Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქომ სააღდგომო ლიტურგიის გამართვის ფორმები გამოაცხადა


„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ, 06:00-ის შემდეგ დატოვოს ტაძარი. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, ამ რთულ ვითარებაში“, - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას გააცნო საპატრიარქოს პოზიცია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე.

ტაძრებში მრევლის განაწილების საკითხზე მღვდელი აღნიშნავს, რომ „დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც. მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში ტაძარში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა, მიეცემა საშუალება, რომ დილის წირვას დაესწროს. ამით გადანაწილდება მრევლი და უფრო იოლი იქნება ამ დისტანციის შენარჩუნება. მოკლედ, რომ ვთქვათ, მთელი შინაარსი ჩვენი მიმართვისა მდგომარეობს იმაში, რომ კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით, იმ უსაფრთხოების წესების დაცვით, იმ უსაფრთხოების წესების დაცვით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვესმის ჩვენ, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება, ვიზეიმოთ დღესასწაული“.

როგორც დეკანოზი განმარტავს, მრევლი შეძლებს სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში, თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სფეროს სხვა შეზღუდვები.

„შეეხება ეს ასაკობრივ ჯგუფს, ყველას, იმ ადამიანს, ვინც რისკჯგუფში შედის, იქნება ეს დაავადების მქონე, რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე ბავშვებს. ამ ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, როგორც მითითებული არის ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში, რომ ზედმიწევნით გაითვალისწინონ ეს. ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელი არის მათთვის, ვისაც სახლში ჰყავს რისკში შემავალი ადამიანი - ქრონიკული დაავადების თუ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე. მათ ყველამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დაავადება, რომელზეც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს საშიშროებას, შესაძლოა, მათთვის არა, მაგრამ მათი ახლობლებისთვის, რომლებიც სახლში არიან. ამიტომ, ყველგან უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სხვებისთვისაც, ჩვენი ახლობლების წინაშე“, - ამბობს ჯაღმაიძე.

დეკანოზისგან განსხვავებულად გამოაცხადება სააღდგომო ლიტურგიის საკითხი პრმეიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა. მან საპატრიარქოს პოზიციას შეთანხმება უწოდა და აღნიშნა, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, „დიდი ზომის ეკლესიებში - 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო, მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები".

14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა სასულიერო პირს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მღვდელმსახურებაში იყო ჩართული. მომეტებული საფრთხის გამო საქართველოში არაერთი შეზღუდვა მოქმედებს. მათ შორის აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება და დაიკეტა ოთხი ქალაქი - თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი.

XS
SM
MD
LG