სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია. მისდამი დაბალი ნდობის მაჩვენებელს კი სხვადასხვა მიზეზი და კომპონენტი განსაზღვრავს, მათ შორის: მმართველი პარტიის გავლენა, მიკერძოებული გარემო, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების კონტროლი, კორუფცია და სხვა. საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკითხვა, რომლის შედეგებიც 11 მაისს გამოქვეყნდა და რომელმაც სასამართლოს მიმართ ნდობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოავლინა სხვა დანარჩენ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული. ამ გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58 % ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, 51 % კი მიიჩნევს, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80 %-ის აზრით, სასამართლო სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში, ზეწოლის შედეგად, უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა არ არის ერთადერთი გამოკითხვა, რომელმაც გამოავლინა სასამართლო ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობის მაჩვენებელი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც 30 აპრილს გამოქვეყნდა, გამოკითხული საზოგადოების მხოლოდ 12 % აფასებს სასამართლოს საქმიანობას კარგად. ამგვარი დაბალი შეფასებით მას მხოლოდ საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი, ჩამორჩება.
სისტემური პრობლემების წარმოჩენა და სასამართლოში კლანური მმართველობის დაძლევის გზების ძიება დაედო საფუძვლად კამპანიას, სახელწოდებით „მინდა ვენდო სასამართლოს“. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ კამპანიის დაწყების თაობაზე 2018 წლის პირველ მარტს განაცხადა. კოალიციის წევრი 38 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ბოლო წლებში სასამართლოში გატარებულმა რეფორმებმა ვერ გამოიღო შედეგი და დღემდე მართლმსაჯულება ხორციელდება მიკერძოებული მოსამართლეების მიერ, რომელთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია ეჭვს იწვევს. კოალიციის ერთ-ერთი წევრი ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი გია გვილავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებსა და სასამართლოს მიმართ ამგვარი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზებზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ამ მიზეზებს შორის არის ე. წ. გახმაურებულ საქმეებზე დამდგარი შედეგები, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საქმე, „ბირჟა მაფიის“ საქმე, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უვადოდ დანიშნულიყო 44 მოსამართლე, მათ შორის, კოალიციის წევრების განცხადებით, ის მოსამართლეებიც, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში არსებობდა მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება წარსულში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო და სხვა.
ენდობით თუ არა სასამართლოს? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით მიმართა მოქალაქეებს.
კიდევ ერთი ყურადსაღები საკითხი იკვეთება საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 11 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში - „ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში 2018“. ამ ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მდგომარეობა გაუარესებულია. მიუხედავად მიმდინარე რეფორმებისა, ვკითხულობთ ანგარიშში, სასამართლო სისტემა საზოგადოებაში იწვევს უნდობლობას და განცდას, რომ ეს სისტემა პოლიტიზებულია. ამის მიზეზად ორგანიზაცია რამდენიმე ფაქტორსაც ასახელებს, მათ შორის:
- 2017 წლის მარტში გამოქვეყნდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად პოზიტიური ფორმალური ცვლილებებისა სასამართლო სისტემაში, ქართველი მაღალჩინოსნები არ გამოხატავენ პოლიტიკურ ნებას საიმისოდ, რომ სასამართლო სისტემა დეპოლიტიზებულ იქნეს და მან დამოუკიდებელი ფუნქციონირება განახორციელოს.
- უკანასკნელ წლებში მმართველმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, უმეტესწილად უარი თქვა ე. წ. სამართლიანობის აღდგენაზე, რომელიც გულისხმობდა კორუფციასა და კრიმინალურ ქმედებებში ეჭვმიტანილი ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნასა და დაკავებას, თუმცა ანგარიშის ავტორები წერენ, რომ კვლავაც მიმდინარეობს პროცესი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიმსახურა კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან „შერჩევითი სამართლისა“ და „პოლიტიკური ვენდეტის“ გამო ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით.
- 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში დააკავეს და უკანონოდ გადასცეს აზერბაიჯანს, რის გამოც საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საქართველოს მიმართ არაერთხელ გამოთქვეს კრიტიკული აზრი ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით.
- შესაძლოა, 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საქმე იყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გადაეცა მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დიდი ნაწილისგან აღქმული იქნა, როგორც მცდელობა გაეჩუმებინათ ქვეყანაში კრიტიკულად განწყობილი ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს.