Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის არჩევნები ირანში - კრემლის ფავორიტი, რადიკალი, ზომიერი, „რეფორმატორი“


28 ივნისს, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ექვსი შერჩეული კანდიდატიდან ორმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა - 26 ივნისს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ფოტოზე: საარჩევნო ბანერი თეირანში.
28 ივნისს, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ექვსი შერჩეული კანდიდატიდან ორმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა - 26 ივნისს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ფოტოზე: საარჩევნო ბანერი თეირანში.

28 ივნისს, ირანში მიმდინარე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, კენჭისყრის პროცესი ოთხი საათით გახანგრძლივდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ შედეგები შაბათს გამოცხადდება.

მოელიან, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გამარჯვებულს ვერ გამოავლენს და მეორე ტური ივლისში გაიმართება.

პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ გათავისუფლებული პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის. ქვეყნის პოლიტიკაში ხელშესახებ ცვლილებებს არავინ მოელის.

არჩევნების პროცესი მკაცრად კონტროლდება უზენაესი სასულიერო და პოლიტიკური ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ. კენჭისყრაში მონაწილეობაზე წინასწარვე უარი უთხრეს ათეულობით მსურველს.

ოთხ კანდიდატს შორის თავისი ფავორიტი ჰყავს რუსეთსაც - ირანის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს.

ირანში პრეზიდენტი რანგით მეორე თანამდებობის პირია და არ წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურს. მთელი ძალაუფლება და მართვის ბერკეტები - უზენაესი სასულიერო და პოლიტიკური ლიდერის ხელშია. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, მთავრობას ყოველდღიურად მაინც პრეზიდენტი მართავს და მას აქვს გარკვეული ბერკეტები როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზე.

80-დან 4 კანდიდატი დარჩა

მას შედეგ, რაც კენჭისყრაში მონაწილეობის 80 მსურველი ირანში მაქსიმალურად გაცხრილეს, ხოლო ორმა კენჭისყრა გადაიფიქრა, საბოლოოდ - საარჩევნო ბიულეტენში ოთხი კანდიდატი დარჩა.

• მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი
• მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი

მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი - 62 წლის, პარლამენტის სპიკერი, თეირანის ყოფილი მერი და "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის" (IRGC) ყოფილი მეთაურია - ტრადიციული კონსერვატორი.

საიიდ ჯალილი
საიიდ ჯალილი

საიიდ ჯალილი - 58 წლის, ბირთვულ მოლაპარაკებებში ირანის ყოფილი მთავარი წარმომადგენელი - რადიკალი კონსერვატორი.

როგორც იუწყებიან, ეს კანდიდატი ყველაზე რადიკალური კონსერვატორული იდეებით გამოირჩევა.

მასუდ ფეზეშქიანი
მასუდ ფეზეშქიანი

მასუდ ფეზეშქიანი - 69 წლის, პარლამენტის დეპუტატი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი - „რეფორმატორის“ იმიჯით.

ფეზეშქიანი ქვეყნის პოლიტიკური და სასულიერო მმართველობის ერთმანეთისგან გამიჯვნისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმით გამოდის. ქვეყნის ეკონომიკის მომავალს ის დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივას უკავშირებს, მათ შორის - აშშ-სთან კონფრონტაციის შემცირებით.

დასავლური სანქციების ფონზე ირანში ამჟამად მძიმე ეკონომიკური ვითარებაა - მოსახლეობის პრობლემა სწრაფად მზარდი ფასებია. ირანში ირღვევა ადამიანის უფლებები - ოპონენტებს სასტიკად უსწორდებიან, რაც ხალხში ხშირად მღელვარებას იწვევს.

მოსტაფა პურმოჰამადი
მოსტაფა პურმოჰამადი

მოსტაფა პურმოჰამადი - 64 წლის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი - შედარებით ზომიერი კონსერვატორი.

საარჩევნო პროცესები ირანში მკაცრად კონტროლდება.

საპრეზიდენტო კანდიდატებს ამტკიცებს გუშაგთა საბჭო, რომლის წევრებიც, პირდაპირ თუ ირიბად - დანიშნული არიან უზენაესი ლიდერის - აიათოლა ალი ხამენეის მიერ. უკვე 35 წელია რეალურ ძალაუფლებას სწორედ ის ფლობს.

არჩევნებში მონაწილეობის რვა ათეული მსურველიდან საბჭომ უარი უთხრა შედარებით ზომიერ თითქმის ყველა კანდიდატს. მათ შორის, ვინც უარი მიიღო, არიან: ირანის ყოფილი პრეზიდენტი - მაჰმუდ აჰმადინეჟადი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი - ალი ლარიჯანი, რომელიც ზომიერი პოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსად მიიჩნევა.

ექსპერტებისთვის ქვეყნის რეალური რეფორმირების იმედს არცერთი კანდიდატი არ აჩენს და მათ შორის არც - „რეფორმატორად“ წოდებული მასუდ ფეზეშქიანი. თუმცა "რეფორმატორს" გარკვეულ იმედებს მაინც უკავშირებს ხალხი, რომელსაც ცვლილებები სურს და, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ფეზეშქიანის კანდიდატურა გუშაგთა საბჭომ სიაში სწორედ არჩევნებზე ხალხის მოსაზიდად ჩასვა.

ლეგიტიმაცია, აქტივობა არჩევნებზე

კანდიდატების მაქსიმალურად გაცხრილვის მიუხედავად, ექსპერტების დაკვირვებით, გუშაგთა საბჭო მაინც იძულებული გახდა, არჩევნებისთვის ისეთი კანდიდატები დაეტოვებინა, რომლებიც იდეათა მრავალფეროვან სპექტრს წარმოადგენენ.

ეს იძულება კი, წინა არჩევნების [2021 წლის] გამოცდილებით იყო ნაკარნახები - როცა შედარებით ზომიერი კანდიდატების სრულად გაცხრილვის გამო, ხალხმა არჩევნებზე მისვლისგან მასობრივად შეიკავა თავი და ლამის საფრთხის წინაშე დადგა არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია. მაშინ ითქვა, რომ აქტივობა 49%-ზე ნაკლები იყო [თუმცა - ბევრად ნაკლებსაც ვარაუდობენ].

„ისლამური რესპუბლიკის დღეგრძელობა, ძალა, ღირსება და რეპუტაცია დამოკიდებულია ხალხის დასწრებაზე“, - უთხრა მედიას 28 ივნისს, 85 წლის ხამენეიმ, არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ.

ადგილობრივი მედია 28 ივნისის საარჩევნო პროცესის ოთხი საათით გახანგრძლივების მიზეზად ასახელებს რიგებს საარჩევნო უბნებთან - რაც მეთვალყურეებისთვის ნაკლებად სარწმუნოა.

ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საჭიროება გაჩნდა 19 მაისის შემდეგ, როდესაც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ხელისუფლების 7 წარმომადგენელი, მათ შორის - საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის კატასტროფას შეეწირნენ.

ყველაზე მაღალი შანსი და კრემლის მხარდაჭერა

როგორც ვარაუდობენ, გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფს აქვს და მისი მთავარი კონკურენტი - საიიდ ჯალილია. თუმცა სხვა ინფორმაციით, ფავორიტად ითვლება მასუდ ფეზეშქიანიც.

პირველსავე ტურში, დამაჯერებელ გამარჯვებას [სულ ცოტა - 50%] ოთხი კანდიდატიდან თავიდანვე არცერთს არ უწინასწარმეტყველებდნენ. წინასწარვე ყველა ლაპარაკობდა არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 5 ივლისს უნდა გაიმართოს.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ხმის უფლების მქონე 61 მილიონ მოქალაქეს ითვლიან.

არჩევნებში მონაწილე ოთხი კანდიდატიდან რუსეთს ყველაზე მეტად - მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის გაპრეზიდენტება სურს.

„რუსეთს სურს პროგნოზირებადი საგარეო-პოლიტიკური კურსის შენარჩუნება ირანში, რაც ღალიბაფის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანდიდატს მჭიდრო კავშირი აქვს "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან" (IRGC), რომლის წიაღშიც ძლიერი პრორუსული ლობია. ასევე ის დაკავშირებულია მოჯტანე ხამენეისთან, ალი ხამენეის შვილთან - რომელიც მამის მემკვიდრედ განიხილება ძალაუფლების უმაღლეს პოსტზე. მოსკოვის ინტერესშია ასეთი ადამიანის არჩევა მეორე უმაღლეს პოსტზე ირანში, რომელთანაც კრემლს კარგი ურთიერთობები აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ნიკოლაი მეშხედოვი, პოლიტოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე კატარის უნივერსიტეტიდან.

მისი თქმით, „ღალიბაფი ფრთხილი ადამიანია“, მის მიმართ სიმპათიებს არ მალავენ რუსეთში და ხშირად, სიახლოვისა და სიმპათიის ნიშნად, ზოგადად „ამხანაგ გლებოვსაც“ უწოდებენ.

რუსეთისთვის ყველაზე არასასურველ კანდიდატად „რეფორმატორი“ მასუდ ფეზეშქიანი მიიჩნევა. მოსკოვში არ მოსწონთ მისი შეფასებები, რომ ჩინეთსა თუ რუსეთზე ირანის დაყრდნობა არასწორია.

ირანთან რუსეთის მოკავშირეობა დიდწილად დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ გეგმებში მჟღავნდება. ეს კავშირი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა არაერთხელ დადასტურდა, რომ ირანი სამხედრო შეიარაღებას [უპირატესად - დრონებს] უგზავნიდა მოსკოვს და სამხედრო წარმოების გამართვაშიც ეხმარებოდა.

უკრაინასთან რუსეთის ომში და ისრაელთან ჰამასის ომში ირანის ჩართულობამ კიდევ უფრო მკაფიო წითელი ხაზები გაავლო საერთაშორისო თანამეგობრობასა და თეირანს შორის. ამას ემატება ბირთვული პროგრამის პრობლემები.

14 ივნისს G7-მა გააფრთხილა ირანი ურანის გამდიდრების მასშტაბების გაზრდის - ბირთვული პროგრამის გაფართოების თაობაზე და განაცხადა, რომ მზად იქნება ახალი ზომების მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთს მიაწვდის.

აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები არ ჩავიდნენ ირანში, ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, მთავრობის წევრებთან ერთად დაღუპული ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, მაისში.

ამ ფონზე, ოპონენტებისა და ექსპერტების მწვავე კრიტიკა მოჰყვა თეირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩასვლას. ირაკლი კობახიძე თეირანში საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად ჩავიდა.

თეირანის ჭირისუფლებს შორის იყვნენ ასევე დასავლეთის მიერ ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციების - ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერები.

ირანის მტკიცე მოკავშირე რუსეთმა დაკრძალვაზე დუმის სპიკერი - ვიაჩესლავ ვოლოდინი გაგზავნა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG