვავებულია რუის-ურბნისის მიტროპოლიტის იობის (აქიაშვილი) ქადაგება იობი ამბობს, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია:

მე ვფიქრობ, რომ მრევლი გაგებით ეკიდება დღევანდელ ვითარებას და ვისაც რაღაც საფრთხე გააჩნია, თუნდაც გაცივდეს ვნების შვიდეულის რომელიმე დღეს ან აღდგომის ღამეს, ის თავს შეიკავებს და სახლში დარჩება...
მიტროპოლიტი ანდრია

,,ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა"- თქვა მან.

ქადაგების დასაწყისში კი აღნიშნა, რომ მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა - ურწმუნო მთავრობის და ექიმების.

გორი-ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) კი მრევლს პირდაპირ ვერ ეუბნება , რომ სახლში დარჩეს, თუმცა აცხადებს, რომ ტაძრის ეზოში დგომით შესაძლოა ადამიანები გაცივდნენ. ამიტომ ის სუსტი ჯანმრთელობის მქონეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, ხოლო სხვებს სთავაზობს თავად გადაწყვიტონ როგორ მოიქცევიან.

„მე ვფიქრობ, რომ მრევლი გაგებით ეკიდება დღევანდელ ვითარებას და ვისაც რაღაც საფრთხე გააჩნია, თუნდაც გაცივდეს ვნების შვიდეულის რომელიმე დღეს ან აღდგომის ღამეს, ის თავს შეიკავებს და სახლში დარჩება. თავისთავად ეხება ეს მოხუცებსაც და ბავშვებსაც, დიახ მე ამას მოვუწოდებ. რადგან ცივა ტაძრის გარეთაც და გაითვალისწინონ გაციების შესაძლებლობა. ვინც თავს ჯანმრთელად და მხნედ გრძნობს, ის თავად გადაწყვეტს მოვა თუ არა“. ამბობს მიტროპოლიტი ანდრია.

XS
SM
MD
LG