Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ელჩის თქმით, ის გააკვირვა ირანში დაკრძალვაზე საქართველოს პრემიერის და საგარეო მინისტრის დანახვამ


ჰადას მეიცადი, ისრაელის ელჩი საქართველოში
ჰადას მეიცადი, ისრაელის ელჩი საქართველოში

ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გასაკვირი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ხილვა თეირანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიაზე.

ისრაელის ელჩის თქმით, „ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში. როგორც "ჰამასის" მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე.”

ჰადას მეიცადი ამბობს, რომ გააკვირვა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. "ეს გასაკვირი იყო", - თქვა მან.

44 წელია, ირანი და ისრაელი ერთმანეთის სტრატეგიული მეტოქეები არიან. ისინი ჩაბმული არიან ახლო აღმოსავლეთში მრავალი წლის განმავლობაში გაწელილ და მრავალკომპონენტიან „პროქსი“ დაპირისპირებაში, იქნება ეს ლიბანის ომი თუ სირიისა და იემენის კონფლიქტები, რომლებშიც თეირანი და იერუსალიმი დაპირისპირებულ ძალებს უმაგრებენ ზურგს.

ებრაჰიმ რაისის მმართველობის პერიოდში, ირანმა გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთსა და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთსა და ისრაელთან.

მას შემდეგ, რაც 2024 წლის პირველ აპრილს ისრაელმა სირიაში ირანის საკონსულო დაბომბა, - რასაც შვიდი ადამიანის, მათ შორის ორი გენერლის სიცოცხლე ემსხვერპლა, - რაისი მხარს უჭერდა ისრაელზე საპასუხო თავდასხმას.

პასუხად ირანმა ასეულობით დრონითა და რაკეტით შეუტია ისრაელს, მაგრამ მოკავშირეების, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის, დახმარებით ქვეყანამ თავდასხმა მოიგერია.

რაისის პრეზიდენტობისას, 2023 წლის 7 ოქტომბერს მოხდა ჰამასის, - ირანის მხარდაჭერილი ჯგუფის, - ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე. თავდასხმას ისრაელი-ღაზის მორიგი ომი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ირანში პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაკრძალვის ცერემონიას არ დასწრებიან ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები.

სამგლოვიარო ცერემონიაზე იყვნენ რეგიონის ქვეყნების სხვა ლიდერები, მათ შორის:

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი,
  • აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი,
  • რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი,
  • ბელარუსის პრემიერი რომან გოლოვჩენკო.

თეირანში ჩავიდნენ ტაჯიკეთისა და ტუნისის პრეზიდენტები, ერაყის, პაკისტანისა და კატარის პრემიერ-მინისტრები. ასევე - აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეული ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერები.

საქართველოს მეტწილად დადებითი ურთიერთობები აქვს როგორც ირანთან, ასევე ისრაელთან.

იანვარში საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.

საქართველოს მთავრობამ დაგმო გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები.

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 2024 წლის 19 მაისს დაიღუპა, საგარეო საქმეთა მინისტრთან და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და კიდევ ექვსნი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად.

ვერტმფრენის მთელი ეკიპაჟი დაიღუპა.

ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG